"სექსი უნდა მოსდევდეს სიყვარულს და არასოდეს უსწრებდეს მას" - კვირის პალიტრა

"სექსი უნდა მოსდევდეს სიყვარულს და არასოდეს უსწრებდეს მას"

ვწერო სიყვარულზე, ქალებზე და არ დავწერო სოფია ლორენზე, რომელიც ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქალი, განუმეორებელი მსახიობი და ძლიერი პიროვნებაა, არ იქნება სწორი საქციელი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც იტალიელი ლამაზმანი, რომელიც მომხიბვლელობას ამ ასაკშიც კი ინარჩუნებს, ამ ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანას ესტუმრა და ბევრს ნანატრი ოცნება ასურულა. (იხილეთ ასევე: "სოფიმ დიდი სიყვარულით გაიხსენა სერგო ზაქარიაძე" - მსოფლიო კინოლეგენდის ვიზიტის უცნობი დეტალები)

სოფიას ბავშვობა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი, მომავალ მსახიობს დედა მარტოობაში ზრდიდა, საყვარელი კაცისგან მიტოვებული მისი დაბრუნების იმედს არ კარგავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მამისგან სოფიას მხოლოდ გვარი - შიკოლონე დარჩა. ლორენი 13 წლამდე სილამაზით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ის იმდენად გამხდარი იყო, რომ თანაკლასელები დასცინოდნენ კიდეც და მეტსახელად "კბილის საჩიჩქნ ჯოხს" ეძახდნენ, თუმცა რამდენიმე წელიწადში მომავალი ვარსკვლავი რადიკალურად შეიცვალა და დამშვენდა.

მისი წარმატება სილამაზის კონკურსით დაიწყო, სოფლის კონკურსში მას მეორე ადგილი ერგო.

დღეს ულამაზეს მსახიობს უკვე განსხვავებული მოსაზრება აქვს: "სილამაზე არ არის ფიზიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, ეს შინაგანი სამყაროდან მოდის და შენს თვალებში აისახება", - ამბობს ის.

სოფიას დებიუტი ჰოლივუდში 1950 წელს შედგა, ფილმში "სიამაყე და ვნება", რომელშიც მას პარტნიორობას კერი გრანტი უწევდა. მასთან სოფიას სერიოზული გრძნობა აკავშირებდა და მათი რომანი ყველაზე რომანტიკულ რომანადაც აღიარეს.

სოფია არა მხოლოდ განსაკუთრებული გარეგნობით, არამედ ჭკუითაც გამოირჩეოდა ყოველთვის. "გამოიყენეთ თქვენი ჭკუა ისე, როგორც პუდრას იყენებთ და შეიძლება მაკიაჟიც აღარ დაგჭირდეთ. მამაკაცები ჭკვიან ქალებს ირჩევენ, მხოლოდ ლამაზებს კი უბრალოდ ხალხში გამოყოფენ ხოლმე".

1960 წელს ლორენმა ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" ითამაშა, რომელმაც მას დიდი წარმატება მოუტანა. მან მიიღო პრიზები კანის, ვენეციისა და ბერილინის კონოფესტივალებზე და საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულისათვის "ოსკარითაც" დაჯილდოვდა.

ლორენი მიუხედავად სექსუალური გარეგნობისა არასოდეს ყოფილა ვულგალური და ყოველთვის ცდილობდა საზღვარი დაეცვა. "სექსუალური მხოლოდ მაშინ იქნები, თუ ეს შიგნიდან მოდის შენგან. არ არის აუცილებელი მკერდის და ფეხების გაშიშვლება იმისათვის, რომ სექსუალური ქალი გერქვას", - ამბობს მსახიობი.

სოფია ლორენი ქალია, რომელმაც რთული წარსულის მიუხედავად შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, მის ძალიან ბევრ ფილმში ჩანს მსახიობის ძლიერი ხასიათი, რისი დამსახურებაცაა ის, რომ წლების შემდეგაც კი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერ და წარმატებულ მსახიობად ითვლება მსოფლიოში. ეს ის ქალია, რომელზეც წერა ერთი სიამოვნებაა, თუმცა ამჯერად მისი ნააზრევის წაკითხვა უფრო სასიამოვნო იქნება ვფიქრობ, ამიტომ მის ყველაზე ცნობილ გამონათქვამებს გთავაზობთ:

"ქალი, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ სილამაზეში, ბოლოს და ბოლოს შეძლებს ყველა დაარწმუნოს ამაში".

"ქალი ვერასოდეს იქნება ლამაზი, თუ მას ერთხელ მაინც არ უტირია".

"როცა შენი გონებით, კრეატიულობით, ნიჭით შეგაქვს ხალისი შენი და შენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, მაშინ ნამდვილად დაამარცხე ასაკი, ესაა ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლო."

"ჩემი აზრით, თუ ადამიანს მთელი გულით უნდა რაღაცის მიღწევა, აუცილებლად მიაღწევს".

"მამაჩემი მეზიზღებოდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო დღეებში მას ვაპატიე ის, რომ ამდენი ტკივილი მოგვაყენა. ადამიანი როცა იზრდება და ოჯახდება ბევრ რამეს სწავლობს და ბევრსაც ივიწყებს. მე დავიწყება არ შემიძლია, მაგრამ პატიება - კი".

იხილეთ ფოტოგალერეა