"შენი შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო"?! - ბიჭს ყველაფერი და გოგოს არაფერი?! - კვირის პალიტრა

"შენი შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო"?! - ბიჭს ყველაფერი და გოგოს არაფერი?!

კაცები უპირატესობით ჩანასახშივე რომ სარგებლობენ, ფაქტია. დარწმუნებული ვარ, უამრავი შემთხვევა გაგიგიათ, როცა ქალებს აბორტს აკეთებინებენ მხოლოდ იმის გამო, რომ გოგონას გაჩენა მათთვის სასურველი არ არის. ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდა ჰყავდეს, შესაბამისად კიდევ ერთი ქალის გაზრდის სურვილი აღარ აქვთ?

შეიძლება ვინმემ იკითხოს ალბათ, რას ნიშნავს აკეთებინებენო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მახინჯი სიმართლე დღემდე აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისს გარეთ...

თუ მაინც გაუმართლა გოგოს და ისიც გაჩნდა და მისი ძმაც, მერე უკვე სხვა პრობლემები იწყება, სახლი თავისი ჰგონია, მაგრამ მალევე უხსნიან, რომ ის მისი კი არა, მისი ძმისაა, რომ კაცს უფრო მეტი ეკუთვნის და ასე იწყება გოგონას მეორე ფლანგზე გადაწევა... მთელი ოჯახი კი საყვარელ დათუკაზე თუ ნიკუშაზეა გადამკვდარი - საყვარელ ბიჭს და "პატარა კაცს" ყველაფერი უნდა ჰქონდეს.

ეს ყველაფერი კი გულისხმობს სახლს, მანქანას, სამსახურში მოსაწყობად მეზობელ- ნათსავების შეწუხებას, ქალიშვილს თავიდანვე ქვეცნობიერად გაცნობიერებული აქვს, რომ სახლი ბიჭისაა, რომ ის უნდა ჩაბარდეს პატრონს, ხოლო ძმამ ცოლი მოიყვანოს და იყოს ბედნიერი...

ბიჭს ფული სჭირდება, აბა, ძმაკაცები რომ წავლენ სადღაც, ჯიბეგახეული ხომ არ ივლის, და გოგოს? რატომღაც ბევრი ამას ვერ ხვდება, რომ გოგოსაც ძალიან სჭირდება საკუთარი კუთხე და იმის შეგრძნება, რომ მეორეხარისხოვანი არაა ოჯახში.

საიდან წამოვიდა ეს ტრადიცია, რომ ოჯახის ქონება პირდაპირ ბიჭის კუთვნილებაში გადადის, გოგო კი ისე უნდა დარჩეს... წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ქალი დაიჩაგრა ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო.

მაგალთად, ჩემი ძველი ნაცნობი... როცა ვკითხე ქმარს რატომ არ დაშორდი ასეთი სადისტი თუ იყო და თავს რას აკვლევინებდი - მეთქი, - მიპასუხა, - ერთ დღესაც რომ მივხვდი, ვეღარ ვუძლებდი და ბავშებთან ერთად მშობლებთან მივედი და ვთხოვე შევეფარებინე, სახლის ყიდვაზე ლაპარაკი არ არის, დასაქირავებლადაც არ მყოფნიდა ჩემი ხელფასი, მიპასუხეს: შენი შვილებით აქ რომ მოხვიდე, შენს ძმას ცოლი ჰყავს მოსაყვანი და გინდა პრობლემები შეუქმნაო?!

გესმის რაშია საქმე? - მე, რომელიც წელებზე ფეხს ვიდგამდი და ვმუშაობდი გაუჩერებლად, რათა ჩემს შვილებს არაფერი მოკლებოდათ და ხშირად ნათესავებსაც დავხმარებივარ, გასაჭირის დროს საკუთარმა დედამ მითხრა: ვისაც გაყევი, იჯექი მის ოჯახში და ითმინე, ძმას ნუ უშლი ხელსო! ამის მერე სადღა წავსულიყავი? როცა დედა, მამა როცა ყველაზე ახლობელი ადამიანები არ გიდგანან გვერდით და ფიქრობენ, რომ შენ არაფერი გეკუთვნის და ქმრის ხარ, მერე ვისღა უნდა მოთხოვო რომ პატივი გცეს ან დახმარების ხელი გამოგიწოდოს? - მითხრა ჩემმა ნაცნობმა.

წარმოდგენაც არ შემიძლია როგორ შეიძლება მშობელმა დედამ ასეთი სისულელე უთხრა შვილს, რომელიც დახმარებას სთხოვს? ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ამ ოჯახში ქალის უფლებები თავიდანვე არასწორად იყო გადანაწილებული. მას გაათხოვებდნენ და პატრონს ჩააბარებდნენ, ბიჭი კი დომინანტი იყო დაბადებიდანვე და ბოლომდე ასე დარჩა.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ძმასაც არ გასჩენია პროტესტი, ხომ შეეძლო ეთქვა, მარტო არ დავტოვოთ და ჩემს გამო თავს ნუ შეაკლავს და ნუ გაიუბედურებს ცხოვრებას ბოლომდეო, მაგრამ არა.. ისიც ისევე დამახინჯებულად აზროვნებდა, როგორც ძალიან ბევრი აზროვნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა გაიაზრონ, რომ რაც ბიჭისაა, ის გოგოსიცაა. რომ აბორტის გაკეთება იმისა გამო, რომ ქმარს გოგო აღარ უნდა, ძალიან დიდი დანაშაულია ქალის მიმართ. მშობლებმა უნდა მიიღონ ქმრიდან უკან დაბრუნებული გოგონები და ხელი შეუშალონ მათი ცხოვრების ნგრევას, ამისათვის კი ხშირად მხოლოდ გვერდით დგომაა საჭირო და მეტი არაფერი, თორემ ამ პათოლოგი ქმრების გამო არაერთი ქალი რომ დაიღუპა უკვე, ყველამ ვიცით...

მშობლების მხრიდან შვილების გარჩევა, მით უფრო სქესის მიხედვით, მათი ყველაზე დიდი დანაშაულია, რომელსაც ოდესმე აუცილებლად ინანებენ, მაგრამ გვიან იქნება.