"ქმარს ქორწინებიდან ერთ წელში დავშორდი" - კვირის პალიტრა

"ქმარს ქორწინებიდან ერთ წელში დავშორდი"

როგორ შეიძლება 10-წლიანი სიყვარული შეუღლებიდან ერთ წელში გაქრეს?!

შეიძლება ადამიანთან წლობის განმავლობაში გქონდეს ურთიერთობა, ერთადაც იცხოვროთ, იცნობდე მის მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ისვენებდეთ ერთად, დადიოდეთ სამოგზაუროდ და მოკლედ, აკეთებდეთ ყველაფერს, რაც სრულფასოვან წყვილს შეეფერება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გგონია საყვარელ ადამიანს შემწვარ-მოხარშულს იცნობ, დაოჯახების შემდეგ ბევრი რამე კარდინალურად შეიცვალოს.

მახსოვს, ჩემი მეზობელი რომელიც გერმანიაში გათხოვდა, საქმროსთან 10 წლის თანაცხოვრების შემდეგ მოაწერა ხელი და იცით რა მოხდა? ურთიერთობის გაოფიციალურებიდან 1 წლის თავზე დაშორდნენ.

მახსოვს მაშინ ჩემი მეზობელი ყვებოდა: ურთიერთობის გაოფიციალურებამ ერთბაშად უამრავი პრობლემა წარმოშვა, თითქოს რადგან ცოლ-ქმარი გავხდით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებდით ერთმანეთს, მეტს ვითხოვდით და 10-წლიანი ურთიერთობაც ერთბაშად დაგვენგრა...

მახსოვს, მაშინ ამ შემთხვევამ ძალიან გამაკვირვა. როგორ შეიძლება 10-წლიანი სიყვარული უბრალოდ შეუღლებამ დაანგრიოს? თუმცა ხდება ხოლმე და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფურცელზე დაკანონებული ურთიერთობა ხშირად ინგრევა. თუმცა, არ დაგვავიწყდეს წყვილები, რომლებიც ამ ყველაფერს უძლებენ და ბედნიერად ცხოვრობენ, საინტერესოა მაინც, რას აღმოაჩენ ხოლმე ქორწინების პირველ წელს?

1) უჩვეულო შეგრძნებაა გერქვას ვიღაცის ცოლი და დაუძახო მას ქმარი. ეს სასიამოვნოც არის, თუმცა დროთა განმავლობაში ამას ისე ეჩვევი, გავიწყდება კიდეც ოდესმე თუ უხერხულობას გრძნობდი ამის გამო.

2) პირველ პერიოდში ცოტა მიუჩვეველი იქნები იმას, რომ ის წვერს მაინც და მაინც მაშინ გაიპარსავს, როდესაც შენ შხაპს მიიღებ, ან სულაც შეიძლება ტუალეტის კარი ღია დატოვოს, მალე აღმოაჩენ, რომ მას ხშირად ეზარება საღამოობით წყლის გადავლება ის კი გაიგებს, რომ სულაც არ გყვარებია სამზარეულოში ფუსფუსი.

3) ხშირად, წყვილებს შორის პრობლემები ფინანსური არასტაბილურობის გამოც იწყება. ხელფასის დახარჯვას არაფერი უნდა, აი, თანხის შეგროვება კი ძალიან რთულია, ამიტომ, კარგი იქნება თუ წინასწარ დაგეგმავთ რა უნდა გააკეთოთ მომავალი წლების განმავლობაში და რამდენი გჭირდებათ ამისათვის.

4) რთულია ორის ცხოვრების გაერთიანება - სესხები, კრედიტები, ვალები, ყველაფერი საერთო ხდება, მაგრამ ამის კარგი მხარე ისაა, რომ ძალიან მალე ერთად მოქმედებას ისწავლით და პრობლემების ერთად მოგვარებაც ბევრად გაგიადვილდებათ.

5) ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ისინი უფრო მეტს აკეთებენ ურთიერთობისთვის, ვიდრე მათი მეორე ნახევრები, სინამდვილეში კი ეს უკანასკნელებიც ასე ფიქრობენ. ამიტომ, იმისათვის რომ მომავალში არ წარმოიშვას გაურკვევლობა, კარგი იქნება, თავიდანვე თუ მიეჩვევით ყველაფერზე გულახდილად და მშვიდად დალაპარაკებას.

6) ყოველთვის, ნებისმიერ ურთიერთობაში და მითუმეტეს როდესაც ეს პირადს ეხება, აუცილებელია გულახდილობა. თუ დროთა განმავლობაში დაუმალავთ ერთმანეთს რა გწყინთ, რა არ მოგწონთ, რის შეცვლას ისურვებდით და ასე შემდეგ, ბოლოს მიხვალთ იქამდე, სადაც სამწუხაროდ არა ერთი წყვილი მისულა, ამიტომ თავიდანვე თუ მიეჩვევით სიმართლის თქმას, თქვეს ოჯახურ ცხორებაზე ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგად აისახება.

7) წესით ქორწინების პირველ წელს სექსში პრობლემები არ უნდა შეიქმნას, მაგრამ რატომღაც ბევრ ქალს ჰგონია, რომ ორსულობის დროს სიახლოვე არ შეიძლება. თუ თქვენ ასე მალე დაორსულდებით, გაიარეთ კონსულტაციები ექიმებთან და დარწმუნდებით, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგადაა, ორსულობის პერიოდში ქალებს ბევრად უფრო მეტად უნდებათ სექსი, ვიდრე სხვა დროს. ნუ, რა თქმა უნდა, ქმარი თუ იზიდავთ იმ შემთხვევაში.

8) დედამისი შვილივით გექცევა, ან - არა. მოკლედ, ქორწინებიდან პირველი წელიწადი ის პერიოდია, როდესაც დედამთილთან ურთიერთობა უნდა დაარეგულირო, თორემ ერთხელ გაჩენილი ბზარი არა მხოლოდ ცოლ-ქმრულ ბედნიერებას ანგრევს, არამედ რძალ-დედამთილის მომავალ ურთიერთობასაც უთხრის ნიადაგს.

9) ერთი წლის განმავლობაში მიხვალ დასკვნამდე, სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა, შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ თუ პირველივე წელს უფრო ხშირად ნაჩხუბრები ისხდებით ტელევიზორის წინ, ვიდრე ჩახუტებულები, სჯობს ურთიერთობა მანამ დაასრულოთ მშვიდობიანად, ვიდრე ბავშვები გაჩნდებიან.

10) ოჯახის ფსიქოლოგი მნიშნელოვანია და ეს ყველა წყვილს უნდა ესმოდეს. თუ კარგადაა ყველაფერი, ამ დროსაც შეიძლება პერიოდულად კონსულტაციაზე წასვლა, ამ დროს გაიგებთ იმას, რა არ უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდეს. ადრე თუ გვიან სპეციალისტების რჩევები გამოგადგებათ.

ზოგი ერთი წლის მერე აღმოაჩენს როგორი ბედნიერი ყოფილა, რომ მივიდა დაქორწინების გადაწყვეტილებამდე, ზოგი კი ხვდება, რომ ცხოვრებაში სხვა ასეთი შეცდომა არ დაუშვია. ყველაფერი ინდივიდუალურია და ალბათ მზა რეცეპტი ბედნიერი ოჯახისთვის არც არსებობს. მთავარი ალბათ მაინც ისაა, გავუგოთ, ვიყოთ ერთგულები, არ ვაწყენინოთ ერთმანეთს და ყოველთვის გულახდილად ვისაუბროთ ერთმანეთთან.