როგორ მოვთოკოთ ემოციები - კვირის პალიტრა

როგორ მოვთოკოთ ემოციები

რამდენი ადამიანიც არის კოლექტივში, იმდენივე აზრია. ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება აზრთა სხვაობა. რათა ნებისმიერი სიტუაცია მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საჭიროა ისწავლოთ ემოციების მართვა:

თუ გრძნობთ, რომ ვერ იკავებთ გულისწყრომას, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, რაც შეაჩერებს შინაგან მღელვარებას და მოგცემთ გრძნობათა დაწყნარების საშუალებას. როდესაც ცოტა დამშვიდდებით, გონებაში წარმოიდგინეთ თქვენი ნეგატიური ემოციები პატარა ხის ტოტებად, ნელ-ნელა ჩაყარეთ ცეცხლში და უყურეთ, როგორ იწვის. ასეთი მედიტაცია დაგეხმარებათ დამშვიდებასა და სულიერი წონასწორობის აღდგენაში.

გულისწყრომის დაოკების საუკეთესო ხერხია თქვენი ოპონენტის რომელიმე კურიოზულ სიტუაციაში ან შეუფერებელ ტანსაცმელში წარმოდგენა. ეს გაგამხიარულებთ, რაც დაგეხმარებათ აიყვანოთ თავი ხელში და არ ჩაერთოთ კონფლიქტში.

წარმოიდგინეთ თავი ოპონენტის ადგილას. დავუშვათ, კოლეგა უხეშად მოგექცათ. ნუ იჩქარებთ ანალოგიურად უპასუხოთ. იფიქრეთ, თუ რატომ მოიქცა ასე: იქნებ უგუნებოდ გაიღვიძა, ან ახლობლებთან მოუწია კამათმა, ტრანსპორტში ეუხეშნენ და მისი საქციელი გაუცნობიერებელი იყო.

კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა დაზავება. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოუსმენ ოპონენტს და ისიც მოგისმენს. რომ გაგიადვილდეთ სხვისი პოზიციის გაგება, ჩაატარეთ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი. შეეცადეთ, გააბათილოთ თეზისი, რომელიც სადავოდ მიგაჩნიათ. ეს გასწავლით, პრობლემას სხვა კუთხით შეხედოთ.

რაც მთავარია, კონფლიქტის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს, რომ სიტუაცია განმუხტულია და ამ თემას არც ერთი არ დაუბრუნდება.