მოვერიდოთ გრიპსა და გაცივებას - კვირის პალიტრა

მოვერიდოთ გრიპსა და გაცივებას

ვირუსები როგორც კი შეაღწევენ ორგანიზმის უჯრედებში, სწრაფად მრავლდებიან. საბედნიეროდ, საქმე გვაქვს არა ყოვლისშემძლე მოწინააღმდეგესთან, მაგრამ არცთუ სუსტთან...

ვირუსებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა დროული აცრა და თუ ეს ვერ მოვახერხეთ, შეიძლება სხვა ხერხებიც ვიხმაროთ. პირველ რიგში, არ უნდა გავცივდეთ, რათა იმუნიტეტი არ დაგვიქვეითდეს და არ გახდეს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფექციისთვის. თუ ოჯახში რომელიმე წევრი გრიპით დაავადდა, ხშირად გაანიავეთ ოთახი, რადგან სუფთა ჰაერში ვირუსები დიდხანს ვერ ძლებენ - მაქსიმუმ 4 საათი, ეს მაშინ, როდესაც ლორწოში, რომელიც რჩება ტანსაცმელზე ან ლოგინის თეთრეულზე, როდესაც ავადმყოფი ახველებს, 10-14 დღე ცოცხლობენ, ოთახის მტვერში კი - 5 კვირას.

არის ვირუსებთან ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი - თბილი სითხის სმა - ლიმონიანი, თაფლიანი ჩაი, ასკილის ნახარში, ჩ ვიტამინით მდიდარი ხილ-ბოსტნეული, შავი მოცხარი, ახალი და დამწნილებული კომბოსტო, ხახვი, ციტრუსები, ვაშლი და ა.შ. 1 ფინჯანი იოგურტი 25%-ით ამცირებს გაცივების რისკს. აღმოჩნდა, რომ იოგურტის სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც თრგუნავენ გაცივებას.

ფიტონციდები, რომლებსაც ნიორი გამოყოფს, ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას და არ აძლევს ვირუსებს უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების საშუალებას. აუცილებლად დაამატეთ ნიორი საკვებს ან რამდენიმე კბილი დაჭერით წვრილად და ღამით დადგით ოთახში. ორგანიზმის ვირუსებისადმი წინააღმდეგობის უნარს გაზრდით სუნთქვითი ვარჯიშებით, მედიტაციით და ა.შ.

გამოირეცხეთ ცხვირი ზღვის მარილის ხსნარით (1ჩ/კ:1ჩ/ჭ თბილი წყალი).

დაბოლოს, თქვენი ყველა მცდელობა, მოერიოთ ვირუსებს, არაეფექტიანი იქნება, თუ ორგანიზმში ქრონიკული ინფექციების კერაა - რომელიც ასუსტებს იმუნიტეტს. ეს შეიძლება იყოს ტონზილიტი, ჰაიმორიტი და კბილის კარიესიც კი. აუცილებელია ამ კერების მოსპობა, ამიტომ უნდა მიმართოთ ექიმს.