მარტოხელა დედობა - როცა არჩევანს ქალი თავად აკეთებს - კვირის პალიტრა

მარტოხელა დედობა - როცა არჩევანს ქალი თავად აკეთებს

შარლიზ ტერონი, ჩემი აზრით, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, წარმატებული, სექსუალური ქალი და მისაბაძი დედაა. ქერა ლამაზმანი 1975 წლის ცხელ აგვისტოში სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში დაიბადა. მსახიობი ფერმაში იზრდებოდა თანატოლებთან ერთად. მისი, როგორც ბევრი გოგონას ჰობი, შოპინგი, მუსიკის მოსმენა და წიგნების კითხვა იყო. მას დედასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. "დედამ მასწავლა, თუ როგორ დავრწმუნებულიყავი საკუთარ თავში და ცხოვრება ამეწყო. ჩემს შვილებსაც ამას აუცილებლად ვასწავლი" - ამბობს ტერონი.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აქვს პრობლემები, შარლიზი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით და არც მარტოხელა დედის სტატუსს შეუშინებია.

როდესაც გაქვს მილიონები და მსოფლიოში ცნობილი მსახიობი ხარ, უზრუნველყოფილი ცხოვრებით ცხოვრობ და შვილებსაც შეგიძლია მისცე ყველაფერი, რატომაც არა - გააჩინე, რამდენიც გინდა. თუმცა იყო დედა, გაზარდო და რაც მთავარია, აღზარდო შვილები მამის გარეშე, არ არის იოლი. ამასთან, აისრულო ოცნება და გახდე დედა, როდესაც ეს შენს საყვარელ კაცს საერთოდ არ ანაღვლებს, თამამი ნაბიჯია და მხოლოდ ფულით ამხელა გამბედაობას ქალი ვერ შეიძენს.

შარლიზს ოსაკრი ფილმმა "მონსტრი" 2003 წელს მოუტანა, ამავე ფილმში მთავარი როლის შესრულებისთვის მან "ოქროს გლობუსი" და პრემია "ვერცხლის დათვი" მიიღო.

შარლიზი ჰოლივუდში თავისი ბუნებივი სილამაზით ბევრისგან გამოირჩევა. თავდაპირველად, ქერა ლამაზმანმა ჩემს მეხსიერებაში ადგილი "ტკბილი ნოემბრით" დაიკავა, სიყვარულის ისტორიას, რომელიც ტრაგიკულად მთავრდება, დღესაც უემოციოდ ვერ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მაქვს ნანახი.

ტერონისთვის ოჯახი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ბოლოს მსახიობი შონ პენს ხვდებოდა, რომელთან დაქორწინებასაც გეგმავდა, მაგრამ... წყვილი დაშორდა. როგორც ამბობდნენ, პენი ქალზე ძალადობდა, რაც არაერთხელ გაუკეთებია სხვა ქალებთან ურთიერთობისას. ტერონმა ასეთი მოპყრობა არ აპატია და ქორწილიც ჩაიშალა. წერდნენ იმასაც, რომ შონს შვილები არ უნდოდა, ტერონისთვის კი დედობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ასე იყო, თუ ისე, ფაქტია, იმედგაცრუება, ტკივილი და განშორება ვარსკვლავების ცხოვრებაშიც მრავლადაა. შარლიზი კი მაინც ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი ქალია. ამ ყველაფერში მას დედა დაეხმარა.

"დედამ საკუთარი თავი მაპოვნინა, მისი წყალობით მივაღწიე დამოუკიდებლობას" - ამბობს მსახიობი.

ქალებს ბევრი რამის ეშიანით - ქმრებთან დაშორების, შვილების დამოუკიდებლად გაზრდის... რა გვჭირდება ქალებს ყველაზე მეტად, რომ თავი შემდგარ და წარმატებულ ადამიანებად ვიგრძნოთ? რა არის ქალისთვის ბედნიერება? ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, შარლიზ ტერონისთვის კი ბედნიერება წარმატებული კარიერა და შვილებზე ზრუნვაა. მამაკაცს კი მის ცხოვრებაში მთავარი როლი ნამდვილად არ ერგო.

შარლიზ ტერონის ცხოვრების გაცნობის შემდეგ ძალა გემატება და ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მოინდომო და ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობები. ბრძოლა შვილების ბედნიერებისთვის დედას ყველაზე მეტ ენერგიას მატებს. რაშიც პირადად მეც ვეთანხმები.