"ერთ წელში მიღალატა" - როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცზე თხოვდები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელზე?! - კვირის პალიტრა

"ერთ წელში მიღალატა" - როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცზე თხოვდები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელზე?!

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენში ბევრი წყვილი ქორწინებამდე თავს იკავებს სექსუალური ცხოვრებისგან, დაოჯახების შემდეგ ხშირად უჩნდებათ პრობლემები, ზოგჯერ კი ძალიან დიდი. ზოგადად მამაკაცები მონოგამები რომ არ არიან, ეს ახალი ამბავი არავისთვისაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი...

ასე დაემართა ერთ ჩემს ახლობელს, რომელიც 25 წლის ასაკში შეხვდა "იმ ერთადერთს", მოიხიბლა მისი ქცევებით, ვიზუალით, ყურადღებით და რაღას დალოდებოდა? ადგა და გაყვა. ვის გაყვა? - აღმოჩნდა, რომ თავადაც არ იცოდა.

ოჯახის შექმნიდან დაახლოებით ერთ წელში, ნინო ატირებული მოვიდა ჩემთან... როგორც გაირკვა, აღმოაჩინა, რომ მისი სამაგალითო მეუღლე ხშირად ხვდებოდა გოგონებს და სექსუალურ კავშირსაც არ ერიდებოდა მათთან, ვინმე კონკრეტული კი არ ჰყავდა, მისი სამიზნე ობიექტები ხშირად იცვლებოდნენ, მოკლედ, ყოველი ღალატი ახალ ქალთან დაწყებულ ურთიერთობას ნიშნავდა.

შემდეგ კი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, იგივე განმეორდა, ჰპირდებოდა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა, რომ ეს მხოლოდ სექსი იყო, რომ ცოლი უყვარდა და ა.შ. მოკლედ, ბოდიშს იხდიდა და კიდევ ათასი სიულელე. თითქოს წარმოუდგენელია, ამ ბოდვის დაჯერება, მაგრამ ნინომ თავდაპირველად დაიჯერა და აპატია, მაგრამ აზრი? არ გასულა ნახევარი წელიც, რომ ქმრის ტელეფონში რამდენიმე ქალთან ერთდროულად გაგზავნილი სასიყვარულო მესიჯები იპოვა, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო და სახლიდან წავიდა, თუმცა ქმარმა მიაკითხა, დაპირებებით ისევ გააბრუა და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში...

როდესაც ასეთი ამბები მესმის, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება 25 წლის ქალი ისე გათხოვდე, წარმოდგენა არ გქონდეს ვის მიჰყვები. ამ დროს ვერც პატარა ასაკს და ვერც გამოუცდელობას დააბრალებ ასეთ შეცდომას, როგორ შეიძლება ქორწინებამდე ვერ გაარკვიო ნორმალურ კაცს მიყვები თუ სექსუალურად დაუკმაყოფილებელს, რომელსაც მანიაკობამდე ცოტა უკლია?

თან ეს ყველაფერი არ არის, ეს ვაჟბატონი საკმაოდ წარმატებული კომპანიის დირექტორი იყო და მისი კოლექტივიც ძირითადად ლამაზი ქალბატონებით იყო დაკომპლექტებული. სხვისი საფულის შემყურე ქალებსაც კი მეტი რა უნდათ, უაზრო შეპირებები ამა თუ იმ ნივთის ყიდვის ან დაწინაურების შესახებ და ყველაფერი მოგვარებულია. მოკლედ, ქალები არ ილეოდნენ.

დროთა განმავლობაში იმ აზრამდე მივიდნენ, რომ აჯობებდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ და გაეგოთ, რა იყო ეს, ყოვლად უპასუხისმგებლო ქცევა თუ ავადმყოფობა. ალბათ ადვილია, თავი ავადმყოფად მოაჩვენო ადამიანს და ამით შენი შინაგანი სამყარო დამალო, დამალო ის, რომ რეალურად ქალებს როგორც გასართობ საშუალებას ისე უყურებ და გულწრფელი გრძნობები და ერთგულება შენთვის უცნობია.

დრო გავიდა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ისინი მაინც დაშორდნენ. ახლა ნინო ზრდის ორ შვილს, მუშაობს, ზრუნავს საკუთარ თავზე და როგორც ამბობს, სურვილი მეორედ შექმნას ოჯახი, ჯერ არ გასჩენია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ თუ ეს მეორედ მოხდება, აუცილებლად ბევრად დაფიქრებულად გადადგამს ნაბიჯს.

კარგია ადამიანს სხვების შეცდომაზე თუ არა, თავისაზე მაინც რომ შეუძლია სწავლა და იმის გააზრება, რომ ქორწინებამდე ერთად ცხოვრების საკითხი ცოლ-ქმრის ბედნიერი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან ნათესავები და მეზობლები, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებამდე მივა ქალი, აუცილებელია იცოდეს ვის უკავშირებს ცხოვრებას და დიახაც, ამისათვის რამდენიმე წელი სასურველ მამაკაცთან ერთად, ცალკე ცხოვრება აუცილებელია!