დაეხმარეთ ნაწლავებს - კვირის პალიტრა

დაეხმარეთ ნაწლავებს

ნაწლავების მნიშვნელოვანი ფუნქციაა, საკვებიდან ამოიღოს ორგანიზმისთვის სასარგებლო ყველა ნივთიერება. გამომუშავებული ფერმენტების საშუალებით წვრილი ნაწლავები ითვისებს ცილებს, ცხიმს, ნახშირწყლებს, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს.გარდა ამისა, გადამუშავებულ საკვებთან ერთად ნაწლავებში აღწევს ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები, ვირუსები, რომლებისგანაც ორგანიზმს იცავს მსხვილ ნაწლავში არსებული სასარგებლო ბაქტერიები.

ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა ბალანსირებული ეკოსისტემაა, რომელიც შეიცავს 500-ზე მეტ ბაქტერიას.

ნაწლავებში ყალიბდება არასპეციფიკური იმუნიტეტიც, რომელიც გიცავთ ინფექციებისგან. მსხვილ ნაწლავში სინთეზირდება B ჯგუფის ვიტამინები, იმუნოგლობულინი და თ ლიმფოციტები (უჯრედების იმუნიტეტის საფუძველი). მაგრამ ზოგჯერ ეს შრომისმოყვარე და დაუზარელი ნაწლავები წყვეტენ ფუნქციების შესრულებას. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ნერვიულობა. იწყება მუცლის ტკივილი, შებერილობა, ხშირი დეფეკაცია, ემოციური ფაღარათი. ამ მდგომარეობას არ სჭირდება მკურნალობა (შეგიძლიათ მიიღოთ კატაბალახა და ნოშპა). არის სხვა მიზეზებიც: მწარე და ცხარე სანელებლები, საჭმელი, სალათები, გაზიანი სასმელები, საკვების, წყლისა და კლიმატის შეცვლა, ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობა, მათ შორის წამლებიც: ანტიბიოტიკი, ზოგიერთი ვიტამინი, ვირუსული დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები, ნაწლავების ინფექციები, საკვებით მოწამვლა და ა.შ.

თუ დიარეა 4 დღეზე მეტხანს გრძელდება, გაწუხებთ მუცლის ტკივილი, მკვეთრად იწევს ტემპერატურა - აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს!

სხვა უკიდურესობაა ნაწლავების პერესტალტიკის დაქვეითება (გადამუშავებული საკვების სწორი ნაწლავისკენ გადაადგილების უნარის დაქვეითება), ამ შემთხვევაში იწყება ყაბზობა. ამას იწვევს არასწორი კვება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ხილ-ბოსტნეულით ღარიბი რაციონი, კომპიუტერთან მუშაობა, და ა.შ.

ნაწლავებმა რომ შეუფერხებლად იმუშაოს, აუცილებლად საჭიროა უჯრედისები, რომელსაც შეიცავს ხილ-ბოსტნეული. გირჩევთ, მეტი იმოძრაოთ, ივარჯიშოთ, ირბინოთ, იცურაოთ. ყველაფერი ეს აუმჯობესებს ნაწლავებისთვის სისხლის მიწოდებას, რაც ხელს უწყობს პერესტალტიკას. ნებისმიერი ვარჯიშის წინ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.

არასწორმა კვებამ და სტრესებმა შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზი, რომლის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, შებერილობა, შეკრულობა, ფაღარათი. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ ნაწლავების მიკროფლორის აღმდგენ წამლებს. დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისათვის თქვენი რაციონი უნდა შეიცავდეს ხილ-ბოსტნეულს, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით გამდიდრებულ რძის პროდუქტებს.