ქალი ბედნიერების და მარტოობის ზღვარზე - კვირის პალიტრა

ქალი ბედნიერების და მარტოობის ზღვარზე

ქალის ასაკი - როცა წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ აღარ მოგწონს საკუთარი სხეული და სახე...

როგორ ეგუება ქალი პირველ ღრმა ნაოჭებს და იმას, რომ დროს ვერ შეაჩერებ. რომ წლების მატებასთან ერთად, გაქრება მოხდენილი ფიგურა, ლამაზი კანი, ახალგაზრდა სახე...

ერთ დღესაც შეხედავ შენს ანარეკლს სარკეში და მიხვდები, რომ არანაირი პროცედურა, მაკიაჟი ან ტანსაცმელი არ დაფარავს დანაოჭებულ ყელს და ხელებს. მიხვდები, რომ ლამაზი წლები წარსულს ჩაბარდა, აღარავინ გამოგიწვევს საცეკვაოდ და შენც ვეღარ მოიწონებ თავს გრძელი თმით და ანთებული თვალებით. არაერთ ფოტოგრაფს გაუკეთებია პროექტი, რომელშიც ქალის ცხოვრება ასაკის მიხედვითაა დაყოფილი და ბოლო ეტაპი ყველაზე უშნო, უსახური და მშრალია... სიბერისგან გამომშრალი კანივით.

არსებობენ ქალები, მაგალითად მსახიობი მერილ სტრიპი, რომელიც ბევრ 20 წლის გოგონაზე კარგად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ 50 წელს დიდი ხანია გადააბიჯა, მაგრამ ასე მაინც იშვიათად ხდება.

იშვიათია, რომ ქალი ასე ღირსეულად ხვდებოდეს ასაკს და იხდენდეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. იშვიათად ხდება, რომ ყველა ასაკში შეძლო თავი ლამაზად და ბედნიერად იგრძნო. იქნებ, კაცებზეც არის ეს დამოკიდებული? იქნებ, თუ საყვარელი ადამიანი მაგ ასაკშიც გყავს და მისთვის ისევ ისეთი სასურველი და ლამაზი ხარ, უფრო ადვილიც კი გახდეს დროის დამარცხება; როცა ნამდვილად გრძნობ, რომ ის შენში ისევ იმ ახალგაზრდა ლამაზ ქალს ხედავს წლების წინ მისი კოცნისას გული რომ უჩქარდებოდა და თუ სიყვარული არ დაბერდება და დამახინჯდება, ნაოჭებთან ერთად ცხოვრებაც უფრო ადვილი იქნება.

თუმცა რეალობაში 25 წლის ადამიანებს არ ჰყავთ გვერდით ასეთი პარტნიორი და 70 წლის ასაკში იშვიათად თუ ეყოლება ვინმეს.

და მაინც, სად მთავრდება ქალის სილამაზე ?

როდიდან აღარ მოსწონს მას თავი? - პირველი ნაოჭის თუ პირველი ჭაღარის დანახვის შემდეგ. ზოგი თვლის, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, სხვებისთვის კი ძალიან რთულია რეალობისთვის თვალის გასწორება. გაიკეთებთ პლასტიკურ ოპერაციებს, გადაიჭიმავთ კანს თუ მიიღებთ ასაკს აუღელვებლად ეს თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია ყოველმა ჩვენგანმა გავაკეთოთ ის, რაც გვაბედნიერებს და არა ის, რასაც საზოგადოება თვლის, რომ სწორია. თუმცა მთავარი ქალის ცხოვრებაში ვფიქრობ ისაა, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, აისურულოს ოცნებები, არაფერზე უთხრას თავს უარი და უბრალოდ, ბედნიერად იცხოვროს და თუ მისი მთელი შეგნებული ცხოვრება სიყვარულით იქნება სავსე და თავს მარტოდ არასოდეს იგრძნობს, მაშინ დარწმუნებული ვარ, ნაოჭები მხოლოდ წარსულში დატოვებულ ლამაზ მოგონებებს გაახსნებს და წამითაც არ დანაღვლიანდება ასაკის გამო.