თქვენი პატარა გულჩათხრობილია? - კვირის პალიტრა

თქვენი პატარა გულჩათხრობილია?

თქვენს პატარას არ სურს ითამაშოს თანატოლებთან, პანიკურად ეშინია ყურადღების ცენტრში მოხვედრისა, უმეტესწილად არ პასუხობს შეკითხვებს. როგორც ჩანს,  გულჩათხრობილია, მორცხვია და უჭირს როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთან ურთიერთობა. ამიტომაც სჭირდება დახმარება, რომ გათამამდეს და გახდეს უფრო გულღია...

ურთიერთობის უნარი ადამიანს ადრეული ასაკიდანვე უყალიბდება, რაც პირველ რიგში დამოკიდებულია ოჯახზე. მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც ხელს უწყობს პატარას გულდახურულობას:

- მოუსვენარი და მშფოთვარე დედა, რომელიც მუდმივად ნერვიულობს, სულ რაღაცის ეშინია და დართგუნვილია.

- მშობლების მეტისმეტი ყურადღება ან პირიქით, უყურადღებობა. პატარა მიიყვანეს საბავშვო ბაღში, ხშირად უწევს დედ-მამის, ახლობლების (ბებია-პაპა, და-ძმის) გარეშე ყოფნა. არ დაგავიწყდეთ, დედებო, მათ ხომ თქვენ გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ!

- ასევე მნიშვნელოვანია ოჯახში ფსიქოლოგიური ატმოსფერო: მშობლების ურთიერთობის მანერა, მათი დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ერთმანეთის მიმართ, გარშემომყოფებთან.

ხშირად ელაპარაკეთ პატარას, დაუსვით მარტივი შეკითხვები, აუხსენით, რა ხდება მის გარშემო... დაე, ბავშვმა პატარაობიდანვე გაიგოს, რომ ურთიერთობა აუცილებელია. მიეცით მაგალითი - თქვენი სხვებთან ურთიერთობისა. გირჩევთ: ასწავლოთ პატარას ხელის დაქნევით დაემშვიდობოს ბებოს, პაპას, მამას, ახლობლებს, მიესალმოს მეზობელს, სტუმარს, გაუმასპინძლდეს კანფეტით როგორც პატარას, ისე უფროსებს. არ გაუბრაზდეთ, თუ თქვენს თხოვნას არ შეასრულებს, დააცადეთ და მოგვიანებით კიდევ შეახსენეთ...

- პატარასთან ერთად იარეთ სტუმრად, მაგრამ არ აიძულოთ, იჯდეს მეზობელ ოთახში ტელევიზორთან. დაისვით გვერდით, ხელი მოხვიეთ (ან ხელი მოჰკიდეთ ხელზე), დროდადრო ჰკითხეთ, ხომ არაფერი უნდა, აუცილებლად მოუყევით მასპინძელს, თუ როგორი კარგი შვილი გყავთ, თუ შეატყობთ, რომ პატარამ დაიმორცხვა, შეწყვიტეთ მასზე ლაპარაკი და მიეცით საშუალება, დამშვიდდეს...

- ხშირად იარეთ იმ ადგილებში, სადაც ბავშვს თანატოლებთან თამაშის მეტი შესაძლებლობა ეძლევა. არ გაგიკვირდეთ, თუ პატარა მაშინვე არ ჩაერთვება თამაშში, დასაწყისში სრულიად საკმარისია დაინტერესდეს, რას აკეთებენ ბავშვები. შეგიძლიათ თავად ააშენოთ ქვიშით სახლი, თუ რომელიმე ბავშვი დაინტერესდება თქვენი ნაკეთობით, აუცილებლად მიიღეთ თქვენს კომპანიაში.

- შინ დადგით სპექტაკლები (გამოიყენეთ სათამაშოები, ნიღბები), სადაც თქვენს პატარას მონაცვლეობით მოუწევს სხვადასხვა როლის შესრულება, ასეთი მოდელირებული სიტუაციები დაეხმარება მას, საერთო ენა გამონახოს გარშემომყოფებთან.