დედიკოს ბიჭები - დამნაშავე დედები და ვერაფრით გაზრდილი კაცები - კვირის პალიტრა

დედიკოს ბიჭები - დამნაშავე დედები და ვერაფრით გაზრდილი კაცები

ძალიან მაინტერესებს ქართველი დედებისთვის ვაჟი ოდესმე ზრდასრული მამაკაცი ხდება? ოდესმე აცნობიერებენ, რომ 24, 30, 35 წლის მამაკაცი პატარა ნიკუშა, გიო, ლევანიკო და "დედას ბუშტი" აღარაა? ქართველი ქალები უმრავლეს შემთხვევაში "გადამკვდარი დედები" რომ არიან, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება.

მათმა საყვარელმა და განუმეორებელმა ვაჟმა თუ ცოლი მოიყვანა, ხომ საერთოდ გადაირევიან ხოლმე. ეს მათთვის პირდაპირ დასასრულის დასაწყისია. ისინი ვერ ეგუებიან სხვა ქალის არსებობას შვილების ცხოვრებაში. თუ ერთად ცხოვრობენ, ხშირად ჯოჯოხეთსაც კი ემსგავსება ეს თანაცხოვრება.

როდის უნდა მიხვდნენ ქართველი დედები, რომ როცა მათი ბიჭები იზრდებიან, აქვთ უფლება ჰქონდეთ პირადი ცხოვრება და არ არის კარგი, როდესაც ღამის განმავლობაში ათჯერ ურეკავთ, ითხოვთ ანგარიშის ჩაბარებას, ერევით რძლის და შვილის ცხოვრებაში, უსწორებთ საწოლს, ამოწმებთ რა და რამდენი ჭამა და ა.შ.

და ამასობაში რა ხდება?  -  დედებისგან განებივრებულები უკვე ცოლებისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ითხოვენ, ვერ გრძნობენ, რომ უკვე დიდები არიან და საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ... ეს ინფანტილური ადამიანები სუსტ პიროვნებებად ყალიბდებიან.

ყველას უყვარს შვილი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნონ დედებმა, რომ კალთაზე გამოკერებულ კაცზე საშინელება არაფერია. ნუთუ გინდათ, რომ ზრდასრულ ასაკში ისევ დედიკოსთან გარბოდნენ ყოველი პრობლემის წარმოქმნის შემდეგ? ვერ წყვეტდნენ დამოუკიდებლად საკუთარ ბედს, ვერ ხვდებოდნენ რა უნდათ საერთოდ ცხოვრებაში და ყოველთვის ჰქონდეთ ქალის შიში?

დიახ, ქვეცნობიერად ასე გაზრდილ კაცებს ჯერ დედების, შემდეგ კი ცოლების ეშინიათ. ასეა ეს და ვფიქრობ, ჯანსაღი აზროვნების ადამიანს საყვარელი შვილისთვის ასეთი ცხოვრება და ჩამოუყალიბებელი მომავალი არ უნდა უნდოდეს. თუმცა, ვაი, რომ ხშირად ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს და პირდაპირი მნიშვნელობით, ღუპავენ შვილებს. არ აძლევენ მათ მარტო ყოფნის საშუალებას და იზრდებიან მერე ეს ლევანიკოები და ნიკუშები ისეთ კაცებად, რომლებიც ნორმალურ ქალებს არ უნდათ გვერდით. ან თუ უნდათ და სოციალური მდგომარეობის თუ სხვა რაიმე ბენეფიტის გამო, თორემ, აბა, ისე, ვინ იქნება ბედნიერი "დედიკოს ბიჭის" ცოლობით და მისი "თრევით" მთელი ცხოვრება ? - არც არავინ.

მგონია, რომ ბიჭის გაზრდა და აღზრდა ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნებად, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე გოგოსი და ბიჭების დედები ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებდნენ ჩემგან, განსაკუთრებით თუ ისინი ამ ყველაფერს მარტო ეჭიდებიან! ამიტომ თუ თქვენ საკუთარ თავზე გაწევთ ეს პასუხისმგებლობა, გაითვალისწინეთ, რომ შვილი დამოუკიდებელ ინდივიდად უნდა აღზარდოთ და მისცეთ მას თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე "ბანძი" კაცის დედად გადაიქცევით.