როგორ გავახაროთ საყვარელი მამაკაცი ახალ წელს? - კვირის პალიტრა

როგორ გავახაროთ საყვარელი მამაკაცი ახალ წელს?

ახალი წელი ძალიან მალე შემოაღებს კარს. როგორც ხშირად ხდება, სახლში ყველაფერს ქალი ითავსებს. საახალწლო მენიუს შედგენა, სუფრის გაშლა, საჩუქრების ყიდვა, ნაძვის ხის მორთვა, ბავშვების კონტროლი, რომ 31 დეკემბრამდე არავინ არაფერი ჭამოს და ასე შემდეგ... თუმცა შეგიძლიათ ამ საქმიანობაში მეუღლეებიც დაიხმაროთ. მაგრამ რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ მათაც ბავშვებივით უხარიათ საახალწლოდ მიღებული საჩუქრები და საერთოდ ყურადღება საყვარელი ადამიანებისგან, ამიტომ დაივიწყეთ ძველი წყენა, გაუგებრობა და საყვარელ მამაკაცს დაუვიწყარი ღამე აჩუქეთ. რა არის ამისთვის საჭირო? სულ რამდენიმე ნაბიჯი.

1. არაფერი მოხდება ერთი დღით ბავშვებს ბებია-ბაბუასთან თუ გაუშვებთ, მთელი დღე დაუთმეთ საკუთარ თავს, გამოიყენეთ საყვარელი სპა საშუალებები, შეიძინეთ ახალი თეთრეული და მოემზადეთ საღამოსთვის.

2. არაა აუცილებელი ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დაახვედროთ მეუღლეს. ეს ზედმეტად დაგღლით და თან მის მუცელზეც ცუდად აისახება, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ მსუბუქი ვახშმით და თითო ჭიქა ღვინით დაკმაყოფილდებით.

3. შეარჩიეთ რომანტიული, მშვიდი სიმღერები და გააკეთეთ ფლეილისტი, რომ ყოველ წუთას გადართვაში დრო არ დაკარგოთ.

4. არ დაგავიწყდეთ ახალი და სექსუალური თეთრეულის ყიდვა. გასაგებია, რომ ზოგჯერ თავს უფლებას აძლევთ ყვავილებიანი პიჟამათი დაძინებას, მაგრამ იქნებ ზოგჯერ მაინც გაიხსენოთ ძველი დრო, როდესაც ერთმანეთს თავს აწონებდით და დაუვიწყარი ღამე აჩუქოთ ერთმანეთს? ამაში შენი ვიზუალი გადამწყვეტ როლს თამაშობს, სცადე და თავად დარწმუნდები.

5. საჩუქარი? მოდი ამჯერად მაინც ნუ აჩუქებთ ისეთ რამეს, რაც უბრალოდ პრაქტიკულია. გაიხსენეთ რა მოსწონდა ადრე, რომელ ბრენდს ანიჭებდა უპირატესობას, რას ყიდულობდა საკუთარი თავისთვის სანამ ოჯახურმა ხარჯებმა არ შეუმცირა ბიუჯეტი და აარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომლის დანახვისას ზუსტად იცით, რომ სუნთქვა შეეკვრება და გაბედნიერდება.

თუ მთელი წლის მანძილზე ორივემ ბევრი კარგი და ცუდი გადაიტანეთ, კიდევ ერთი წელი "გადააგორეთ" და თუ თქვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ ფერადი და სიყვარულით სავსეა, მაშინ ეს დღე იდეალური დროა, ამ ყველაფრის აღსანიშნავად. თუ ასე არაა და ურთიერთობაში მზარი გაჩნდა, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სცადოთ ყველაფრის ახალი ფურცლიდან, ახალი წლიდან დაწყება. იმაზე კარგი ხომ არაფერია, როდესაც საყვარელ მამაკაცთან ერთად შეგიძლია კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და აჩუქო მას ბედნიერება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ამას იმსახურებს, რადგან წლები გადის და ხშრად წყვილებს ისიც კი ავიწყდებათ, რომელი სუნამო მოსწონთ მეუღლეებს, რა აბედნიერებთ, რა უხარიათ, რა სწყინთ.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ახლობელი ამბობდა, ვნება 3 წლის მერე გადისო. არ დაიჯეროთ. ვნება და სიყვარული იქამდე ძლებს, სანამ ადამიანები ამის საშუალებას აძლევენ, თორემ თუ ურთიერთობას არ მოვუფრთხილდებით და განვითარების საშუალებას არ მივცემთ, 3 წელიწადში კი არა, ჩვენი ბედნიერება ერთი წელიც კი ვერ გაძლებს. ამიტომ მოდით, ჩვენს შეცდომებს ქიმიის გაქრობას და ჰორმონებს ნუ დავაბრალებთ, უბრალოდ მოვინდომოთ, რომ საყვარელი ადამიანები ზოგჯერ მაინც გავხადოთ ბედნიერები. ახალი წელი კი ამისთვის საუკეთესო არჩევანია.