ცრუ კრუპი არც ისე უსაფრთხოა - კვირის პალიტრა

ცრუ კრუპი არც ისე უსაფრთხოა

პატარას ხმა ეხრინწება, შემდეგ ეწყება ყეფის მაგვარი ხველა და ხუთვა, ლურჯდება და შეიძლება გონიც დაკარგოს

როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ეცემა, ვირუსული დაავადებების შემთხვევები მატულობს. ამ დროს, ბავშვებში ხშირია ცრუ კრუპით ავადობა. მძიმე ფორმის დროს, პატარა პაციენტებს სუნთქვა ეკვრით, ლურჯდებიან და შესაძლოა, გონიც კი დაკარგონ. ასეთ დროს, მშობელი არ უნდა დაიბნეს, რადგან ბავშვისთვის დროული სამედიცინო დახმარება, შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს.

ცრუ კრუპი ბავშვს მწვავე ვირუსული და ინფექციური დაავადებების ფონზე უვითარდება. ცრუ კრუპისადმი მიდრეკილი არიან ალერგიული ბავშვები. ჰაერის უკმარისობა პატარას ეწყება ხორხის სტენოზის (დავიწროების) გამო, რომელიც ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპების ნიადაგზე. ცრუ კრუპისგან განსხვავებით, ნამდვილი კრუპი ვითარდება დიფთერიის დროს. ამ დაავადებათა სიმპტომები მსგავსია, მიზეზი კი სხვადასხვა. დიფთერიის დროს სუნთქვას აძნელებს სპეციფიკური მკვრივი აფსკი და არა შეშუპება.

უფროსებს ცრუ კრუპი საერთოდ არ ემართებათ. ამის მიზეზია სასუნთქი სისტემის აგებულება. პატარის ხორხი ძაბრის ფორმისაა, უფროსებისა - ცილინდრული (ამასთან, მის კედლებზე ბევრი სისხლძარღვი და ლიმფური წარმონაქმნია). პატარის სასუნთქი მუსკულატურა კი პირიქით, ჯერ კიდევ სუსტია, რაც ხელს უწყობს ხორხის ვირუსებითა და მიკრობებით ადვილად დასნებოვნებასა და შეშუპებას. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით სწრაფად და მძიმედ ვითარდება ცრუ კრუპი, რადგან ხორხის 1მმ-ით შეშუპებაც კი ნახევრად ხურავს მას. თუ ექიმი გადაწყვეტს ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანას, დაეთანხმეთ, რადგან სუნთქვის გაძნელება სახიფათოა. გარდა ამისა, სტაციონარში გაარკვევენ, პატარას დიფთერია ხომ არა აქვს, რადგან ხშირად ცრუ კრუპი იმეორებს ამ ვერაგი დაავადების სიმპტომებს.

ნუგზარ უბერი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი):

- ცრუ კრუპი ხორხის ვირუსული ინფექციაა. ვლინდება ჩახლეჩილი, მყეფარე ხასიათის ხველით და ხმაურიანი სუნთქვით.

ცრუ კრუპი მოულოდნელად, ღამით "ესხმის" თავს პატარას. შეტევა იწყება 1-3 დღის ავადმყოფობის შემდეგ - ტემპერატურის აწევის შედეგად. თავდაპირველად პატარას ხმა ეხრინწება, შემდეგ ეწყება ყეფის მაგვარი ხველება და ხუთვა, მძიმე ფორმის დროს კი სუნთქვა ეკვრის, ლურჯდება, შეიძლება გონიც დაკარგოს. მთავარია, მშობელი არ დაიბნეს. თუ ასეთი რამ ბავშვს პირველად დაემართა, უმჯობესია მშობელმა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მაგრამ, თუ ასეთი რამ განმეორდა, ექიმის რჩევით, მშობელმა უკვე იცის, რომ ამ დროს მისი შვილისთვის ნომერი პირველი წამალია დექსამეტაზონი კუნთებში ან პრედნიზოლონის მიღება. მთელ მსოფლიოში სწორედ ასეთი რეკომენდაციებია მიღებული ცრუ კრუპთან დაკავშირებით. სხვათა შორის, "კრუპინგ" ინგლისური სიტყვაა და ყვავის ჩხავილს ნიშნავს. ზოგჯერ, ამ დაავადების გამოვლენას სელაპის ხმასაც ადარებენ.

- რამდენად სახიფათოა სიცოცხლისთვის ეს დაავადება?

