ფრთხილად, ეს კონიუნქტივიტია - კვირის პალიტრა

ფრთხილად, ეს კონიუნქტივიტია

კონიუნქტივიტი თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჭუჭყიანმა ხელებმა, მიკრობებმა, ვირუსებმა, სოკოებმა და იმის მიხედვით, თუ რა მიზეზმა გამოიწვია კონიუნქტივიტი, ის იყოფა ვირუსულ, ბაქტერიულ და ალერგიულ კონიუნქტივიტად.თუ დაავადებას დროზე არ ვუმკურნალეთ, ის გადადის ქრონიკულ ფორმაში და უარესდება მხედველობაც.

- ვირუსული კონიუნქტივიტი აზიანებს ერთ თვალს, თან სდევს ცრემლდენა და სუსტი ჩირქოვანი გამონადენი.

- ბაქტერიული კონიუნქტივიტი აზიანებს ორივე თვალს და უხვად გამოიყოფა ჩირქოვანი გამონადენი. ორივე ფორმა გადამდებია.

- ალერგიული კონიუნქტივიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის შეიძლება გამოიწვიოს ყვავილის მტვერმა, საერთოდ მტვერმა, სუნმა. ამ დროს ქუთუთოები გაწითლებულია, იწყება ძლიერი ქავილი, წებოვანი ჩირქოვანი გამონადენი, გაძლიერებულია ცრემლდენა.

- ქრონიკული კონიუნქტივიტი ყველაზე რთული დაავადებაა. ხშირად ვითარდება მწვავე კონიუნქტივიტის არასწორი მკურნალობის შედეგად. მისი სიმპტომებია: ქავილი, წვა, თვალებში უცხო სხეულის მოხვედრის შეგრძნება, სინათლის შიში. ის შეიძლება გამოიწვიოს ავიტამინოზმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ, ცხვირის ლორწოვანას და ცრემლსადინარის ქრონიკულმა დაავადებამ.

ექიმის ვიზიტამდე, მწვავე კონიუნქტივიტის დროს, შინ თვალები დაიბანეთ მანგანუმის ძალიან მკრთალი ფერის ხსნარით. არ იმკურნალოთ თვითნებურად.

მხოლოდ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ წამლები და, შეეცადეთ, დაიცვათ მისი ყველა დანიშნულება.