თქვენ რა, ჩემი ბიჭი გიჟი გგონიათო?! - გაიგეთ, ფსიქოლოგთან მისვლა არ "ტეხავს"! - კვირის პალიტრა

თქვენ რა, ჩემი ბიჭი გიჟი გგონიათო?! - გაიგეთ, ფსიქოლოგთან მისვლა არ "ტეხავს"!

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა დაიჩივლა, რომ საბავშვო ბაღში, სადაც მისი პატარა გოგონა დადის, ერთი ძალიან აგრესიული ბავშვია და მისი "ცუდი საქციელი" ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცილდება...

თავიდან, რადგან დედისთვისაც ახალი სიტუაცია იყო და შვილი მასწავლებლებს პირველად მიაბარა, ყურადღება არ გაუმახვილებია, იფიქრა, ახალი სასწავლო წელია, პირველი ჯგუფი, ახალი გარემო და ბავშვები განერვიულებულები არიან, გავა ერთი-ორი კვირა და სიტუაციაც დაწყნარდებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს პატარა ბიჭი უფრო და უფრო აგრესიული ხდება, ხევს და ამტვრევს წიგნებსა და სათამაშოებს, ურტყამს ბავშვებს, მოკლედ, პატარას აშკარად პრობლემები აქვს...

იტყვით, მასწავლებელი სად არისო, მაგრამ მათ, ვისაც ერთხელ მაინც მიუყვანია ბავშვი ბაღში, იცის რა სიტუაციაცაა იქ და როგორი ძნელია თუნდაც ორი აღმზრდელისთვის ასეთი "რთული" ბავშვის დაოკება და მასთან საერთო ენის გამონახვა.

რა არის პრობლემა? ალბათ არა ერთი მიზეზის დასახელება შეგვიძლია. რთული ხასიათი, მშობლების ნაკლები ყურადღება, ბებია-ბაბუას მხრიდან ყველაფერზე თანხმობა და გათამამება, გენეტიკა.. მოკლედ, არა ერთი რამ შეგვიძლია დავასახელოთ რის გამოც, პატარები ასეთი აგრესიულები ხდებიან.

მაგრამ ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა ამ აგრესიული ბიჭის დედა ენახა...

მოკლედ, ურჩია, იქნებ, ბიჭი ფსიქოლოგთან მიგეყვანათო, რადგან ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანა რა დიდ პრობლემებთანაა თბილისში დაკავშირებული, მგონი, ყველამ კარგად იცის...

აი, აქ დაიწყო და რა დაიწყო, ახალგაზრდა ქალმა პირდაპირ ისტერიკა მოაწყო, - ეს როგორ გაუბედეთ ჩემ შვილს, თქვენ რა ჩემი ბიჭი გიჟი ხომ არ გგონიათო?!

არადა, ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში მიღებულია, რომ როდესაც ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, ისინი მიდიან სპეციალისტებთან, რომლებიც ცდილობენ მათ დახმარებას და ძალიან ხშირად კარგ შედეგებსაც აღწევენ!

ასეთ პაციენტებს არავინ აღიქვამს იქ გიჟად და არანორმალურად.

დავიჯერო, იმ ევროპელ დედას ნაკლებად უყვარს თავისი შვილი, ფსქოლოგთან რომ დაჰყავს პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიდრე ქართველს? რატომ არის დღემდე, 21-ე საუკუნეში ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ?! აბა, რა ჯობია, ბავშვმა 4 წლის ასაკიდან სხვების ცემა და შეურაცხყოფა ნორმალურ მოვლენად ჩათვალოს? იქნებ, მას არა მხოლოდ რთული ხასიათი, არამედ სხვა რაიმე პრობლემაც აქვს, რომელსაც დროულად ჩარევის შემთხვევაში სპეციალისტი მოაგვარებს და ეს პატარა ადამიანი მომავალში აგრესიულ, ჩაკეტილ და დაკომპლექსებულ მოზარდად არ გადაიქცევა?

ბოლოს და ბოლოს როგორმე ჩვენშიც უნდა გაიგონ, რომ ფსიქოლოგთან ვიზიტი არ "ტეხავს"! ხშირად ეს აუცილებელიც კია!