მაგინე ოღონდ ჩუმად - როცა სხვისი აზრი საკუთარზე მნიშვნელოვანია - კვირის პალიტრა

მაგინე ოღონდ ჩუმად - როცა სხვისი აზრი საკუთარზე მნიშვნელოვანია

მოკლედ, ასეთი ამბავია. ჩემი და ჩემი მეზობლების სახლს ერთი კედელი ჰყოფს და გინდა თუ არ გინდა, ხმა მაინც გადი-გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს სხვისი მყუდროება არ დაარღვიოს, ხმა მაინც ისმის და მიუხედავად იმისა, რომ სხვისი საუბრის მოსმენა არასოდეს მიყვარდა, ხშირად მიწევს ახალგაზრდა წყვილის ჩხუბის დაუსწრებელი მოწმე გავხდე.

2 წელიც არ იქნება, რაც შეუღლდნენ. ერთი წლის გოგონა ჰყავთ და ავად თუ კარგად, ცდილობენ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. ზოგადად, ფინანსური პრობლემები რომ აისახება ოჯახის მდგომარეობაზე, ეს ახალი არავისთვისაა. დაძაბული ურთიერთობა კი ხშირი ჩხუბისა და განაწყენების მიზეზია. თუმცა, ვფიქრობ, ჩხუბში ადამიანის ბუნება ყველაზე კარგად ვლინდება. ამ დროს ჩანს მისი ნამდვილი სახე - სულაც არ ანაღვლებს, მეუღლეს გული ეტკინება თუ არა. ასეთ კაცს არ შეუძლია მოთმინების გამოჩენა, რომ საყვარელ ადამიანს ნერვიულობა ააცილოს თავიდან.

სამწუხაროდ, კამათის დროს წყვილი ხშირად შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ ერიდება, ისე უხამსად მიმართავენ ერთმანეთს და ისე სტკენენ გულს, რომ ალბათ, მტერსაც კი არ ვუსურვებდი. შეიძლება, ეს უბრალოდ ფეთქებად ხასიათს დავაბრალოთ, ან იმას, რომ ცოლ-ქმარს ერთად ცხოვრება მობეზრდა და ერთმანეთის ყველაფერი აღიზიანებს.

მოკლედ, ერთ ღამესაც, როდესაც უკვე დაძნებას ვაპირებდი, ისევ შემომესმა ჩხუბის ხმა. მაგრამ, რადგან მიჩვეული ვარ მსგავს ხმაურს, ადვილად ჩამეძინა, თუმცა... ცოტა ხანში ისეთი გინებისა და მსხვრევის ხმა გავიგე, ლოგინიდან წამოვხტი, უცბად ვერც კი მივხვდი, რომ ასე ჩემი მეზობელი მიმართავდა მეუღლეს. რა იყო მიზეზი, არ ვიცი, ან რა მნიშვნელობა აქვს... როგორ უნდა გაგაბრაზოს საყვარელმა ქალმა ისე, რომ ასე უხამსად მიმართო...

ქართველი ქმრები რომ ცოლებს აგინებენ, ესეც არ არის ახალი ამბავი, არაერთხელ შევსწრებივარ მსგავს ფაქტს, მაგრამ ამ სიტუაციაში გოგონას რეაქციამ უფრო გამაოგნა - გამწარებული ქალი კი მოთქვამდა, მაგრამ თან ქმარს ეხვეწებოდა, მაგინე ოღონდ ჩუმადო... ანუ მეზობლებმა არ უნდა გაიგონ, როგორ შეურაცხყოფს ქმარი ცოლს! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! - კაცი საყვარელ ქალს ასე აგინებს და თავზე ამხობს ყველაფერს, ქალს კი პირველი აზრი, რაც თავში მოსდის, მეზობლებია.(?!) თორემ, მთვრალი კაცი ასე რომ ექცევა ცოლს, შვილის დედას და უბრალოდ ქალს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ეგ არაფერია - მერე რა, გადაუვლის, კაცია და ხდება ხოლმე და ა.შ. მსგავსი განმარტებები მოძალადე მამაკაცთა გასამართლებლად, ყოვლად მიუღებელია!

და როდემდე? როდემდე უნდა დაიმცირონ ქალებმა თავი?! როდემდე უნდა ითმინონ ლანძღვა-გინება?! როდემდე უნდა იყვნენ უბედურები და როდემდე უნდა იყოს სხვისი აზრი საკუთარზე მნიშვნელოვანი?! სხვისი აზრი საკუთარ ტკივილზე უფრო პრიორიტეტული, სხვისი შეხედულება კი საკუთარ თავმოყვარეობაზე მაღლა როდემდე უნდა დააყენონ ქალებმა?!

ჰოდა, სანამ ქალები საკუთარი თავის პატივისცემას არ ისწავლიან და არ მიხვდებიან, რომ ქალებისადმი ასეთი მოპყრობა არანორმალურია, სანამ ქმარს მხოლოდ იმის გამო სთხოვენ ჩუმად აგინონ, რომ მეზობელმა არ გაიგოს, არაფერი ეშველებათ. მერე კი პრეტენზიებიც დაგვიანებულია, რადგან ხშირად საქმე ფატალურ შედეგამდეც მიდის...

დააფასეთ თქვენი თავი და არ მისცეთ უფლება სხვას შეურაცხყოფა მოგაყენოთ და არა იმიტომ, რომ მეზობელმა არ გაიგოს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ!