მამაკაცებო, ნუ გგონიათ, რომ ქალი თქვენზე უკეთესს სხვას ვერ ნახავს! - კვირის პალიტრა

მამაკაცებო, ნუ გგონიათ, რომ ქალი თქვენზე უკეთესს სხვას ვერ ნახავს!

გუშინ სადღაც ამოვიკითხე, მამაკაცებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, აწყენინონ ქალებს და შემდეგ იმაზე გაბრაზდნენ, რომ ქალებს ეწყინათო. ამაზე დიდი სიმართლე არც გამიგია, მგონი… ზოგჯერ მართლაც მგონია, რომ კაცები უბრალოდ ვერ ხვდებიან რა სწყინთ ქალებს.

აი, მაგალითად, ჩემს მეგობარს ძალიან სწყინს და აღიზიანებს, მის პარტნიორს აზრადაც რომ არ მოსდის, კვირაში ერთხელ მაინც საყვარელ ადამიანს ლანჩზე ერთად წასვლა შესთავაზოს. თუ დრო არ გაქვს, ხომ შეიძლება, უბრალოდ, სამსახურში გაუგზავნო მისი საყვარელი ყავა და ყვავილების თაიგულიც მიაყოლო? არა, რა საჭიროა, ზედმეტი ყურადღება, თუ უყვარხარ, მაინც შენთან იქნება, მამაკაცებო, აღიარეთ, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობთ. კიდევ იმასაც ფიქრობთ, რომ უკვე თქვენია, უყვარხართ და სად წავა. ნურას უკაცრავად... ძალიან კარგადაც წავა.

ერთ დღესაც ამოუვა ყელში თქვენი უყურადღებობა, უემოციობა, უსექსობა და ადგება და წავა. მართლა არ მესმის, საიდან აქვთ მამაკაცებს ეს თავდაჯერებულობა, რომ ქალი მათზე მაგარს სხვას ვერ ნახავს. კარგით რა, გამოდით 17 წლის თინეიჯერი ბიჭების ასაკიდან და ცოტა მაინც გაიზარდეთ.

გარეთ 21 - ე საუკუნეა და დღევანდელი, დამოუკიდებელი ქალები არავის გამოეკიდებიან... რადგან თქვენ ვერ ხვდებით, რომ ადამიანს სითბო და ზრუნვა სჭირდება, მიხვდება სხვა. ყველა მართლა ერთნაირი შეუგნებელი ხომ არ იქნება ამ ქვეყანაში...

კიდევ ერთი პრობლემა - საჩუქრები. არავინ გთხოვთ, ქალს ყოველ კვირა ძვირადღირებული სუნამო და სამკაულები აჩუქოთ. შეიძლება რაღაც, ელემენტარული, ყურადღების გამომხატველი ჟესტით აფიქრებინოთ, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობთ!

მაგრამ არა, ეს რა საჭიროა? მოვა ახალი წელი ან დაბადების დღე და რაღაცას აჩუქებთ... ან კიდევ ქალთა დღე, დედის დღე, მოკლედ, აუცილებლობას როცა წარმოადგენს, თქვენი გადმოსახედიდან მხოლოდ მაშინ შეიძლება საჩქურის გაკეთება... ის, რომ თქვენი საყვარელი ქალი სულ ცდილობს გაგახაროთ და გასიამოვნოთ, ეს არაფრად ჩასაგდებია...

კარგით, მართალი ხართ, ყველა ასეთი არ არის, ყველას არ ენანება დრო, ფული და ენერგია საყვარელი ქალისთვის, არც ხელის განძრევა ეზარება იმისთვის, რომ პარტნიორი გააბენდნიეროს.

არც მე ვამბობ, რომ ყველა კაცი ერთნაირია...

ზუსტადაც, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კაცი ასეთი უყურადღებო არაა და ყველას არ ესიკვდილება ელემენტარული ყურადღების გამოვლენა, თქვენი იდილია, რომლის შესანარჩუნებლადაც არაფერს აკეთებთ, შეიძლება მირაჟი გამოდგეს.

მინდა, მივმართო იმ მამაკაცებს, რომლებიც ასე იქცევიან. ძვირფასებო, ყველა თქვენნაირი ნამდვილად არ არის და ერთ დღესაც, მალე თუ არ გამოსწორდებით, თქვენი საყვარელი ქალი იმ ადამიანს შეხვდება, რომლისთვისაც იმის შეხსენება არ იქნება საჭირო, პარტნიორი როგორ გაანებივროს, ჰოდა, მერე კარგად მეყოლეთ...

დასხედით და ივიშვიშეთ, ეს რა მოგვივიდაო... და ყველაფერი ისევ ქალს გადააბრალეთ, როგორც გეხერხებათ ხოლმე.

ისე, მე გაგაფრთხილეთ...