პატარები ვირტუალურ სამყაროში - კვირის პალიტრა

პატარები ვირტუალურ სამყაროში

"კომპიუტერული თამაშები მოქმედებს მოზარდის ნერვულ სისტემაზე. ხდება ეიფორიული, ხშირად - აგრესიულიც"

რატომ ხდება ბავშვი კომპიუტერზე დამოკიდებული?

თუ დღევანდელ რეალობას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე არსებობა შეუძლებელია. ის პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის. თუმცაღა დიდი თავსატეხიც გაგვიჩინა მშობლებს, ბავშვები უამრავ გასართობს შორის უპირატესობას მაინც კომპიუტერს ანიჭებენ. არადა, მის ეკრანთან  ხანგრძლივ ჯდომას ჩაწითლებული თვალები, დაღლილი მზერა, ტკივილი ზურგისა და ბეჭის არეში და რაც მთავარია, ფსიქიკაზე ზემოქმედება მოსდევს. კომპიუტერულ თამაშებს თან ახლავს ძლიერი ნერვული დაძაბულობა, რადგან სწრაფ საპასუხო რეაქციას მოითხოვს. ბავშვი ამ დროს ემოციურ სტრესს იღებს.

მშობლებს ბავშვების კომპიუტერისგან მოწყვეტა ძალიან უჭირთ. ამის გამო ხშირია ურთიერთობის გართულება. ამის ერთადერთი მიზეზი კი კომპიუტერული დამოკიდებულებაა.

კომპიუტერის მომხმარებლის ასაკმა საკმაოდ ქვემოთ დაიწია, ახლა 2 წლის ბავშვებიც კი თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. მაგალითად, ჩემი 4 წლის შვილი გაცილებით უკეთესად ფლობს კომპიუტერს, ვიდრე თუნდაც მისი ბებია და ბაბუა.  შეუძლებელია გამოარიდო კომპიუტერს. ხშირად შევსწრებივარ, როგორ ეჩხუბება რომელიმე მულტფილმის ან თამაშის გმირს, ბოლოს ეს ყველაფერი მთავრდება მონიტორზე ხელის დარტყმით და ტირილით.

მიუხედავად ამისა, შეუძლებელია მუდმივად ცვალებად, ინფორმაციით სავსე და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების სამყაროში ბავშვი აბსოლუტურად მოვწყვიტოთ კომპიუტერს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ მშობლები ამ საკითხზე და დგას თუ არა ეს პრობლემა მათ ოჯახებში. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს. ზოგიერთის თქმით, მის შვილს არ აინტერესებს კომპიუტერი და უპირატესობას ტელევიზორს ანიჭებს (ლაპარაკია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე), უმრავლესობას კი იგივე პრობლემები აქვს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ბევრი ამბობს, რომ ბავშვი გაღიზიანებულია, არ სურს სათამაშოებით თამაში, ტირის და გამუდმებით მოითხოვს კომპიუტერს. მაგრამ მდგომარეობა ზაფხულში იცვლება. ბავშვს არც კი ახსენდება მისი არსებობა და სხვადასხვა გასართობით ერთობა. მშვიდია, ადვილად იძინებს, კითხულობს ზღაპრებს.

არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც თავად აჩვევენ ბავშვებს კომპიუტერს. მათი აზრით, ეს გარდაუვალია, რადგანაც ბავშვს ვერ მოწყვეტ თანამედროვე ცხოვრების რიტმს. მაგრამ ეს აუცილებელია თუ არა 2-3 წლის ბავშვისთვის, არ ფიქრობენ.

ხშირად მშობელი ბავშვისთვის დროს ვერ პოულობს, ამ შემთხვევაში კი საუკეთესო გამოსავალი ინტერნეტია. მშვიდად შეუძლია გააკეთოს საქმე და ბავშვი კომპიუტერთან დასვას. მაგრამ ეს არ არის იდეალური გამოსავალი. ამით ერთ საქმეს ვაკეთებთ, ხოლო მეორეს ვაფუჭებთ. თავად  ვხდებით მაპროვოცირებელი იმისა, რომ ბავშვი კომპიუტერს მივაჯაჭვოთ.