- ასეთ დროს, ექიმის დახმარება აუცილებელია. ექიმმა უნდა შეაფასოს, ცრუ კრუპია თუ ნამდვილი კრუპი. ნამდვილი კრუპი დიფთერიის დროს გვხვდება, მაგრამ ეს უკანასკნელი დაავადება ჩვენში ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან ბავშვებს ამ დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაცია უტარდებათ. არსებობს კიდევ კრუპის სინდრომი, როდესაც ხორხ-სარქვლის ბაქტერიული ინფექცია ვლინდება. ეს დაავადება ტემპერატურის მატებით მიმდინარეობს და ცრუ კრუპისგან განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს. ამიტომაც, ყველა შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ჩარევა. ექიმი თვითონ განსაზღვრავს თუ რა სახის მკურნალობაა საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. ასწავლის მშობელს, როგორ მოიქცეს კრუპის დროს, როგორ ჩახედოს ბავშვს ყელში და როგორ მისცეს წამალი.

- უმეტესად რა ასაკის ბავშვებში გვხვდება ცრუ კრუპი?

- ყველაზე ხშირად, ეს დაავადება ვლინდება 2, 5, 7 წლის ასაკის ბავშვებში. პარაგრიპის, გრიპის, კრუპის და ზოგადად ხორხისმიერი ვირუსებისადმი მიდრეკილება ამ ასაკის ბავშვებში უფრო ხშირია. ადრეულ ასაკში, მით უფრო ბავშვის ძუძუთი კვების დროს, კრუპის სინდრომი იშვიათად გვხვდება, რადგან ბავშვის ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა ხდება დედის რძით.

- არის შემთხვევები, როდესაც ცრუ კრუპის დროს გამოსავალი ლეტალურია?

- იშვიათად, რადგან ექიმებმა კარგად იციან, როგორ უმკურნალონ პაციენტს სწრაფად და ეფექტიანად. მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად, კლინიკის პირობებში, პაციენტს უტარდება ინჰალაცია ადრენალინით.

- სეზონურობა თუ ახასიათებს ამ დაავადებას?

- როგორც კი აცივდება და ვირუსული ინფექციების სეზონი იწყება, ცრუ კრუპის შემთხვევები მატულობს. დაავადება პიკს მარტი-აპრილის თვეში აღწევს. შემიძლია გითხრათ, რომ ცრუ კრუპის შემთხვევები უკვე გახშირდა.

ექიმის მოსვლამდე ნუ დაიბნევით და ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ:

1. თუ ბავშვი ძალიან შეშინებულია, მიეცით დამამშვიდებელი, უმჯობესია ნატურალური - კატაბალახა, შავბალახა (თუ მათზე ალერგია არა აქვს!).

2. დაალევინეთ მეტი თბილი სითხე (თაფლითა და საჭმელი სოდით შეზავებული ჩაი, რძე ან შემთბარი უგაზო მინერალური წყალი). სითხე ათხელებს ლორწოსა და ნახველს.

3. თუ ბავშვი ალერგიულია, მიეცით ანტიჰისტამინური წამალი.

4. გააღეთ ფართოდ სარკმელი. თუ წვიმს, შეახვიეთ ბავშვი თბილად და გაიყვანეთ აივანზე.

5. გაუკეთეთ ინჰალაცია (1 ჩ/კ საჭმელი სოდა, 1ლ მდუღარე წყალი). ეფექტის გასაძლიერებლად ბავშვით ხელში ორთქლიან ქვაბთან ქოლგის ქვეშ გაჩერდით.

თუ ბავშვი ძალიან პატარაა, რათა ორთქლი ღრმად ისუნთქოს, აიყვანეთ ხელში, გაიყვანეთ აბაზანაში, ჩაყარეთ საჭმელი სოდა და მოუშვით ცხელი წყალი. დაჯექით იქ ბავშვთან ერთად 10 წუთი.

6. ძალიან ცხელი წყალი ჩაასხით ტაშტში და დადგით ბავშვის საწოლთან ან გათბობის ბატარეაზე დააფინეთ სველი პირსახოცი, ოთახში გაფინეთ სველი ზეწრები.

7.ფეხებსა და ხელებზე გაუკეთეთ თბილი აბაზანები. ყველა ეს პროცედურა ხელს უწყობს ხორხიდან სისხლის უკუდენას და ამცირებს შეშუპებას.