"რატომ არ თხოვდები? მარტო დარჩები, სიბერეში მომვლელი ხომ გინდა, შვილებს როდისღა გააჩენ..." - კვირის პალიტრა

"რატომ არ თხოვდები? მარტო დარჩები, სიბერეში მომვლელი ხომ გინდა, შვილებს როდისღა გააჩენ..."

საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან რომ უყვარს სხვისი ცხოვრების განხილვა და იმ საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რომელიც საერთოდ არ ეხება, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენებს, ვცილობ ყოველ შემთხვევაში და აი, მაშინ, როცა მგონია, რომ ეს ნაწილი მიხვდა, რომ არ არის საჭირო სხვის პირად ცხოვრებაში ქექვა და სხვისი სასიყვარულო ურთიერთობების განხილვა, მიხვდა იმას, რომ კითხვები: რატომ არავინ არ გყავს? არ თხოვდები? ბავშვს არ აპირებ? რამდენი გაქვს ხელფასი? და ა.შ. არაეთიკურია და არავის საქმე არ არის, ნურას უკაცრავად, ისევ იგივე მეორდება და ისევ და ისევ ვიგებ ახალ და ახალ ისტორიებს ამ თემასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული უნდა ვიყო ამ ქვეყანაში ადამიანების დამოკიდებულებას სხვისი ცხოვრების მიმართ, მაინც მიკვირს.

რამდენიმე დღის წინ მეგობართან ვიყავი, სადაც ჩემი მეგობრის მეგობრები და მათი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. მათ შორის იყო ნატა, რომელსაც შორიდან ვიცნობ, თუმცა "ფეისბუკზე" აქტიურად ვუწონებთ ხოლმე ერთმანეთს პოსტებს. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. როცა ოთახში შემოვიდა, გამახსნედა მისი განახლებული სტატუსი სოციალურ ქსელში, სულ რაღაც გუშინ ამცნო ინტერნეტ საზოგადოებას, რომ დაინიშნა და ბედნიერია. ცოტა გამიკვირიდა, რადგან მისი დამოკიდებულება ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრისგან ყოველთვის განსხვავდებოდა, თუმცა ვიფიქრე შეიცვალა აზრი და იქნება და მართლა გამოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმა მოანდომა-მეთქი და მეც გაღიმებული სახით მივულოცე.

მოკლედ, ჩემს მილოცვას რომ მოუსმინა, სიცილით მითხრა, სისულელეა ეგ ყველაფერი, უბრალოდ ნათესავებით დაწყებული მეზობლებით დამთავრებულ, ყველამ ისე შემაწუხა კითხვით თუ რატომ არ ვთხოვდები და საერთოდ ნორმალური ვარ თუ არა, რომ არავინ მყავს, გადავწყვიტე ცოტახანი ეს დანიშნულის სტატუსი მომერგო სოცქსელში და ასე ამერიდებინა თავიდან მომაბეზრებელი კითხვებიო…

მერე ვხუმრობდით, მალე ალბათ ბეჭედსაც იყიდი და ვითომ ქორწილსაც გადაიხდიო... ხუმრობა იქით იყოს და სასაცილო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ 27 წლის ქალი ისე შეაწუხონ გარშემომყოფებმა, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას.

ან საერთოდ, რას ნიშნავს ეს უაზრო კითხვა რატომ არ თხოვდები, განა შეიძლება ამ კითხვაზე არსებობდეს პასუხი, ან ვისი რა საქმეა თუ ქალმა ვერ იპოვა ადამიანი, რომელიც მას გაუგებს, რომელსაც გაუგებს, მოეწონება და ბედნიერად იგრძნობს თავს

მარტო დარჩები, მომვლელი ხომ გინდა, შვილებს როდისღა გააჩენ... მოკლედ, ისეთი ტექსტები მესმის ზოგჯერ, ლამის ვიფიქრო, რომ საქართველოში უმრავლესობა ოჯახს იმიტომ ქმნის, რომ მარტო არ დარჩეს, რომ სიბერეში წყალი ვინმემ მიუტანოს, რომ შვილები მხოლოდ ამიტომ უნდათ...

სამწუხაროდ, ქალებიც მიყვებიან ცოლად "ვიღაცას" მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში როგორმე სიცარიელე შეავსონ და არა იმას, ვინც თავდავიწყებით უყვართ.

ისე, ძალიან მაინტერესებს, ნუთუ ცოტა ადამიანი გინახავთ რომ გათხოვილა და შვილებიც გაუჩენია, მაგრამ სიბერეში წყლის მიმწოდებელი გვერდით არავინ ჰყოლია?!

რატომ ჰგონია უმრავლესობას, რომ ოჯახის შექმნა სიკვდილამდე ბედნიერი ცხოვრების გარანტიაა? "ზოგ გათხოვილ ქალს რომ უყურებ, გათხოვება კი არა კაცი აღარ მოგინდება ისეთ დღეში აქვთ ნერვები და ამათ უნდათ, ვინმეზე გავთხოვდე რომ შვილები მაინც დამრჩეს? გეუბნები რა, თვითონ არ არიან ნორმალურები"! - თქვა ნატამ და ვერც ვერავინ შეეწინააღმდეგა.

რეალური პრობლემა და ამ ისტორიის ყველაზე ნაღვლიანი მომენტი ისაა, რომ ადამიანებს საკუთარი ცხოვრება ისეთი უღიმღამო ეჩვენებათ, რომ სხვისი ყოველდღიურობით ცდილობენ გაიფერადონ. მეზობლებზე, ნათესავებზე, ნაცნობებზე ჭორაობით, მათი ბედის გადაწყვეტით და ვერ ხვდებიან, რომ ის, რაც მათთვისაა ნორმალური, სხვისთვის არ არის და ეს ასეც უნდა იყოს. აბა, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთნაირად ვაზროვნებდეთ და განსხვავებული აზრი არ იყოს საზოგადოებაში.

ერთისთვის გათხოვება და ოჯახის შექმნაა მნიშვნელოვანი, მაგრამ სხვისთვის თუ ეს მიუღებელი და სრულიად უინტერესო თემაა, მოდით, ნუ გავკიცხავთ და ნუ ვაიძულებთ ყველა ქალს ცოლის და დედის როლი მოირგოს. ის რაც ერთს უნდა, მეორეს არ უნდოდეს, ძალიან ბუნებრივია და ზოგადად, რაც უფრო მალე დავანებებთ თავს ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ასე აქტიურად ჩარევას, მით უკეთესი ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ნერვებისთვის.