გავექცეთ გაცივებას და გრიპს - კვირის პალიტრა

გავექცეთ გაცივებას და გრიპს

გრიპით ერთ დაავადებულს შეუძლია დააავადოს საშუალოდ 5 ადამიანი. ამიტომაც გვირჩევენ, მოვერიდოთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ. არსებობს გრიპის ვირუსებისგან თავის დაღწევის სხვა საშუალებებიც:

1. აიცერით! აცრილი ადამიანი 3-4-ჯერ ნაკლებადაა დაავადების რისკის ქვეშ, ვიდრე აუცრელი. ორგანიზმის სრულფასოვანი იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება 1 თვე, ამიტომ სასურველია, აიცრათ ნოემბრის ბოლომდე, სანამ გრიპი და სხვა ვირუსული დაავადებები გაჩნდება.

2. გაიკეთეთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩვეულებრივ ნიღაბი მხოლოდ 2 საათს უნდა გეკეთოთ, თუმცა, ზოგიერთი ნიღაბი 4-6 საათი ძლებს.

3. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. საშიში ბაქტერიებისა და ვირუსების 80% გადაეცემა ჭუჭყიანი ხელებით. თუ ხელთ არა გაქვთ ეს საშუალებანი, გამოიყენეთ სპირტის შემცველი მადეზინფიცირებელი გელი, სპრეი ან ხელსახოცები.

4. ხშირად მიიღეთ ცხელი აბაზანა. გრიპის ან სხვა ინფექციური ეპიდემიის დროს აბაზანის მოყვარულები ნაკლებად ავადმყოფობენ. ცხელი ორთქლი და კონტრასტული პროცედურები 10-15%-ით ზრდიან სისხლში ლეიკოციტების რაოდენობას, რომელიც სპობს მიკრობებსა და გამოიმუშავებს ბაქტერიოციდულ ნივთიერებას - ლეიკინს.

5. ხშირად გაანიავეთ ოთახი და ნივთები გაწმინდეთ სველი ჩვრით. თუ ოჯახის რომელიმე წევრი გრიპით დაავადდა, ოთახში ვირუსებმა შეიძლება იცოცხლონ 2-დან 9 საათამდე, ქაღალდზე, მუყაოსა ან ქსოვილზე - 12 საათამდე, მინის ზედაპირზე კი 10 დღემდე.

6. სვით მეტი სითხე. სითხე ებრძვის გრიპსა და გაცივებას, გამოდევნის ორგანიზმიდან ვირუსებსა და ბაქტერიებს. მოადუღეთ გვირილის, ცაცხვის, თავშავას ან ბეგქონდარას ჩაი, დაამატეთ თაფლი და სვით დღის განმავლობაში. ამ სამკურნალო მცენარეებს აქვთ შარდმდენი, ოფლმდენი და ანთებსაწინააღმდეგო თვისება. ორგანიზმის იმუნიტეტს ასტიმულირებს და მატებს ვირუსებთან შებრძოლების უნარს ჩ ვიტამინიანი შტოშის ან მოცვის ნაყენები, ასკილის ნახარში.

7. რაციონში ჩართეთ ჩ ვიტამინით მდიდარი ციტრუსები. ციტრუსი აძლიერებს ორგანიზმს, უმკლავდება ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.

8. ვირუსების საწინააღმდეგო ერთ-ერთი  ძლიერი საშუალებაა ნიორი, ფიტონციდები, რომელსაც ნიორი გამოყოფს, ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსებს, შეაღწიონ უჯრედებში და გამრავლდნენ. 2 თავი ნივრის წვენს დაამატეთ თაფლი, რძე და დღის განმავლობაში მიიღეთ წვეთობით. ღამით საწოლთან დაიდგით ნივრიანი თეფში.

9. ყველა მიკროორგანიზმი, ალერგენი და მტვრის 80% იყრის თავს ცხვირში, რათა არ გამრავლდეს და არ შეაღწიოს ხახაში, ხშირად გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ, განსაკუთრებით ეპიდემიის დროს. ცხვირის გამოსარეცხად 1 ჩ/კ მარილი გახსენით 1ჩ/ჭ თბილ წყალში.

10. მოსპეთ ინფექციის კერა. ყველა თქვენი მცდელობა, თავი დააღწიოთ გრიპსა და ინფექციებს, უაზრობაა, თუ ორგანიზმში არის ქრონიკული ინფექციების კერა, ეს შეიძლება იყოს ქრონიკული ჰაიმორიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, კარიესული კბილები, თქვენ ხშირად ცივდებით, ეპიდემიის დროს მიმართეთ ექიმს და მისი რეცეპტით ესტუმრეთ აფთიაქს.