ვიტამინები ნაჭუჭში - კვირის პალიტრა

ვიტამინები ნაჭუჭში

კაკალი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ბუნებრივი სასარგებლო ელემენტებით. ყველა სახის კაკალი გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველდღიურ მენიუში,

რადგან ის შეიცავს თითქმის იმდენ ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინომჟავას, რამდენსაც ხილი. ამასთან, კაკლის ნაჭუჭი ბუნებრივი "სკივრია", რომელიც დიდხანს ინახავს ამ სასარგებლო ნივთიერებებს.

კაკლეულთაგან ყველაზე სასარგებლოა ნიგოზი, რომელსაც ოდითგან იყენებენ თავის ტკივილის დასაამებლად. ის მდიდარია  A,  B1, B2, E, PP, ჩ ვიტამინებით, კობალტით, რკინით, თუთიით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, იოდით და რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად. ჩ  ვიტამინი ნიგოზში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში.

კედრის კაკალი ლეციტინის წყაროა, ებრძვის დაღლილობასა და სტრესს. ის უხვად შეიცავს ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს, ცილას (24%), ამინომჟავებს: ლიზინს, მეთიონინს და თრიპთოდანს, ურომლისოდაც არ გამომუშავდება "ბედნიერების ჰორმონი" - სეროტონინი.

თხილი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით ტოლს არ უდებს კაკალს. E ვიტამინის მეშვეობით ხელს უწყობს კუნთების ქსოვილის გამაგრებას და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისება ახასიათებს ნუშსაც, რომელიც შეიცავს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელ ელემენტს - კალციუმს.

არაქისი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. მდიდარია A, D, C, E, K, B1, B2 და  PP ვიტამინებით, ამიტომაც ის ჩვენი რაციონის შეუცვლელი პროდუქტია. რეგულარულად არაქისის მიღება აუმჯობესებს ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას, მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას. არაქისი ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროა. მისი ყოველდღიური მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ერთი კია, არაქისი ალერგიას იწვევს.

დიეტოლოგები გვირჩევენ: კაკალი მივიღოთ ზომიერად, დღეში 50 გ (კარგად დავღეჭოთ), უმჯობესია დანაყილი ნიგვზით შევანელოთ სალათები, დესერტები, რაც აამაღლებს მის სასარგებლო თვისებებს.

გთავაზობთ რეცეპტებს:

1. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის დანაყილი ნიგოზი, დაქუცმაცებული ლეღვი და თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი უზმოზე, როგორც ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი საშუალება.

2. 100 გ ნუშს თანდათანობით დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. მოაცილეთ კანი, დანაყეთ, გაწურეთ და ლოსიონის ნაცვლად იხმარეთ კანის გასაწმენდად.

3. თუ ფეხები გიოფლიანდებათ, 2 ს/კ დაქუცმაცებულ კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ ფეხების აბაზანა.