როდესაც კარიერა ლოგინზე გადის - კვირის პალიტრა

როდესაც კარიერა ლოგინზე გადის

მოგწონთ ქალები, რომლებიც კარიერას კაცების საშუალებით იწყობენ? - მე არა. კი, გასაგებია, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რომ სხვისი განკითხვა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვამბობთ, რას ვეთანხმებით და რას - არა, ამიტომ რამდენიმე დღის წინ მოსმენილი ინფორმაციით ისეთი გაკვირვებული დავრჩი, რომ არ შემეძლო ერთი ბლოგი ამ თემისთვის არ მიმეძღვნა.

რამ გამაკვირვა? - იმან, რომ ერთ ისეთ ადამიანზე გავიგე თუ როგორ მიაღწია წარმატებას, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი...

რა გამოდის, სწავლა, მუშაობა, გამოცდილება საერთოდ არ არის საჭირო, მთავარია ხელმძღვანელისთვის მისაღები გარეგნობის სტანდარტებს აკმაყოფილებდე, მორალი როგორც ასეთი, არ გაწუხებდეს და... მოკლედ, მეტი არც არაფერია საჭირო მაღალშემოსავლიანი სამსახურისა და წარმატებული კარიერისთვის.

რა გრძნობა გეუფლება, როდესაც ქალზე, რომელთანაც მეგობრობდი და ახლო ურთიერთობა გქონდა ამას იგებ? - გაგიკვირდება, აბა, რა იქნება... რა დონეზე შეიძლება დაეშვას ადამიანი იმისათვის, რომ ცოტა მეტი შემოსავალი ჰქონდეს? როგორ შეუძლია ქალს აიტანოს კაცთან სექსუალური კავშირი იმისათვის, რომ დაწინაურდეს? ახლაც როცა ამას ვწერ და ის ისტორია მახსენდება, რომელიც გავიგე, ძრწოლა მიტანს, ამაზრზენია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი.

კარგით, კაცებზეც ვთქვათ ერთ-ორი სიტყვა, იმათზე, ვინც თავის ძალაუფლებას და გავლენას ქალებთან სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად იყენებენ და ამით ყიდულობენ... ლამაზი ოფისით, რბილი სავარძლით და მაღალი ხელფასით. ამას რომ ამორალური კაცის გარდა არავინ იზამს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ამჯერად უფრო ქალებზე ვაკეთებ აქცენტს.

ამას როგორ აკეთებთ? არ გეზიზღებათ საკუთარი თავი? სახლში მისვლისას სარკეში რომ იხედებით და ხვდებით გრძნობებმა ფასი დაკარგა, სიყვარული აღარ არსებობს და ერთადერთი მიზეზი კაცთან ურთიერთობის დროს მისი საფულის სისქეა. ამ დროს ბედნიერად გრძნობთ თავს? დავიჯერო მაღალი ხელფასი, შოპინგი, მოგზაურობა და ყველა ის ბენეფიტი, რაც კომფორტულ ცხოვრებას მოჰყვება, იმ საშინელი გრძნობის კომპენსაციაა, რომელსაც არასასურველ კაცთან სიახლოვის დროს განიცდით? მართლა მაინტერესებს, სინდისი საკუთარი თავის წინაშე მაინც არ გაწუხებთ? რატომღაც მგონია, ასეთი შეხვედრების და ურთიერთობის დროს სულში სიცარიელის მეტი არაფერი რჩება და ამ გრძნობას ეჭვი მეპარება რომელიმე ხელფასი შველოდეს.

გაჭირვებას რა ვუთხარიო, გაიფიქრებს ალბათ ბევრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ საკუთარი პიროვნების გადასარჩენად და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის შესანარჩუნებლად ნაკლები ხელფასი და ჯანსაღი ურთიერთობაა საჭირო და არა ლოგინზე გავლით "მწვერვალების‎" დაპყრობა.

კაცს, რომელსაც სინდისი არ გააჩნია, არასოდეს გაუშვებს ასეთ შანსს, ეს ყველგან ხდება აქაც და იქაც, ევროპაშიც და აზიაშიც, ასეთ ადამიანებს განიკითხავენ , მაგრამ ხშირად მაინც იგივეს აკეთებენ. მთავარია ქალებმა საკუთარი "მე" არ დაკარგონ. ბედნიერი ხართ ასეთი ცხოვრებით? ერთი იცოდეთ, ცხოვრების შეცვლა ყოველთვის შეიძლება და პატიოსანი გზით მოპოვებული 10 ლარი სჯობია ამ გზით მიღებულ ათასებს.