"თუ მართლაც ასეთი ცუდია მამა, დედა რატომ არ შორდება"?! - კვირის პალიტრა

"თუ მართლაც ასეთი ცუდია მამა, დედა რატომ არ შორდება"?!

შვილები მშობლებისთვის თუ პირიქით?

კაცების დამცველად თუ გამოვდგებოდი ოდესმე რას წარმოვიდგენდი, მაგრამ რომ ამბობენ ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო, როგორც ჩანს, მართალი ყოფილა. რაც არ უნდა მოხდეს, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეს წყვილში ერთი ან მეორე მხარე, არასოდეს, არასოდეს გავამართლებ ქალს, რომელიც შვილების მანიპულირებით ქმრის გამწარებას ან შენარჩუნებას ცდილობს.

ადრე თუ გვიან კაცს შენი უყურადღებობით იმ მომენტამდე რომ მიიყვან, სახლში მოსვლის სურვილი აღარ ჰქონდეს, მერე შვილებით აღარ უნდა შეაშინო. ყოვლად დაუშვებელია, ბავშვებმა ცოლ-ქმრის პირადი თავიდან ბოლომდე იცოდნენ, დეტალურად ჰქონდეთ ინფორმაცია "სად დადის მამა", რატომ ჩხუბობს დედა და ა.შ.

ნუთუ ვერ ხვდებიან ასეთ შემთხვევაში, რომ უპირველესად ბავშების ფსიქიკა ირყევა. მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე მაშინ, როდესაც ბრაზი ახრჩობთ და ერთმანეთს ბოლო ხმაზე, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ. ბავშვი კი, სადღაც კუთხეშია მიყუჟული და ორი საყვარელი ადამიანის გინებას უსმენს. ამას უპირველესად დედა უნდა უშლიდეს ხელს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ქალები ცდილობენ შვილები ჩააყენონ საქმის კურსში და ამით უფრო მეტად დაძაბონ ვითარება.

რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, როდესაც მამას შვილი საერთოდ არ აინტერესებს და ყველაფერს დედა აკეთებს. ამ შემთხვევაში აუცილებელიც კია ბავშვმა გარკვეულ ასაკში გაიგოს სიმართლე და მთელი ცხოვრება მამა ანგელოზი არ ეგონოს. ასეთ დროს დედის მიმართ გაუჩნდება კითხვა, რომ თუ ასეთი კარგია მამა, რატომ გაშორდა? რაც ძალიან ლოგიკური იქნება. ამიტომ თუ ასეთი სიტუაციაა, ვფიქრობ, გარკვეული დოზით ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია, თუმცა მაშინ, როდესაც შვილებს არანაირი პრობლემა არ ექნებათ და არც საფრთხე ემუქრებათ, რა საჭიროა წყვილს შორის არსებული ყველა უთანხმოების და პრობლემის დეტალები იცოდნენ?!

მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი სკოლელი როგორი დატანჯული იყო დედისგან, რომელიც ქმართან ყოველი ჩხუბის მერე, მე-7 კლასელ გოგონას დაწვრილებით უყვებოდა როგორ სვამდა მამამისი, რა უპასუხისმგებლო, უყურადღებო და ცივი იყო, როგორ დაძვრებოდა ქალებში და ა.შ. მახსოვს გოგონა როგორ კითხულობდა, თუ ასეთი ცუდია მამა, დედა რატომ არ შორდებაო? სიტუაცია წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, ბავშვმაც მშობლების წარუმატებელი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი იცოდა, რაც ძალიან ცუდად აისახა მის განვითრებასა და ფსიქიკაზე.

ამიტომ, დამიჯერთ, ქალბატონებო, ბევრს აქვს პრობლემა მეუღლესთან და თითქმის ყველა ოჯახშია უთანხმოება, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ მშობლების უპირველესი მოვალეობა შვილების ჯანსაღ მომავალსა და ფსიქიკაზე ზრუნვაა. ამას კი ქმართან გაუთავებელი კამათით ვერ მიაღწევთ. ბოლოს და ბოლოს რა გგონიათ თქვენს შვილებს რა უნდათ? ვითომ ბედნიერი ოჯახის სახელი და რეპუტაცია თუ ნამდვილად ბედნიერი დედ-მამა? კარგი იქნებოდა ხშირად ვფიქრობდეთ მსგავს საკითხებზე, არც ჩვენ ვინგრევდეთ ცხოვრებას და არც სხვას ვუშლიდეთ ბედნიერებაში ხელს.