მიკოზი არცთუ ისე უსაფრთხოა... - კვირის პალიტრა

მიკოზი არცთუ ისე უსაფრთხოა...

სოკოვანი დაავადებების მიზეზია ე.წ. სოკო-დერმატოფიტები (კანის, თმისა და ფრჩხილების სოკოვანი პარაზიტები). სრულიად საკმარისია მათთან მინიმალური კონტაქტი, რომ მყარად დასახლდეს კანზე და დაიწყოს "მუშაობა".

სოკოს სპორები საოცრად სიცოცხლისუნარიანია - უძლებს 100 0ჩ სიცხესა და 600ჩ ყინვას. მიკოზით შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს. ის უპირატესობას "ანიჭებს" იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებს, ჰიპერჰიდროზით, ვარიკოზით, დიაბეტით დაავადებულებსა და ბრტყელტერფიანებს. სოკოს უყვარს დაზიანებული კანი და ფრჩხილები. ვიწრო და მჭიდრო ფეხსაცმელი, რომელიც ცუდად ატარებს ჰაერს, სოკოს უქმნის გამრავლების კომფორტულ პირობებს.

მიკოზის სიმპტომებია: ქავილი, წვრილი ბუშტუკები გამჭვირვალე სითხით, აქერცლილი კანი, ხელის ან ფეხის ფრჩხილების დაყოფა. თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, სასწრაფოდ ეწვიეთ დერმატოლოგს. გამოკვლევის შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. მკურნალობა გრძელდება თითქმის ნახევარი წელი.

ნებისმიერი სოკოს საწინააღმდეგო თერაპია ითვალისწინებს ჰიგიენას. ფეხები კარგად უნდა დაიბანოთ სპეციალური ანტისეპტიკური საპნით, განსაკუთრებით თითებს შუა, კარგად გაიმშრალოთ ბაქტერიციდული ხელსახოცით, დაიმუშაოთ სოკოს საწინააღმდეგო ლოსიონით ან სპირტით. მკურნალობის პროცესში გამოყენებულ საგნებს მუდმივად უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია (პირადი ნივთები, ფეხსაცმელი, ფოსტლები), გამოიხარშოს პირსახოცი და ლოგინის თეთრეული.

მიკოზი გადამდებია. თუ ოჯახის რომელიმე წევრი სოკოთი დაავადდა, ყველამ უნდა იმკურნალოს.