იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ციტრუსის არომატული და გემრიელი ნაყოფი ძალიან სასარგებლოა. შეიცავს ლიმონის მჟავას, შაქარს, C, A, P და B ჯგუფის ვიტამინებს.ციტრუსი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. ლიმონის სუნი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხოლო ლიმონიანი ჩაი სასარგებლოა გაცივებისა და დიაბეტის დროს.

მსოფლიოში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფორთოხლის წვენსა და მისი ქერქის ნაყენს (50გ:0,5ლ არაყი) აქვს ანტივირუსული და ანთებსაწინააღმდეგო თვისება.

გახსოვდეთ: კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს არარეკომენდებულია რეგულარულად მისი მიღება, ზოგჯერ იკრძალება კიდეც.

წყალი მედიკამენტია, რადგან ორგანიზმის დაავადებებისგან დაცვის უნარი შესწევს. ჰარვარდის (აშშ) უნივერსიტეტის დოქტორი ნორმან უოლკერი ამტკიცებს, მას, ვინც დღეში 2-2,5 ლ წყალს სვამს, უძლიერდება იმუნიტეტი და ერთი თვის შემდეგ 50%-ით უმცირდება კიბოთი დაავადების რისკი.

წყალი ორგანიზმში სწრაფად ათხელებს კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს და გამოდევნის მათ მანამდე, სანამ ისინი შეეხებიან შარდის ბუშტის კედლებს.

მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანი უწევთ ერთ ადგილზე უმოძრაოდ ჯდომა (მუშაობა), სხვებთან შედარებით უფრო იმატებენ წონაში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან, ფიზიკური დატვირთვა და სპორტი მუშაობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგაც, სამწუხაროდ, უმნიშვნელოდ აუმჯობესებს მდგომარეობას. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ასეთი ადამიანების დასახმარებლად აღმოაჩინეს უმარტივესი ხერხი, რომელიც შეამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს. კვლევაში მონაწილეობდა 20 წლამდე ასაკის 5000 მოხალისე. ადამიანს, რომელიც მჯდომარე სამუშაოს ასრულებს, თუ საათში ერთხელ სკამიდან 1 წუთით მაინც ადგება, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი თითქმის 25%-ით შეუმცირდება.

ყველი უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ხორცი. ამასთან, პრაქტიკულად, მას ორგანიზმი მთლიანად (99,5%) ითვისებს. კალციუმის დღეღამური ნორმა რომ მიიღოთ, საკმარისია 100გ ყველი. პროტეინები, რომელსაც ყველი შეიცავს, აუცილებელია კუნთებისთვის, ხოლო მისი ობი აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას. გარდა ამისა, A და  B ჯგუფის ვიტამინების და ამინომჟავების წყაროა. ყველის ცხიმიანობა ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.