ძალადობა ბავშვებზე - კვირის პალიტრა

ძალადობა ბავშვებზე

2007 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ბავშვების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფორმებს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად გვხვდება ემოციური, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა - 59%.სხვა მაჩვენებლები ასეთია: ფიზიკური ძალადობა - 54%; სექსუალური ძალადობა - 8%. ხშირად მშობლები ვერც ვაცნობიერებთ, ისე ვხდებით მოძალადეები. უმნიშვნელო დასჯა - ყურის აწევა, კუთხეში დაყენება, ჩქმეტა, მანიპულირება იმისათვის, რომ ბავშვს გავაკეთებინოთ რაც გვინდა - ძალადობად არ მიგვაჩნია.

პედიატრების უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვზე ძალადობა დაუშვებელია. მათი მონაცემებით, ბავშვებს, ძირითადად, მამები სცემენ, დედები - იშვიათად. ძალადობის ფაქტების გამო ექიმები ხშირად იძულებული არიან, პოლიციას მიმართონ.

მთელ მსოფლიოში მოძალადე მშობლებს ბავშვს ართმევენ და მეურვეს გადასცემენ. ხშირად ამას მეზობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ. საქართველოში მეზობელი, რომელსაც ესმის, თუ როგორ სცემს დედა საკუთარ შვილს და ხშირად  სერიოზულ ზიანს აყენებს მას, არ მიმართავს შესაბამის სამსახურს, რადგან მიიჩნევს, რომ ბავშვი ღირსი იყო (ასეთები, ძირითადად, თავადაც არიან მოძალადეები), ან უბრალოდ, არ სურს, მეზობელთან ურთიერთობა გაიფუჭოს; ზოგსაც მიაჩნია, რომ ეს მისი საქმე არ არის.  საზოგადოების ნაწილის აზრით, ბავშვი ცემის გარეშე პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება.

სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით, რა გამოუსწორებელ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც მშობლებს შვილის ცემასა და მისი ფსიქიკის დამახინჯებაში ხელს ვუწყობთ; ვერც იმას ვაცნობიერებთ, რომ ამით უნებურად ჩვენც მოძალადეები ვხდებით და  მოგვიანებით გაოცებულნი ვეკითხებით ერთმანეთს: რატომ არის ბავშვი ასეთი აგრესიული? მიზეზი ჩვენ ვართ - სწორედ ჩვენ დავეხმარეთ მოძალადე მშობლებს, მათი პიროვნული თვისებები დაეთრგუნათ, მათთვის ფსიქიკა შეერყიათ. მოძალადე მომავალი თაობა კი საშიშია საზოგადოებისთვის.

ამ თემასთან დაკავშირებით გავესაუბრე ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ფსიქოლოგ ელენე სამუშიას.

- სამწუხაროდ, ბავშვებზე ძალადობის ფაქტი უამრავია.  შეიძლება ბავშვს არ სცემდნენ, მაგრამ როდესაც დედ-მამის ურთიერთობაში თავს იჩენს ძალადობა, ბავშვი უნებურად გამოდის მსხვერპლი. სამწუხაროდ,  მშობლები ამაზე არ ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ თუ შვილს ფიზიკურად არ უსწორდებიან, ის არ დაზარალდება.

ერთხელ  ჩვენთან დედამ მოიყვანა 9 წლის გოგონა, რომელსაც თვითმკვლელობის სურვილი ჰქონდა. ის ფიქრობდა, დაესრულებინა სიცოცხლე, მაგრამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს, ამასთან, ეშინოდა კიდეც.  ამის მიზეზი გახლდათ ოჯახური კონფლიქტი. ქმარი ბავშვების თანდასწრებით სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. ქალი ბავშვებთან ერთად ოჯახიდან წამოვიდა, მაგრამ მამა სხვადასხვა ხერხით იტაცებდა ბავშვებს და პატრულის ჩარევის შედეგად აბრუნებდა. ასე გრძელდებოდა ერთი წელი და ამან გოგონას ფსიქიკა შეარყია. ასეთი ბავშვები ხშირად აგრესიულები ან პირიქით, პასიურები ხდებიან, უჭირთ სწავლა, ვერ ახდენენ კონცენტრაციას, უჭირთ დაძინება, არ გამოსდით თანატოლებთან ურთიერთობა. ჩვენი ჩარევის შემდეგ  გოგონა დამშვიდდა, გაუჩნდა საკუთარი თავის რწმენა...