რამდენად აზიანებს მხედველობას კომპიუტერი? ოფთალმოლოგები გვირჩევენ, რომ 2-დან 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერთან მხოლოდ 40 წუთს იჯდეს. მეტი დროით კონტაქტი იწვევს თვალების სრესასა და სიწითლეს. ხშირად ეს ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ბავშვს მხედველობა უქვეითდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველა მშობელს გაუჩნდება კითხვა, სად არის გამოსავალი, როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი არც მოსწყდეს და არც მიეჯაჭვოს კომპიუტერს?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად ფსიქოლოგ გურანდა ცაბუტაშვილს გავესაუბრეთ:

- ბავშვი პატარა ასაკიდანვე ითვისებს კომპიუტერს, რადგან ის ჩვენი ყოფის საყოველდღიურო ნივთია, როგორც ტელევიზორი და ტელეფონი, რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებთ ინფორმაციის მისაღებად. ბავშვი იოლად ითვისებს კომპიუტერს, ეს ევოლუციის შედეგია და გასაკვირი არაფერია. აი, მასზე დამოკიდებულება კი ძალიან დამაფიქრებელია. საოცარია, მოზარდი ერთი-ორი საათი გაუნძრევლად ზის კომპიუტერთან, ეს მაშინ, როცა ამ ასაკში მისი მოთხოვნილება მოძრაობა და თამაშია.

მშობელმა უნდა განუსაზღვროს ბავშვს კომპიუტერთან ჯდომის დრო. 6 წლამდე მოზარდისთვის რეკომენდებულია კომპიუტერსა და ტელევიზორთან მხოლოდ ერთი საათი  ჯდომა. ისიც, 15-წუთიანი შესვენებით. სასურველია, მშობელმა ბავშვს გაცილებით საინტერესო რამ შესთავაზოს, რათა ბავშვი იოლად შეელიოს კომპიუტერს.

- რა შედეგებს ვიღებთ, როცა ბავშვი ადრეული ასაკიდან აქტიურად იწყებს  კომპიუტერით სარგებლობას?

- დამტკიცებულია, რომ ბავშვის, რომელიც 4 საათსა და მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარება ნელდება. კომპიუტერული თამაშები მოქმედებს მის ნერვულ სისტემაზე. ხდება ეიფორიული, ხშირად - აგრესიულიც. ერღვევა ფსიქოემოციური ბალანსი. ინფანტილურ პიროვნებად ყალიბდება. მას არ ექნება პასუხისმგებლობის თავის თავზე აღების უნარი. თამაში თუ არ გამოგივიდა, შეგიძლია თავიდან დაიწყო, მაგრამ ცხოვრებაში ეს შეუძლებელია..  ბავშვს ისეთი თამაშები უნდა შევურჩიოთ, რომლებიც გონებისთვის არის კარგი და არა ისეთები, რომლებიც უზიანებენ ფსიქიკას. უპირველესად აუცილებელია არასასურველი საიტების შეზღუდვა; შესვენება კომპიუტერთან ჯდომის პერიოდში; ბავშვი უნდა დავტვირთოთ მაქსიმალურად, - ვატაროთ სპორტზე, ცეკვაზე, რომ შინ დაღლილი მოვიდეს და კომპიუტერი არც გაახსენდეს. უფროსებმა ბავშვებს უნდა შეუქმნან ისეთი გარემო, რომ აინტერესებდეს რეალური ცხოვრება და არა ვირტუალური სამყარო. როცა  ბავშვი უკვე დამოკიდებულია კომპიუტერზე, მისი უეცრად აკრძალვა უარეს სტრესს გამოიწვევს. ამიტომაც ნელ-ნელა, რაღაცების ჩანაცვლებით უნდა მოსწყდეს ამ სამყაროს. აუცილებლად უნდა გავასეირნოთ თუნდაც კვირაში ერთხელ. მთელი კვირა უნდა ელოდებოდეს იმ დღეს, როდესაც მშობლებთან ერთად სადმე წავა. როცა მშობელი, მიუხედავად თავისი გადატვირთული რეჟიმისა, მაინც მოახერხებს ბავშვისათვის დროის გამონახვას, ის ნელ-ნელა და თავისთავად მოსწყდება კომპიუტერს. მერწმუნეთ, პატარას მშობლებთან კონტაქტი და მათთან დროის გატარება გაცილებით მოეწონება, ვიდრე ვირტუალური ცხოვრება.

სალომე სანიკიძე