"ტკბილი ნოემბერი" - ნუ მიუხურავ ცხოვრებას კარს, იგრძენი სიცოცხლე! - კვირის პალიტრა

"ტკბილი ნოემბერი" - ნუ მიუხურავ ცხოვრებას კარს, იგრძენი სიცოცხლე!

ოდნავ მაინც თუ გიყვართ, ძველი, სასიყვარულო, რომანტიკული ფილმები, შეუძლებელია ნოემბერში "ტკბილი ნოემბერი" არ გაგახსენდეთ. ფილმის მთავარი გმირი ნელსონი, რომლის როლსაც ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი ასრულებს, წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც 24 საათის გამავლობაში მხოლოდ სამსახურსა და ფულზე ფიქრობს. ის ისეა ჩართული ბიზნესის სფეროში, რომ საცოლეც კი წყვეტს მასთან ურთიერთობას, რადგან საყვარელი მამაკაცის უყურადღებობის ატანა აღარ შეუძლია.

რამდენიმე დღეში, ნელსონი ერთ ქერა, ლამაზ და უცნაურ გოგონას ხვდება (მსახიობი შარლიზ სტერონი), რომელიც განსხვავებული გარეგნობითა და თამამი საქციელით ადვილად ამახსოვრებს თავს. ფილმის დასაწყისში მათი ურთიერთობა თითქოს დაძაბული და ბანალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში სარა ახალგაზრდა ბიზნესმენს თავს შეაყვარებს და თავისი უსაზღვრო სიყვარულით უარს ათქმევინებს ცივ, შავ-თეთრ და უემოციო ცხოვრებაზე და ნამდვილი სიყვარულის, ვნების და გრძნობების სამყაროში შეუღებს კარს...

თითქოს ყველაფერი კარგადაა და შეყვარებული წყვილის ბედნიერებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ცხოვრებაში იდეალური ხომ არაფერია. ნელსონი საშინელ სიმართლეს იგებს - სარა ავადაა, ძალიან ავად და...ის მიდის მარადისობისკენ, ნელსონი რჩება მწარე რეალობაში და მოუწევს იმ სიცარიელესთან გამკლავება, რომელიც სარას გარდაცვალების შემდეგ დაისადგურებს მის გულში.

ლამაზი სიყვარულის ისტორია, იდეალური წყვილი, ლამაზი ქალაქი ... თითქოს არაფერი მეტი არაა სჭირო ბედნიერებისთვის და მაინც, ბედი არ აძლევს ორ ახალგაზრდას სიყვარულით ტკბობის საშუალებას.

ყველა განსხვავებულად იგებს ამ ფილმის მორალს, ზოგისთვის უბრალოდ ჰოლივუდური ბანალური ისტორიაა, ზოგი კიდევ უფრო მეტად რწმუნდება, რომ მარადიული არაფერია...

მე კი ვფიქრობ, მთავარი მომენტი ზუსტადაც, რომ ნელსონის გამოფხიზლება და შეიძლება ითქვას, გადარჩენაც კია. რამდენი მისი მსგავსი ადამიანი შეგხვედრიათ, მეტიც, შეიძლება ნაცნობებშიც გყავთ არაერთი. რომლებისთვის მთავარი კარიერაა - ისინი ვერ გამოხატავენ გრძნობებს, მგონი, აღარც ახსოვთ და სექსიც კი აღარ აქვთ... თითქოს მანქანები იყვნენ, ისე მოქმედებენ და ასეთ რომანტიკულ ურთიერთობებშიც კი "ბიზნესის ენით" ლაპარაკობენ.

და რა ჰგონიათ ასეთ კაცებს, რომ მათთან მყოფი ქალები ბედნიერები არიან?

რომ ისინი გრძნობენ კაცის სიყვარულს და სითბოს? - არა და არა.

არც ერთი ნორმალური ქალი, რომელსაც უყვარს კაცი, ვერ იქნება ბედნიერი ასეთ ურთიერთობაში. ფილმის მთავარი გმირი ამას გვიან ხვდება, მანამდე მან არა ერთ ქალს ატკინა გული თავისი ცივი ხასიათის გამო და მაშინ, როდესაც თვალი აეხილა უკვე ძალიან გვიან იყო, იქნებ, არც იყო იმ სიყვარულის ღირსი, რომლის მიცემაც სარას შეეძლო და ამიტომაც არ ეღირსათ მათ ერთად ყოფნა?

მთავარი, ალბათ, იმის გაგებაა, რომ დრო გადის, არავის ელოდება და ასეთ უემოციო და უყურადღებო კაცებსაც ბევრი ქალი არ დაელოდება მთელი ცხოვრება...

ამიტომ თუ თქვენთვის დღეს პრიორიტეტი მხოლოდ კარიერაა, თუ ძალიან იშვიათად ნახულობთ საყვარელ ქალს იმის გამო, რომ საქმიანი შეხვედრებით გაქვთ განრიგი გაძეძგილი, იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან ის უბრალოდ ვეღარ გაუძლებს და წავა... ამიტომ გამოიხედეთ, მაგ ციფრებისა და ანგარიშების იქით ცხოვრება გაცილებით საინტერესოა...