გვქონდა შემთხვევა, როცა მთელი ოჯახი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული მამის ძალადობის მსხვერპლი - კაცი სცემდა მეუღლეს, 13 წლის ბიჭს და 7 წლის გოგონას.  ბიჭი აღარ დადიოდა სკოლაში, რადგან რცხვენოდა თანაკლასელების, ჰქონდა აგრესია მამის მიმართ და ამბობდა, რომ აუცილებლად მოკლავდა მას, როცა გაიზრდებოდა. მან სამი წელი იარა  ჩვენთან. დავეხმარეთ, რომ სხვა სკოლაში გაეგრძელებინა სწავლა, გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და ამჟამად თავად  იცავს მამისაგან დედას და დას.

გვქონდა შემთხვევა, როცა 14 წლის გოგონა გახდა მამის ძალადობის მსხვერპლი. მათი ურთიერთობა ერთი  წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გოგონა დაორსულდა. ჩვილი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს - მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა; მამა დაპატიმრებულია, გოგონა კი ჩვენთან, თავშესაფარში ცხოვრობს, რადგან დედამ, რომელიც მომხდარში მას ადანაშაულებდა და მეუღლეს ამართლებდა, უარი თქვა საკუთარ შვილზე.

- ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ შვილებისადმი ძალადობას იჩენენ. რას ურჩევთ მათ?

- აღზრდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყველაზე ეფექტურად ითვლება ავტორიტარული სტილი, რომელიც სავალდებულო წესებისა და ქცევის ნორმების შემუშავებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მშობელს დადგენილი უნდა ჰქონდეს კულტურის, ეტიკეტის, ზნეობის შესატყვისი   ნორმები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ბავშვს რაღაცები უნდა ავუკრძალოთ, მაგრამ არ უნდა მივმართოთ ტრადიციული დასჯის ფორმებს, არ გამოვიყენოთ მათთან ურთიერთობაში უწმაწური და დამამცირებელი სიტყვები. ამავე დროს, ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად მიიღონ  გადაწყვეტილებები, თავად აირჩიონ, რისი გაკეთება სურთ.

დედა შეიძლება არ სცემდეს ბავშვს, მაგრამ სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდეს მასზე. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა დედას ეშინოდა, ბავშვი მეუღლეს არ წაერთმია და მას, ფაქტობრივად, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. შედეგად ბავშვს ეშინოდა მარტო გარეთ გასვლის, ჩაიკეტა თავის თავში, გახდა აგრესიული როგორც დედის, ასევე სკოლის მეგობრების მიმართ. იგი სამი წელი დადიოდა  ჩვენთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარეთ, რადგან დედას ვერ შევაცვლევინეთ სტრატეგია.

პედიატრები თვლიან, რომ ძალადობისაგან ბავშვების დასაცავად  მშობლებმა ოჯახში  სათანადო პირობები უნდა შექმნან. მშვიდ გარემოში გაზრდილი ბავშვი არასოდეს გახდება მოძალადე.

რჩევები მშობლებს:

მოუსმინეთ მათ;

სთხოვეთ, მოგიყვნენ საკუთარ თავზე;

ითამაშეთ მათთან ერთად;

აგრძნობინეთ, რომ დაცულნი არიან თქვენ გვერდით;

უპასუხეთ მათ შეკითხვებს;

მოიხადეთ ბოდიში, როდესაც შეცდომას დაუშვებთ;

შეასრულეთ მიცემული პირობა;

სთხოვეთ მათ დახმარება;

ხშირად შეაქეთ და წაახალისეთ ისინი;

დაეხმარეთ, ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე.

სალომე სანიკიძე