ცისტიტი - მოვერიოთ ინფექციას - კვირის პალიტრა

ცისტიტი - მოვერიოთ ინფექციას

ცისტიტი (საშარდე ბუშტის ანთება) ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადების სიმპტომებია: ხშირი შარდვა, ქვედა მუცელში ტკივილი ან წვა...ამ დაავადებას იწვევს ინფექციები და ბაქტერიები. თუ ორგანიზმი გადაცივებითაა დასუსტებული, ვიტამინების დეფიციტს განიცდის, ან დარღვეულია პირადი ჰიგიენის ნორმები, ისინი შეაღწევენ შარდის ბუშტში, საფუძვლიანად "მოკალათდებიან" და გამრავლდებიან.

პირველივე სიმპტომებისთანავე უნდა მიმართოთ უროლოგს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას (ანტიბაქტერიული მკურნალობა გრძელდება 5-10 დღე), ზოგჯერ პაციენტი, როგორც კი უსიამოვნო შეგრძნებები ქრება, წყვეტს მკურნალობას, რაც არ შეიძლება, რადგან ცისტიტი ხდება ქრონიკული და უფრო ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

ანტიბიოტიკების პარალელურად ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფიზიოპროცედურები (მაგნიტოლაზერული თერაპია, მაგნიტოფორეზი, ელექტრომაგნიტოფორეზი და სხვ.) და ფიტოპრეპარატები. მაგალითად, კარგი შარდმდენი თვისებით ხასიათდება დათვის კენკრა, თირკმლის ჩაი, მოცვის ფოთლების, ოხრახუშისა და მინდვრის შვიტას ნაყენი, სასარგებლოა შტოშის წვენი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები (სამკურნალო მცენარეები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში).

დაიხსომეთ! რომ არ დაავადდეთ ცისტიტით, საჭიროა დაიცვათ რამდენიმე წესი:

- არ გაცივდეთ, ჩაიცვით სეზონის მიხედვით, ფეხები და წელი ყოველთვის გქონდეთ თბილად, არ დაჯდეთ ცივ ადგილას.

- მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5 ლ სითხე.

- თავი შეიკავეთ მარილიანი, მჟავე, ცხარე და ცხიმიანი საკვებისაგან. ჭამეთ უფრო მეტი ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტი.

- დაიცავით პირადი ჰიგიენა. არ გამოიყენოთ ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის ანტიმიკრობული საპონი, შამპუნი, გელი, რომლებიც არღვევს მიკროფლორას და აღიზიანებს ლორწოვანას.

- ატარეთ ბამბის ქსოვილის თეთრეული. სინთეტიკა დიდხანს ინარჩუნებს სინესტეს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.

- წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრეთ გინეკოლოგს.

- ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, არ ინერვიულოთ ყოველ წვრილმანზე. მეტი იმოძრავეთ, რადგან უმოძრაობა, გარდა ცისტიტისა, ბევრი დაავადების მაპროვოცირებელია.

- ანტიბიოტიკების მკურნალობის დამთავრების შემდეგ აუცილებლად ჩაიტარეთ ხელმეორე გამოკვლევები.