ჩემი, შენი, მისი... დედა... - რატომ გვაგინებთ? - კვირის პალიტრა

ჩემი, შენი, მისი... დედა... - რატომ გვაგინებთ?

გუშინ ქუჩაში ახალგაზრდა წყვილს ჩავუარე, შორიდანვე შევნიშნე, ძალიან ლამაზები იყვნენ, გარშემო ყველას თვალს იტაცებდნენ, გავუსწორდი და ამ მომენტში ბიჭმა ისე მწარედ შეიგინა, რომ გაოგნებულმა შევხედე… ბიჭი იდგა და აგრძელებდა უმისამართო ლანძღვას, გოგონა კი ჩუმად იყო...

დიდი პრობლემაა ისიც, რომ როცა კაცები იგინებიან, ქალები უბრალოდ ჩუმდებიან. ვერ დავიჯერებ, რომ ნორმალური ფსიქიკის ქალს სიამოვნებს, როცა მის გვერდით მამაკაცი ასე ლაპარაკობს, თუმცა ეს ყველგან ხდება სუფრაზე, სტუმრად, სახლში, ეზოში, ქუჩაში...

უცხოეთში არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და იქაც შევსწრებივარ კამათს, ჩხუბს. დიახ, ქუჩაშიც, ისე, როგორც აქ, იქაც ხშირად ანალოგიური პრობლემები აქვთ, ხშირად ლანძღავენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, მაგრამ ის, როგორც აქ იგინებიან, თან დედას, არსად მინახავს და გამიგია!

დედას იგინებიან ყველა ბრუნვაში - ჩემი, შენი, მისი ... უმიზეზოდ.. თუმცა რა მიზეზიც არ უნდა იყოს, არ მესმის საკუთარი დედის და თუნდაც სხვისი გინება რა ლოგიკაში ჯდება.

მამაკაცებო, ძალიან მაინტერესებს, თქვენი აზრით, ბილწსიტყვაობა თქვენს კაცობას უსვამს ხაზს? დედების, ქალების გინება და თქვენი სიმართლის მტკიცება მათი შეურაცხყოფით მაგარ ტიპებად გაქცევთ? ამაზე ამაზრზენი მოსასმენი კაცის მხრიდან არაფერია. როგორ შეიძლება ზრდასრული, განვითარებული მამაკაცი ასეთი ლექსიკით ლაპარაკობდეს და კმაყოფილი იყოს თავისი საქციელით?

რამდენი წიგნიც არ უნდა ჰქონდეს კაცს წაკითხული, როგორი კარგი სამსახური არ უნდა ჰქონდეს და როგორი მაღალი წრის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს,  მისი ყოველი ასეთი გამოხტომა ანგრევს მის იმიჯს და არ მესმის ნორმალურ ქალს ასეთ კაცთან ურთიერთობა რატომ უნდა მოუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ხვდება და აბრუნებენ ამ გინებას ისე, როგორც უნდათ. აგინებენ ცოლებს, შვილებს, მშობლებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს, სკამებს, მაგიდებს, ტელევიზორებს და ა.შ.

აგინებენ საკუთარ დედებს იმისთვის, რომ სხვა სიმართლეში დაარწმუნონ და ეს უკვე ისეთი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ ყურადღებასაც არავინ აქცევს... ბუნებრივად იქცა ისიც, რომ ყველა ყველგან იგინება. იგინებიან: მძღოლები, გამყიდველები, უფროსები, ხელქვეითები და ა.შ.  მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა სოციალურ წრეს და ოჯახის წარმომავლობას. ამ ქვეყანაში ლამის კაცის მთავარი ფუნქცია გინება გახდა.

მაშინ, როცა ნორმალურ ქვეყნებში მენეჯერები თანამშრომლებს შეცდომის დაშვების შემთხვევაში უხსნიან პრობლემის არსს და მის გადაწყვეტაზე ერთად ფიქრობენ, აქ დედას აგინებენ პირდაპირი მნიშვნელობით და ეს სიტუაცია აღწერს ზუსტად ამ ქვეყნის განვითარების დონეს და სულ ტყულად ჰგონია ზოგს, რომ საბანკო ანგარიშზე ბევრი ფული, სტატუსი და მანქანა უქმნით იმიჯს საზოგადოებაში.

მთავარი ადამიანის, ამ შემთხვევაში კაცის, მოქცევის კულტურა და თავის შეკავების უნარია… აუცილებლად მეტყვიან, განა ქალებიც არ იგინებიანო? - იგინებიან, ოღონდ ძალიან იშვიათად ქალისგან თუ გაიგონებთ ამას, დიახ, ბილწსიტყვაობა ქალებსაც შეუძლიათ და არა ნაკლებად, ვიდრე - თქვენ.

განსხვავება ისაა, რომ ჩვენ შეგნება გვაქვს და ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს ვიცავთ ხალთან ურთიერთობისას, თორემ ლანძღვით და გინებით საუბარი არც ქალს უხდება და არც კაცს. ჰოდა, მოდით რა, შეეშვით დედებს თქვენსას თუ სხვისას და ეცადეთ ლანძღვის გარეშე დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე.