ქართველი მამები და... შვილები - კვირის პალიტრა

ქართველი მამები და... შვილები

საქართველოს ერთ-ერთი კურორტიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სიმართლე გითხრათ, რაც იქ ვნახე, ფრიად გამიკვირდა. როგორც ჩანს, ქართველი კაცების გარკვეულმა ნაწილმა კარგი ქმრობა თუ არა, მამის მოვალეობის შერულება მაინც ისწავლა და შვილებთან ერთად გატარებული თუნდაც 10 დღე ტანჯვა-წამებასთან აღარ ასოცირდება. რაოდენ გასაკვირიც არ იყოს, ვნახე მამები, რომლებიც შვებულებას შვილებთან ერთად ატარებდნენ და მათ, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მარტო უვლიდნენ.

ასეთებიც ხდება თურმე. მაგრამ ფაქტია, ქართული საზოგადოება ამას ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია, რადგან უმრავლესობა გაკვირვებული სახით უყურებდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად ისვენებდა და პატარას აშკარად დიდი სიხარულით ევლებოდა თავს.

"ახლა ქალები დადგნენ მაგრადო", - თქვა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, - აბა, ჩვენს დროს, კაცისთვის რომ გეთქვა, წადი, ბავშვს მოუარე, სასაცილოდაც არ ეყოფოდაო".

"ჩემი ცხონებული ქმარი აგვიყვანდა შოვში, ამოგვიზიდავდა სასმელ-საჭმელს და თვითონ სამ თვეს სრულ მარტოობაში ატარებდა თბილისშიო. მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ ამოსულიყო, პროდუქტების ამოსატანად. იმჟამად ცოლები ამგვარ ქცევას შეგუებულები ვიყავით და სხვანაირად ვერც კი წარმოგვედგინაო", - ყვებოდა ახალი რეალობით ბედნიერი მეორე ქალბატონი და თან მოთამაშე მამა-შვილს უყურებდა.

შეძლება მართალიცაა, დღეს ახალგაზრდა ოჯახებში მოვალეობების გადანაწილება შედარებით სამართლიანად ხდება, ვიდრე ადრე იყო, ქალები აღარ ივალდებულებენ მხოლოდ საკუთარ თავს და არ იღებენ იმაზე დიდ პასუხიმგებლობას, ვიდრე მათი მშობლები აკეთებდნენ ამას. დიახ, მართალია ცოტა, მაგრამ ქართველი კაცების გარკვეული ნაწილი ნელ-ნელა უკვე აცნობიერებს, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილისთვის მამასთან ურთიერთობა და იმასაც, რომ ქალი არ არის მანქანა, რომელსაც დაქოქავ და არასოდეს დაიღლება.

ძალიან დიდი ბედნიერება და სასიამოვნო საყურებელია როგორ დასდევენ შვილები მამებს, როგორ კითხულობენ ერთად წიგნებს, ერთობიან, საუზმობენ, როგორ აძინებს მშობელი შვილს და ა. შ. ეს არ არის მხოლოდ ზაფხულის ერთი კვირა, რომელიც მალე დამთავრდება და წარსულს ჩაბარდება, ფაქტია, რომ მამებთან ურთიერთობა ბავშვებზე დადებითად აისახება და ისინი გრძნობენ, რომ მშობელი ორი ჰყავთ, რომ ორივე ზრუნავს მასზე, ორივეს უყვარს და ორივეს იმედი შეუძლია ჰქონდეს.

ბედნიერი ვიქნებოდი, ეს ფაქტი, ჩვეულებრივი მოვლენა რომ იყოს და ჩვენში არავის უკვირდეს მამების ჩართულობა შვილების აღზრდაში, გაკვირვებული არავინ ეკითხებოდეს ახალგაზრდა კაცს: "მარტო ხარ? ცოლი აქ არ არის? არც დედა? ძიძაც არ წამოიყვანე"? - რომ ეს ბუნებრივი მოვლენა იყოს და თაობიდან თაობას გადაეცემოდეს, თუმცა როგორც აღვნიშნე, მსგავსი ერთეული შემთხვევებიც იმედს მისახავს, რომ ძალიან მალე შვილების და მამების ერთად დანახვა გაკვირვებას აღარ გამოიწვევს.

იმ მამებმა კი, ვინც ამ პასუხისმგებლობას იღებთ საკუთარ თავზე, ჩემგან დიდი პატივისცემა და გამხნევება მიიღეთ!