ბორშჩი მოიცდის, ანუ გოგონებო, ნუ გადაიქცევით გათხოვების შემდეგ "ურჩხულად"! - კვირის პალიტრა

ბორშჩი მოიცდის, ანუ გოგონებო, ნუ გადაიქცევით გათხოვების შემდეგ "ურჩხულად"!

ქალებზე, რომლებიც ქორწინების შემდეგ, ლამაზი პრინცესებიდან "ურჩხულებად" გადაიქცევიან ხოლმე, ბევრს ხუმრობენ, მაგრამ სინამდვილეში ამაში სასაცილო არაფერია, მეტიც უფრო სატირალია ის ამბავი, რომ ლამაზი ფერია რამდენიმე წლის შემდეგ სასოწარკვეთილ დიასახლისად იქცევა, სუქდება, აღარ იხდის ხალათს, აღარ უნდა სექსი, აღარ აინტერესებს როგორ გამოიყურება და ა. შ... აი, ამ დროს აშკარა ხდება, რომ ქორწინება დანგრევის პირასაა. მაგრამ მთავარი აქ ისაა, ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე, ქმარი თუ ცოლი? თუ ორივე ერთად და კიდევ ის, როგორ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა.

საქმე იმაშია, რომ ქალები ერთობლივი ცხოვრებისთვის ისე ემზადებიან, გეგონებათ, კანტორაში მიდიოდნენ სამუშაოდ და გათხოვებისთანავე იმატებენ აურაცხელ ვალდებულებებს, რომლებიც, რაც შეიძლება მალე უნდა შეასრულონ… ეს ვალდებულებები კი არა თუ არ მთავრდება, წლების მატებასთან ერთდ, უფრო და უფრო იზრდება... ბოლოს კი ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ დიასახლისს საკუთარი თავისთვის დრო აღარ რჩება, რაც მეუღლის გულგრილობას იწვევს და პრობლემებს ესეც ემატება.

მაშინაც კი, როდესაც ქალი არ არის მორალურად თუ ფიზიკურად მზად ოჯახური ცხოვრებისთვის ან უბრალოდ არ უნდა ოჯახის შექმნა, ვალდებული ხდება ეს გააგეთოს. რატომ? იმიტომ, რომ სხვების აზრს ითვალისწინებს. ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა, რა თქმა უნდა, რომ არ გამოსდის, ეს კი მის გარეგნობაზე და ხასიათზე მაშინვე აისახება.

როგორ წარმოგიდგენიათ, ქალს არ აინტერესებდეს საკუთარი გარეგნობა? ის, რომ ადამიანი ამ ეტაპამდე მივიდეს, ამისათვის დიდი სტრესია საჭირო, ისე უბრალოდ შეუძლებელია.

მოკლედ, ქალი ამ გადაწყვეტილებამდე თუ მაინც მივიდა, ბოლოს ხდება ისე, რომ პრეტენზიები მხოლოდ მის მხარეს ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარი, ორივე მუშაობს, მხოლოდ ქალმა უნდა "შეასრულოს" სამსახურის შემდეგ მეორე ცვლა, გაამზადოს საჭმელი, მოაწესრიგოს სახლი, მიხედოს ბავშვებს, თავს, ქმარს, ხოლო ეს უკანასკნელი იჯდეს და გაზეთს კითხულობდეს, რას ვიზამთ, კაცია, დაიღალა. სექსიც დროთა განმავლობაში მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულებულ 5-წუთიან სამუშაოდ იქცევა და აბა, როგორ გინდათ ჰარმონიაზე და ბედნიერებაზე ფიქრი?

ისმის კთხვა, რისთვის ვეძებთ სიყვარულს? რისთვის ვქმნით ოჯახებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენც იმ მეზობლებს დავემსგავსოთ, რომლების სახლიდან მხოლოდ ნამცხვრების სუნი გამოდის და წითელი ფუმფულა ხალათის გარეშე წლებია არ გინახავთ?

იქნებ, ჩვენ თვითონ ვაქცევთ ქორწინებას ვალდებულებად, იქნებ, ჩვენ თვითონ არ ვაფასებთ საკუთარ თავს იმდენად, რომ მივცეთ საშუალება აისრულოს ოცნებები, იყოს წარმატებული და შემდგარი ადამიანი? იქნებ, დროა ჩავიხედოთ სარკეში, გავიხადოთ ეს სახლის ფეხსაცმელი და ხალათი, ჩავიცვათ ის, რაც მოგვწონს, რაშიც თავს სექსუალურად ვგრძნობთ.

… და ბორშჩი? -ბორჩში მოიცდის! ბოლოს და ბოლოს სადილობა რესტორანშიც შეიძლება.