ნერვიულობდი ნაოჭებზე, წლების მატებაზე, ერთ დღესაც ის გამოჩნდა - ასეთი ახალგაზრდა და ენერგიული... - კვირის პალიტრა

ნერვიულობდი ნაოჭებზე, წლების მატებაზე, ერთ დღესაც ის გამოჩნდა - ასეთი ახალგაზრდა და ენერგიული...

ჩემს გარშემო არა ერთი ქალი, რომელიც 30 წელს უკვე გადაცდა, აღიარებს, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცები იზიდავს. რა კაცები, ზოგჯერ 20-23 წლის ბიჭებიც კი.

მოსაზრება, რომ რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით მეტად იზიდავს მასზე ასაკით პატარა პარტნიორები, თურმე სულაც არ ყოფილა მითი. თუმცა ქალების გარკვეული ნაწილი საერთოდ უარყოფს და ზოგჯერ განიკითხავს კიდეც მათ, ვინც ასაკობრივ სხვაობას ყურადღებას არ აქცევს. მათთან საუბრის დროს რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მხარე გამოიკვეთა, რომლებიც მინდა გაგიზიაროთ და თუ თქვენს პირად ცხოვრებაში ხვდებით, რომ ასეთი ეტაპი დადგა, კარგი იქნება უკვე გამოცდილი ქალების აზრს თუ გაითვალისწინებთ, რა იცით, რა ხდება, იქნებ, ეს დაგეხმაროთ კიდეც...

როდესაც შენზე ბევრად ახლგაზრდა კაცთან იწყებ ურთიერთობას, უფრო მარტივად უყურებ შენს განვლილ გზას, წარმატებებს და შეცდომებსაც. ხვდები, რომ უფრო გამოცდილი ხარ და საყვარელ ადამიანს შეგიძლია ბევრი რამე ასწავლო, რაც საკუთარ თვითშეფასებას კიდევ უფრო გაგიზრდის და თავის დამშვიდების საშუალებასაც მოგვცემს.

თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს, მაგალითად ის, რომ მისგან ახალს ბევრს ვერაფერს ისწავლი, რადგან გამოცდილება შენ ყოველთვის უფრო მეტი გექნება. ახალგაზრდა მამაკაცი თითქმის ყოველთვის აღფრთოვანებულია ასაკით უფროსი პარტნიორით, იმით, რომ შენ დამოუკიდებლობას დიდი ხანია მიეჩვიე, შენთვის მარტო დარჩენა და პრობლემების გადაწყვეტაც არაა პრობლემა. ის კი ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას ახლა იწყებს და შენი დახმარებით ბევრ აღმოჩნასაც გააკეთებს მანამ, ვიდრე შენი ყურადღებით იქნება განებივრებული. თუმცა, ცუდი ისაა, რომ მისი ახალგაზრდობის გამო მას გადაწყვეტილებების მიღება უჭირს, კონკრეტული მოქმედების დაგეგმვა და განხორციელებაც...

მაგალითად, მაშინ, როდესაც შენ მთელი კვირა დაგეგმილი გაქვს და ისიც კი, სად აპირებ შვებულების გატარებას, მან ისიც კი არ იცის ხვალ საღამოს სად აღმოჩნდება, თავიდან შეიძლება შენთვის ეს ახალი და საინტერესოც იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი დაუგეგმავი ცხოვრება მოსაბეზრებელიც კი შეიძლება გახდეს.

კიდევ რა შეიძლება ვიპოვოთ ასეთ ურთიერთობაში კარგი?

მაგალითად ის, რომ ის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარება. როგორ? - მარტივად. აღიარე, რომ მასთან შეხვედრამდე ნერვიულობდი ნაოჭებზე, იმაზე, რომ წლები გემატებოდა და საპირისპირო სქესისთის სასურველი მალე აღარ იქნებოდი, ერთ დღესაც კი... ის გამოჩნდა შენს ცხოვრებში, ასეთი ახალგაზრდა და ენერგიული, რომელმაც თავისი ასაკის გოგონების მაგივრად შენ, მასზე ბერად უფროსი აგირჩია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენი მიმიკური ნაოჭები სულაც არ ყოფილა პრობლემა და ქალი, რომელიც თავს უვლის ნებისმიერ ასაკში ლამაზი და მიმზიდველია. გამოცდილება კი მას უფრო მეტ ხიბლს მატებს. თუმცა, მაინც ფრთხილად იყავი, ბოლოს დედის როლის შესრულება არ მოგიწიოს, ეს სასიამონო ნამდვილად არც ერთი საღად მოაზროვნე ქალისთვის არაა და არც მისი ხნის გოგონებზე გადამეტებული ეჭვიანობით მოაბეზრო თავი...

მოკლედ, 10 წლით უფროსთან გადაწყვეტ ურთიერთობას თუ უმცროსთან, ეს მხოლოდ შენი საქმეა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბედნიერებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იპოვო და წლები აქ არაფერ შუაშია.