სიფრთხილე გამოიჩინეთ! - კვირის პალიტრა

სიფრთხილე გამოიჩინეთ!

ნებისმიერი წამლის მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. თუ ექიმი არ მიგვანიშნებს როგორ უნდა მივიღოთ წამალი, დალიეთ მხოლოდ სუფთა, უგაზო წყლით. ჩაი, ყავა, მინერალური გაზიანი წყალი, წვენები დაუშვებელია, რადგანაც ტანინი, რომელსაც ჩაი შეიცავს, ხელს უშლის წამლის შეწოვას. ყავა ერთ შემთხვევაში აფერხებს წამლის მოქმედებას, მეორე შემთხვევაში - აძლიერებს მის ეფექტს. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი წამლის ყავით მიღებამ შეიძლება დააზიანოს ღვიძლი ან სხვა ორგანოები.

წვენები და კომპოტები, რომლებიც შეიცავენ ხილის მჟავებს, არღვევენ წამლების სტრუქტურას, ცვლიან მათ ფარმაკოლოგიურ ეფექტს. მაგალითად, აყოვნებენ ანტიბიოტიკების მოქმედებას, მაგრამ ასპირინი შეიძლება ისე გააძლიერონ, რომ მოიწამლოთ. გაზიანი სასმელიც აფერხებს წამლების შეწოვას.

ალკოჰოლის და წამლების ერთად მიღება ძალიან ტვირთავს ღვიძლს, თირკმლებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სხვა ორგანოებსა და სისტემებს. მაგალითად, პარაცეტამოლმა და ალკოჰოლმა ერთად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების უკმარისობა.

მკურნალობის დროს დაივიწყეთ სპირტიანი სასმელები.

ზოგიერთმა პროდუქტმა შეიძლება შეცვალოს წამლის მოქმედება. ანტიბიოტიკების ეფექტიანობას (განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის) მნიშვნელოვნად ამცირებენ რძე და რძის პროდუქტები, ყველა მჟავე ხილი, წვენები, მშრალი ღვინო და ძმრით მომზადებული კერძები.

ანტიდეპრესანტები ვერ იტანენ რძის პროდუქტებს - ყველს (განსაკუთრებით ობიანს), ძროხის ხორცს და თევზს. თუ ამ წესებს არ დაიცავთ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზი!

გულისა და თრომბის სამკურნალო პრეპარატები არ უნდა მიიღოთ ცილის შემცველ პროდუქტებთან ერთად. მათი მიღების დროს თავი შეიკავეთ საქონლის და ფრინველის ხორცის, თევზისა და ხაჭოს ჭამისგან. რაც მთავარია, არ გაეკაროთ გრეიპფრუტს. მას ვერ გუობს 50-მდე მედიკამენტი, მათ შორის: ანტიბიოტიკები, კონტრაცეპტივები, ანალგეტიკები, ანტიჰისტამინები, ვირუსისა, სოკოსა და ხველების საწინააღმდეგო წამლები.