გავექცეთ შემოდგომის კაეშანს - კვირის პალიტრა

გავექცეთ შემოდგომის კაეშანს

წელიწადის ყველა დრო "გვჩუქნის" სეზონურ დაავადებებს. მაგალითად, შემოდგომა ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს ნაღველს, სევდას, კაეშანს, უგუნებობას, დეპრესიას, რაც თავისთავად ისე მოქმედებს იმუნიტეტზე, როგორც ინფექციები. რომ მოერიოთ მოწყენილობას, გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას.

შემოდგომის დეპრესიული განწყობის მთავარი მიზეზია მზის სხივების ნაკლებობა. ცნობილია, რომ მზე ააქტიურებს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რომელიც მჭიდრო კავშირშია "ბედნიერების" ჰორმონ ენდორფინებთან. მელატონინი მატებს ადამიანს ენერგიას, ხალისს, შრომის უნარს, მაგრამ შემოდგომით, როდესაც დღე იკლებს, მელატონინისა და ენდორფინების გამომუშავებაც იკლებს, რაც მიზეზია უგუნებობისა.

მზის სხივების ნაკლებობას აგინაზღაურებთ ხელოვნური განათება, დღისით ფანჯრებზე ფარდები გადასწიეთ, საღამოს კი კაშკაშა ნათურა ხელს შეუწყობს სიხარულის ჰორმონების დონის ნორმალიზებას.

მზიან დღეს ისეირნეთ, თუ გადაება ერთმანეთს მოღრუბლული და ცივი, ნისლიანი დღეები, ნუ დაგეზარებათ სოლარიუმში სტუმრობა (რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში).

დაწექით დასაძინებლად ჩვეულებრივზე 1-1,5 საათით ადრე. დაიძინეთ 8-10 საათი მაინც. უძილობა იწვევს დეპრესიას.

სხვათა შორის, ზოგიერთი ჰორმონი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, გამომუშავდება მხოლოდ ღამით, ძილის დროს. ამიტომაც, ექიმებს მიაჩნიათ, რომ დღისით ძილი არ აღადგენს გამოუძინებლობას.

ოთახებსა და ოფისებშიც კი დადგით ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი საგნები, რომლებიც მზიან დღეს გაგვახსენებენ. გარდა ამისა, ისინი სითბოსაც გვჩუქნიან. ვაზაში ჩააწყვეთ ფორთოხლები, საწოლზე გადააფინეთ მხიარული ფერის გადასაფარებლები.

იმხიარულეთ! სიცილი ნამდვილი აერობიკაა, რომელიც აახალგაზრდავებს სიცოცხლეს. მიირთვით ჩ ვიტამინით მდიდარი ციტრუსები - გამოგიკეთდებათ გუნება.