ურჩხული სქელი საფულით და ლამაზმანი... - კვირის პალიტრა

ურჩხული სქელი საფულით და ლამაზმანი...

არავინ თქვას, გემოვნებაზე არ დაობენო, სწორედაც რომ მაგაზე დაობენ ყველაზე მეტს. ზოგს შეიძლება ქერა მოსწონდეს, ზოგს - შავგვრემანი, ზოგისთვის სიმაღლეს ჰქონდეს მნიშვნელობა ზოგისთვის კი - წონას, მაგრამ ფაქტია, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლებსაც კაციც და ქალიც უნდა აკმაყოფილედბნენ იმისათვის, რომ მათ საზოგადოების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურონ.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, კი ბატონო მართალია ეს შეხედულება და ისიც, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უფლება ჩავიცათ ის, რაც გვინდა, გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც მოგვწონს და ა.შ. ამ აზრსაც ვეთანხმები, მაგრამ ხომ არსებობს გარკვეული ნორმები? რას ვგულისხმობ, ახლავე განგიმარტავთ.

აი, წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ლამაზია, სასიამოვნოდ გამოიყურება და მის ვიზუალურ უპირატესობას ბევრ ქალთან შედარებით ყველა ერთხმად აღიარებს. და რა ხდება, მამაკაცი, რომელიც საერთოდ არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, აქვს საშინელი აღნაგობა, უარესი ქცევები, დადის გაბურძგნული, აცვია ძალიან უგემოვნოდ და ა.შ. თავხედურად დგება და უწყებს თავის მოწონებას ქალს, რომლის გემოვნება მამაკაცების მიმართ ზუსტად იცის ან რომც არ იცოდეს, ცოტა მეტად თუ დაფიქრდება, მიხვდება...

ადამიანს, რომელსაც ლაპარაკის მანერაც კი ისეთი საშინელი აქვს, 10 წუთითაც ვერ დაელაპარაკები, აქვს პრეტენზია მოაწონოს თავი ქალს, რომელმაც საკუთარი თავის ფასიც იცის და არასოდეს დაიწყებს ურთიერთობას ასეთ არასასიამოვნო ტიპთან. ყველაზე გამაღიზიანებელი კი იცით რა არის? აი, ასეთი კაცები, რომლებიც ვარჯიშსაც კი არ იწყებენ, იმიტომ რომ ეზრებათ და ღიპგადმოგდებულები დადიან, ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი საფულის სისქით განისაზღვრება ყველაფერი მათ გარშემო. ჰგონიათ, რომ რადგან "ფულიანი ტიპები" ჰქვიათ, ამიტომ ყველა ქალი მათ ნებისმიერ შეთვაზებას დათანხმდება... და თუ არ თანხმდებიან, კიდევ უფრო ქაჯებივით იქცევიან და ყოვლად უღირს შეტევაზე გადადიან...

აი, ასეთ კაცებს მინდა მივმართო, თუ შეიძლება, ნუ გგონიათ, რომ ყველა ქალს მხოლოდ ფული აინტერესებს და იმ კაცთან ერთად გაღვიძება მოუნდება, რომელიც არანაირად არ იზიდავს და მხოლოდ მისი საფულე ეჩვენება მომხიბვლელად. ნუ გგონიათ, რომ ვერც ერთი ქალი ვერ გეტყვით უარს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაგარი მანქანა გყავთ.

გაიგეთ ბოლოს და ბოლოს - ქალების უმრავლესობას ეს საერთოდ არ აინტერსებს!