რატომ არ აქებენ ქალები კაცებს? - კვირის პალიტრა

რატომ არ აქებენ ქალები კაცებს?

რამდენიმე დღის წინ ძველი მეგობარი ვნახე, რომელიც ვიზუალურად რადიკალურად შეცვლილი იყო, იმდენად დაეკლო წონაში და შეეცვალა ტანის მოყვანილობა, რომ გაკვირვებულმა აღვნიშნე და შევაქე კიდეც მისი ნებისყოფის გამო. საერთოდ, ვერ ვხვდები, ახალგაზრდა ბიჭები (გოგონებიც) ღიპგადმოგდებულები რომ დადიან, საკთარი თავის მაინც არ რცხვენიათ? გასაგებია, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა პროცედურა ჩაიტაროს, მაგრამ ვარჯიში და საკვებ-სასმელის მიღების კონტროლი, მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა დღეს სხვა პრობლემაზე მინდა დავწერო.

მოკლედ, ამ ჩემს ნაცნობს ისე გაუკვირდა ჩემგან კომპლიმენტი, რომ თავიდან ეგონა, ვეხუმრებოდი. არადა, ფაქტი სახეზე იყო - მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭი... რატომ არ უნდა აღინიშონს ეს ფაქტი? გასაკვირი კი ის არის, რომ მას ჰყავს მეგობარი გოგონა, რომელსაც წლებია ხვდება და სიმართლე გითხრათ, ერთხელაც არ გამიგია გოგოსგან, რომ მისი შეყვარებული სიმპათიურია, სავარჯიშო დარბაზშიც სურათების გადასაღებად არ დადის და შედეგიც სახეზეა. კაცებს რომ ვამტყუნებ ბევრ რამეში, კი ბატონო, გავიგეთ, მაგრამ ქალებიც რომ უშვებენ ასეთ შეცდომებს, ამას რაღა ვუყოთ? უკაცრავად, მაგრამ უკომენტაროდ ვერ დავტოვებდი ამ ფაქტს.

უთხარით საყვარელ კაცებს, რომ ისინი კარგები არიან. უთხარით რომ მათით ამაყობთ, რომ მოგწონთ, გიზიდავთ. არ მესმის, როცა საყვარელი ადამიანი გიდგას გვერდით, რატომ უნდა შეიკავო თავი ამ ყველაფრის თქმისგან? იქნებ ეს საკუთარ კომპლექსებს უნდა დავაბრალოთ? როდესაც გოგონები ფიქრობენ, რომ "ბიჭი ჯობია", კომპლექსდებიან და არ ამახვილებენ პარტნიორის ღირსებებზე ყურადღებას. ეს ძალიან ცუდია! როდესაც წყვილი ერთმანეთს ხშირად არ ეუბნება ქათინაურებს, როდესაც ადამიანები ვერ გრძნობენ, რომ ვიღაცისთვის სამყაროში ყველაზე ლამაზები და სასურველები არიან, მათი ურთიერთობაც ნელნელა კვდება... და ნუ გგონიათ ქალბატონებო, რომ ეს მხოლოდ თქვენ გჭირდებათ. კაცებიც საჭიროებენ კომპლიმენტებს, თუნდაც იშვიათად, მაგრამ მაინც.

ხშირად უთქვამთ, ეს კაცებს აფუჭებს, თავში უვარდებათ და არ შეიძლება მათი გათამამება, მაინც არ აფასებენო. კი ბატონო, გეთანხმებით, უმრავლეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ თუ თქვენს გვერდით არის ადამიანი, ეჭვი მეპარება, რომ მას ასეთი უარყოფითი თვისებები ჰქონდეს, რადგან ასეთი ადამიანის სიყვარული შეუძლებელია...

მოკლედ, ჩემმა ძველმა მეგობარმა, ძალიან კარგმა დ ჭკვიანმა ბიჭმა, დაიჯერა, რომ კარგ ფორმაშია და უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძლებს ვარჯიშს, თუმცა ეჭვი მეპარება ძველი ნაცნობის კომპლიმენტი დიდხანს გაჰყვეს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ქალისგან გაგებული თბილი სიტყვებია, ასე რომ თუ გინდათ თქვენი პარტნიორი ბედნიერი იყოს, გაანებივრეთ ის, ზოგჯერ მართლაც რომ იმსახურებენ.