ხილის მეფე - კვირის პალიტრა

ხილის მეფე

ბროწეული არათუ ჩამოუვარდება ქიმიურ წამლებს, არამედ სასარგებლო თვისებებით აჭარბებს კიდეც. მისი ყვავილები, ფოთლები, ქერქი, ნაყოფის კანი, წვენი და პატარა კურკებიც კი სამკურნალოა. ავიცენა ბროწეულის ყვავილის ჩაის ასმევდა ავადმყოფებს მაღალი ტემპერატურის, გაცივებისა და დიზენტერიის სამკურნალოდ. ჰიპოკრატე ბროწეულის ქერქს კუჭ-ნაწლავის აშლილობისას მადეზინფიცირებელ საშუალებად იყენებდა, კარგ საშუალებად თვლიდა ჭრილობის სწრაფად შესახორცებლადაც, მუცლის ტკივილის დასაამებლად კი ახალგამოწურულ წვენს ასმევდა. რაც მთავარია, ბროწეული შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა ანემიის სამკურნალოდ.

დაიხსომეთ - ბროწეულის წვენი გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებით გამოწვეულ ტკივილს მხოლოდ დაბალი მჟავიანობის დროს აყუჩებს. სასურველი არ არის მაღალი მჟავიანობის დროს, რადგან ბევრ ლიმონის, ღვინის, ვაშლის, ქარვის, ბორის მჟავებსა და მჟაუნმჟავას შეიცავს. ბროწეულის მჟავე წვენი კბილის ემალსაც ვნებს. ამიტომ, როცა შეჭამთ ნაყოფს ან დალევთ წვენს, აუცილებლად წყალი გამოივლეთ. ბროწეული ძლიერი ალერგენიც არის. ამ მხრივ მას ფორთოხალიც კი ვერ შეედრება.

ბროწეული შეიცავს ყველაფერს, რაც შინაგანი ორგანოების გამართული მუშაობისთვის არის საჭირო. მის წვენში არის 15 ამინომჟავა, მათგან 6 - ძალზე მნიშვნელოვანია. ბროწეულის წვენი ორგანიზმს უზრუნველყოფს მიკრო- და მაკროელემენტებით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, მანგანუმით, სპილენძით, ქრომით, ალუმინით, გოგირდით, ლითონით, ნიკელითა და სილიციუმით. ბროწეულში 4 მნიშვნელოვანი ვიტამინია: ჩ, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, P - სისხლძარღვებს, B6 - ნერვულ სისტემას, BB12 - აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს.

მთრიმლავი ნივთიერება, რომელიც უხვადაა ბროწეულის კანსა და ხის ქერქში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, კუჭის შემკვრელ და სადეზინფექციო საშუალებად, როგორც მოქმედების ფართო სპექტრის მქონე მცენარეული ანტისეპტიკი  და ანტიბიოტიკი.

ბროწეულის წვენი და მისი კანის ნახარში კურნავს დისბაქტერიოზს და აფერხებს ანტიბიოტიკებით გამოწვეულ სხვა არაკეთილსასურველ შედეგს.

დადგენილია, რომ ბროწეულის ხის ქერქი თრგუნავს მუცლის ტიფის, პარატიფოზურ, ტუბერკულოზის, ნაწლავებისა და დიზენტერიის ჩხირებს, ქოლერის ვიბრიონებსა და სხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს.

ბროწეული იცავს ადამიანს ათეროსკლეროზისგან, კიბოსგან, თვალების დაავადებებისაგან და აფერხებს დაბერების პროცესს. მისი წყალობით უმჯობესდება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და სისხლის მიმოქცევა, ამაგრებს სისხლძარღვების შიდა კედლებს და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რითაც ამცირებს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევისა და ინფარქტის რისკს, ასევე თვალის ბადურაში თვალის ფსკერის წვრილი სისხლძარღვების გასკდომას, რასაც თან სდევს აშრევება. ასე რომ, ბროწეულის მოყვარულები დაცული არიან კატარაქტისგან.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

...ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად წელიწადში 2-3-ჯერ 3 კვირის განმავლობაში სვით ბროწეულის წვენი. პირველ კვირას - 1/2 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ, მეორე კვირას - დღეში 2-ჯერ, მესამე კვირას - დღეში ერთხელ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.

...მიიღეთ 1/3 ბროწეულის წვენი როგორც შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალება.

...მადის გასაძლიერებლად დალიეთ 0,5-1 ჭიქა წვენი ან შეჭამეთ ბროწეული ჭამამდე 15 წუთით ადრე.

...კუჭის აშლილობისას 3 ს/კ ბროწეულის ხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და თავდახურული 0,5 საათი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდგომ გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 1/4-1/3 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ.

...მაღალი ტემპერატურის, გაცივების, გრიპისა და ყელის ტკივილის დროს დალიეთ ბროწეულის წვენი (შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან ტკბილი ვაშლის, ან სტაფილოს წვენი).

...პარაზიტების გამოსადევნად ბროწეულის ხმელი კანის 30 გ ფხვნილი წყალთან ერთად დალიეთ.