ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ალერგიის დროს

(ანუ ალერგიისგან თავის დასაცავად წინასწარ შეგიძლიათ მიიღოთ):

1. 1 ჩ/კ ორკბილა 20 წუთი დააყენეთ და სვით. ნაყენი ოქროსფერი უნდა იყოს, ყოველთვის ახალდაყენებული დალიეთ.

2. 1 ს/კ გულყვითელას დაასხით 1 ჩ/კ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ და სვით 2-2 ს/კ დღეში 3-ჯერ.

3. 2 ს/კ ჭინჭარს დაასხით 2 ჩ/კ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. სვით 1/2 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

ამ ბალახეულის ჩაი სვით 4 დღე - შენაცვლებით.

ერთი ნაყენიდან მეორეზე გადასვლამდე შეისვენეთ 1 დღე.

ხველის დროს

1. პურის ხმელი ყუა ჩააწეთ ზეითუნის ზეთში და ნელა დაღეჭეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. ხველა გაგივლით.

2. გასრესილ 2 ც ბანანს დაამატეთ 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი და 1 ჩ/კ თაფლი. გააჩერეთ ცოტა ხანს და მიიღეთ 1 ს/კ საათში ერთხელ (სულ 8 კოვზი).

ფრჩხილის ჩაბრუნების დროს

თითო-თითო ს/კ დანაყილი ნივრის, ხახვის, ალოეს, დამდნარი კარაქისა და თაფლის სანთლის ნარევი 2 წუთი ადუღეთ, თან ურიეთ ხის კოვზით. შეაგრილეთ და წაისვით ჩაზრდილ ფრჩხილზე, შემოიხვიეთ დაჩეჩქვილი (დარბილებული) კომბოსტოს ფოთოლი და ზემოდან - ცელოფანი. შეიკარით ბინტითა და შალის ქსოვილით (თითი ჩახურდება). პროცედურა გაიმეორეთ მანამდე, სანამ ფრჩხილი არ დარბილდება. შემდეგ ფრთხილად შემოიჭერით და ფრჩხილი წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ.

დიათეზის დროს

15 გ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 წუთი ადუღეთ, გადაწურეთ და 200 მლ-მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიეცით პატარას თითო ჩ/კ დღეში 3-ჯერ.

თავის ტკივილის, მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს

2 ს/კ შვრიას დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჩ/ჭ წყალი და 5 საათი გააჩერეთ, შემდეგ 7 წუთი ადუღეთ და გააცივეთ. გაწურეთ და სვით თითო ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. კურსი 5-10 დღეა.

ანემიის დროს: თანაბარი რაოდენობის ასკილისა და მარწყვის 10 გ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გააგრილეთ, კარგად გაწურეთ. ნაყენს დაამატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. სვით 1/4-1/2 ჩ/კ ნაყენი დღეში 2-ჯერ.