ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება კიბოს მკურნალობაშიც დაიწყეს - კვირის პალიტრა

ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება კიბოს მკურნალობაშიც დაიწყეს

"მათემატიკური მოდელირებით შესაძლებელია ორგანიზმში მიმდინარე სიმსივნური პროცესების განსაზღვრა"

ფიზიკა სამედიცინო ტექნიკის საფუძველია. ფიზიკაში  ყველა მორიგი აღმოჩენა ნიშნავს, რომ მედიცინაში ახალი ხელსაწყო, აპარატურა, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები გაჩნდება. მედიცინის ზოგიერთი დარგი, მაგალითად, რადიოლოგია, ოფთალმოლოგია, ფიზიოთერაპია - უშუალოდ არის დაკავშირებული ფიზიკასთან. 1801 წელს ინგლისელმა ფიზიკოსმა იოჰან ვილჰელმ რითერმა ულტრაიისფერი სხივები აღმოაჩინა; 1895 წელს კი გერმანელი მეცნიერის, ვილჰელმ კონრად რენტგენის აღმოჩენამ "რენტგენის სხივებს" ჩაუყარა საფუძველი.

ცოტა ხნის წინ ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენება კიბოს მკურნალობაშიც დაიწყეს. ეს მეთოდი უახლესია და ჯერჯერობით ექსპერიმენტის დონეზეა, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მისი მიზანმიმართული გამოყენება დააჩქარებს კიბოს მკურნალობას და მოხსნის ტკივილებს.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ფიზიკური კვლევის მეთოდები მედიცინაში", ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა. ეს იყო ექიმებისა და ფიზიკოსების პირველი მასშტაბური შეხვედრა; სამედიცინო ხელსაწყოების შემქმნელები თავიანთ აღმოჩენებს უზიარებდნენ იმ ადამიანებს, ვინც შემდეგ ეს აღმოჩენები პრაქტიკაში უნდა დანერგოს.

კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები და მკურნალები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან. ექიმები და ფიზიკოსები თანხმდებიან, რომ ფიზიკური მეთოდების გარეშე ბევრი დაავადება დღეს ლეტალურად დასრულდებოდა.

რაფიელ ჩიქოვანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: - ფიზიკური კვლევის მეთოდები მედიცინაში ადგილს იმკვიდრებს არა მხოლოდ როგორც დიაგნოსტიკური საშუალებები; ისინი მკურნალობის პროცესშიც მეტად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ლაზერული სხივების გამოყენება მედიცინაში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია: ლაზერული თერაპია, ლაზერული ქირურგია და ა.შ. საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მიზანიც სწორედ ფიზიკოსებისა და მედიკოსების შეხვედრა  იყო. რენტგენის შემდეგ სამედიცინო ფიზიკა მნიშვნელოვნად განვითარდა, მათ შორის ატომური ენერგიის, ნახევარგამტარების და მიკროელექტრონიკის განვითარების თვალსაზრისით. მედიცინაში აქტიურად დაიწყეს მაგნიტორეზონანსების, ბირთვული და ელექტროპარამაგნიტური რეზონანსების გამოყენება. მედიცინაში ამ მიმართულების დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორი აკადემიკოსი თენგიზ სანაძეა. ამ მეთოდებზე ბევრი სხვა ქართველი სპეციალისტიც მუშაობს.  ჩვენთან ფიზიკასა და მედიცინას დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ გვინდოდა, უცხოელი კოლეგები ჩამოგვეყვანა და მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა.

- კონფერენციაზე, ალბათ, ბევრი ისეთი მეთოდის შესახებ შეიტყვეთ, რომლებიც მედიცინაში მომავალში დაინერგება...

- კონფერენციაში მონაწილეობდა ცნობილი მეცნიერი იური გულიაევი, რომელიც მოსკოვში რადიოელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. მის ცენტრში გულის დაავადებების დიაგნოსტირებისას კარდიოგრაფს აღარ იყენებენ, სპეციალური ლაბორატორია აქვთ, სადაც ჯოზეფ ფროის ინოვაციურ მეთოდს იყენებენ, რომელიც უფრო მგრძნობიარეა და შესაბამისად, უფრო ადრეულ ეტაპზე ადგენს დაავადებას. ძალიან საინტერესო იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, თენგიზ მძინარიშვილის მოხსენება კიბოს მათემატიკური მოდელირების შესახებ.

- გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს კიბოს მათემატიკური მოდელირება.

- მათემატიკური მოდელირებით შესაძლებელია ორგანიზმში მიმდინარე სიმსივნური პროცესების განსაზღვრა, რაც მედიკოსებს დაავადების განვითარების პროგნოზირებაში ეხმარება, დროული პროგნოზირება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც პრევენციის, ასევე ეფექტური მკურნალობისათვის.

მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში ლაზერზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მისი ხშირი გამოყენება გამოსხივების საფრთხეს ქმნის. ქართველმა მეცნიერმა მერაბ ჯიბლაძემ შუქმნათი დიოდებით შექმნა ხელსაწყო, რომელიც ამ გამოსხივებას მნიშვნელოვნად ამცირებს. საინტერესოა ისიც, რომ მედიკამენტების წარმოებისას აქტიურად დაიწყეს ნანოტექნოლოგიების გამოყენება.

P.S. ბატონი რაფიელისგან ერთი საინტერესო ამბავიც მოვისმინე. საბჭოთა საქართველოში ქართველ ფიზიკოსებს ცისფერი ნათების დიოდი შეუქმნიათ. ეს ისეთი ნოვატორული გამოგონება იყო, რომ მოსკოვშიც არ იჯერებდნენ, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახეს. რუსებს დაუჩემებიათ, ეს გამოგონება იაპონელებს "გასაღიზიანებლად" უნდა ვაჩვენოთო და... აჩვენეს. ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ კი ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იაპონელებმა ცისფერი ნათების დიოდი შექმნეს...

ინფრაწითელი სხივების სამკურნალო ეფექტი მკურნალებმა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში აღმოაჩინეს, როცა სითბური სამკურნალო მეთოდებისთვის იყენებდნენ ცხელ ნახშირს, გახურებულ რკინას, მარილს, ქვიშას, თიხას და ა.შ., მე-19 საუკუნის ბოლოდან კი ინფრაწითელი სხივების გამოყენება ლიმფური სისტემის, სახსრების, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების მკურნალობისას დაიწყეს.