რატომ კლავენ საქართველოში? - კვირის პალიტრა

რატომ კლავენ საქართველოში?

ტრაგედია, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო და ქალი, რომელსაც ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იმდენად შემზარავი დანაშაულზეა ლაპარაკი, რომ რთულია განსაჯო და გადაჭრით თქვა, რა მოხდა სინამდვილეში, ნამდვილად გაიმეტა დედამ საკუთარი შვილი სიკვდილისთვის, თუ ეს უბრალოდ ცუდად გამოძიებული საქმეა?

ზოგი დარწმუნებულია მაგდა პაპიძის დანაშაულში და მოსამართლის გადაწყვეტილებასაც ამართლებს, სხვას კიდევ იმედი აქვს, რომ გამოჩნდება მტკიცებულებები, რაც ქალის სრულ უდანაშაულობას თუ არა, იმას მაინც დაამტკიცებს, რომ დედას შვილი არ მოუკლავს.

სამწუხაროდ, ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი. ხდება, რომ კლავენ დედები შვილებს და არა მხოლოდ საქართველოში... მსოფლიოს მასშტაბით მრავლადაა ასეთი ენითაღუწერელი ტრაგედიები, თუმცა მე სხვა პრობლემაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. იმ დღეების განმავლობაში, როდესც პაპიძის საქმე საყოველთაო განხილვი თემა იყო, არაერთი კომენტარი წავიკითხე, სადაც ადამიანები ქმრის მკვლელობას კიდევ რაღაცით ამართლებდნენ, აი, შვილის სიკვდილი კი მათთვის სრულიად გაუგებარი და მიღებელი იყო - ქმარი კიდევ ხო, მაგრამ შვილს რას ერჩოდაო? - ანუ რადგან ქმარია, რადგან კაცია, არაუშავს რომ მოკლა?! განა შეიძლება ან სხვა რაიმე მიზეზით გამართლებული იყოს 27 წლის ბიჭის მკვლელობა?! ვინმე შეიძლება გვეცოდებოდეს ან ვიმეტებდეთ იმიტომ, რომ ქალია?

მოდით, საერთოდ თავი დავანებოთ პაპიძის საქმეს, და უბრალოდ იმაზე დავფიქრდეთ შეიძლება თუ არა სქესის მიხედვით ადამიანის დანდობა ან გაწირვა? "რა მდგომარეობაში იყო, როცა საკუთარ შვილს კლავდაო", - დაწერა ერთმა, იმ მდგომარეობაში როგორშიც კაცები იყვნენ, როცა ცოლებს კლავდნენ. რატომ იმაზე არ ვფიქრობთ ქმრები რას გრძნობდნენ იმ მომენტში, როდესაც შვილების თვალწინ საშინელ დანაშაულს სჩადიოდნენ?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფერს ვამტკიცებ, რადგან საკუთარი თვალით არაფერი მინახავს, მაგრამ ქალიც და კაციც თანაბრად უნდა ისჯებოდეს კანონით და არავის უნდა ჰქონდეს სქესის გამო რაიმე პრივილეგია, მითუფრი, როდესაც საქმე ასეთ მძიმე დანაშაულებს შეეხება.

აი, სულ ახლახანაც დილით გავიღვიძე და პირველი, რაც სოციალურ ქსელში დავინახე ახალი ამბავი იყო, თუ როგორ მოკლა 20 წლის გოგო ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე. უნდა გვეცოდებოდეს ეს კაცი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის ყოფილმა მეუღლებ გააბრაზა, უღალატა და ამიტომ მოკლა? უნდა ჩავთვალოთ ეს ყველაფერი გამამართლებელ გარემოებად, რა თქმა უნდა, არა!

რატომ გახდა ცოლების, ქმრების და საერთოდ, ადამიანების მკვლელობა ასეთი ჩვეულებრივი ამბავი. თითქოს ხალხიც მიეჩვია, რომ თვეში ერთხელ მაინც ოჯახური ძალადობა მსხვერპლით სრულდება?! ოდესმე ხომ უნდა დამთავრდე ეს ხოცვა-ჟლეტა, რაც ბოლო რამდენიმე წელია საგრძნობლადაა მომრავლებული?

ახლაც, ახალი ამბავი რომ გაიგეს, რამოდენიმე "ვაჟკაცმა" ხუმრობა დაიწყო ამ თემაზე, ალბათ როგორ უშლიდა ცოლი ნერვებსო. აი, აქ ჩანს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ადამიანებს სხვისი უბედურება არ ადარდებთ, როდესაც 20 წლის ახალაგაზრდა გოგონას სიკვდილზე ხუმრობენ და იცინიან... იმიტომ რომ მათი ახლობელი არაა. ვიდრე სიკვგილზე და ძალადობაზე არასერიოზულად ლაპარაკს არ მოვეშვებით, ვიდრე საკუთარ თავს არ წარმოვიდგენთ მსხვერპლის ადგილას და სხვისი სიკვდილი გულს არ გვატკენს, მანამდე ეჭვი მეპარება ეს პრობლემა კი არა საერთოდ რაიმე პრობლემა მაინც მოგვარდეს ამ ქვეყანაში.

ძალადობა სასაცილო არ არის! ეს ტრაგედიაა, რომელის წინააღმდეგაც ქალებმაც და კაცებმაც ერთობლივი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ!