ნაბრძანებია, არ იავადმყოფოთ! - კვირის პალიტრა

ნაბრძანებია, არ იავადმყოფოთ!

ამ ბრძანების შესრულებაში დაგეხმარებათ მედიკოსების მიერ შემოთავაზებული 7 ხერხი.

1. სწორად იკვებეთ. არაბალანსირებული კვება, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი ასუსტებს იმუნიტეტს. რაციონში უნდა იყოს ცილების საკმარისი რაოდენობა (ხორცი, თევზი, პარკოსანი), ახალი (ან ორთქლზე მომზადებული) ხილი და ბოსტნეული, რძის პროდუქტები (იოგურტი და კეფირი), რომლებიც ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავში "კარგი" ბაქტერიების "დასახლებას".

2. გაკაჟდით. იმუნიტეტის ასამაღლებელი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გაკაჟებაა. წესად აქციეთ, დილით მიიღოთ კონტრასტული შხაპი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა უნდა დასწიოთ. დაიწყეთ პროცედურები ტემპერატურის მცირე განსხვავებით და თანდათან გააცივეთ წყალი.

3. გაუფრთხილდით ნერვებს. იმუნურ სისტემაზე დამანგრევლად მოქმედებს სტრესები. არ ინერვიულოთ ყოველ წვრილმანზე, თავი აარიდეთ კამათს, სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ მოდუნება. სამსახურიდან შინ დაბრუნებისას წამოწექით, დახუჭეთ თვალები, ხელები სხეულის გასწვრივ დააწყვეთ და შეეცადეთ, იფიქროთ სასიამოვნოზე, ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად.

4. ბოროტად ნუ გამოიყენებთ წამლებს. წამლების უმეტესობა არცთუ უსაფრთხოა. წამლები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არა მეგობრებისა და რეკლამების რჩევით.

5. უმკურნალეთ ინფექციების კერებს. ქრონიკული დაავადებების დროს (ტონზილიტი, სინუსიტი, ჰაიმორიტი, კარიესი და სხვ.) იმუნური სისტემა მუდმივად დაძაბულად მუშაობს. ამიტომ საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს და უმკურნალოთ ამ დაავადებებს, მისი დანიშნულებით.

6. იმოძრავეთ. ისე არაფერი ასუსტებს ორგანიზმს, როგორც ჰიპოდინამია (არასაკმარისი მოძრაობა). დაკავდით აერობიკით, ცურვით ან ცეკვით. ფიზიკური აქტივობა არა მარტო ამაღლებს იმუნიტეტს, არამედ კარგ აღნაგობასაც შეინარჩუნებთ, იარეთ ფეხით. ყველაზე მარტივი ხერხია სამსახურში წასვლისას და დაბრუნებისას ფეხით გაიარეთ 1-2 გაჩერება.

7. დაივიწყეთ მავნე ჩვევები. მოწევა და ალკოჰოლი აქვეითებს იმუნური სისტემის უჯრედების აქტივობას. გარდა ამისა, ნიკოტინი და სპირტიანი სასმელები აფერხებენ საკვებიდან ვიტამინების შეწოვას ან სპობენ მათ მარაგს. გინდათ იყოთ ჯანმრთელი? მიატოვეთ მოწევა!