სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე... - კვირის პალიტრა

სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე...

ძველი ბერძნები ასთმას უწოდებდნენ სულის ხუთვას, ხოლო შემდეგ, რამდენადაც სულის შეგუბება, ხუთვა შეიძლება გამოეწვია სხვადასხვა მიზეზს, ეპითეტები დაზუსტდა. ბრონქიალური შეტევის დროს იწყება ბრონქების სპაზმები, რასაც მოსდევს მათი შეკუმშვა, კედლების შეშუპება, შიგნით გარსი კი იფარება ლორწოთი. ყველაფერი ეს ხელს უშლის ფილტვებში ჰაერის თავისუფლად შეღწევას და გამოსვლას.

ბრონქების რეაქცია არასასურველ ფაქტორებზე (გამონაბოლქვი, სუნები,ზოგადად მტვერი, ყვავილის მტვერი, ცივი ჰაერი და სხვა აეროალერგენები) ეხმარება ფილტვებსა და საერთოდ ორგანიზმს, დაიცვას თავი მათგან.

ზოგიერთს ეს რეაქცია ძალიან მწვავედ აქვს გამოხატული. ყალიბდება ე.წ. ჰიპერაქტიური ბრონქები, რის შედეგედაც ირღვევა ფილტვებში ჰაერის მოხვედრის პროცესი, ძნელდება ამოსუნთქვა, ფილტვები იბერება, გულმკერდი დაჭიმულია, გული შევიწროებულია და უჭირს სისხლის გატარება, ავადმყოფს უჭირს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ასეთია ასთმის შეტევის კლასიკური სურათი.

სხვათა შორის, ამის განცდამ შეიძლება ყველას მოუწიოს, მაგალითად, თუ მოხვდებით ახალშეღებილ ბინაში; ხუთვა შეიძლება გამოიწვიოს ქალაქისთვის დამახასიათებელმა, გამონაბოლქვმა, მცენარეებმა (ტყეში, ბინაში), ან სიგარეტის ბოლმა. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ის ადგილი, ან აიფაროთ სველი პირსახოცი, გაიკეთოთ ნიღაბი.

ასთმა ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვით შეიძლება დაივიწყოთ ასთმის შეტევები. თუ შეტევა დაგეწყოთ, მთავარია, არ აფორიაქდეთ, სწრაფად გამოიყენეთ ინჰალატორი და დაიცავით შემდეგი წესები:

...არ დარჩეთ საწოლში, ადექით ან წამოჯექით, ზურგს უკან დაიწყეთ რამდენიმე ბალიში, გულმკერდი გაიშლება და სუნთქვა გაგიადვილდებათ.

...სუნთქვის აღსადგენად შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები, გაიმეორეთ ნელ ტემპში (მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია გაიმეოროთ 10-15-ჯერ). დაჯექით, გაიმართეთ, ხელები დაიწყვეთ მუცელზე, ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ხელებით უნდა იგრძნოთ, რომ მუცელი ბურთივით იბერება, ამ დროს გულმკერდი უმოძრაოდ არის, ტუჩები მილისებურად მოკუმეთ და პირით ნელა ამოისუნთქეთ - უნდა იგრძნოთ, მუცელი როგორ პატარავდება. დალიეთ პატარა ყლუპობით თბილი ჩაი ან რძე.

ვარჯიშმა, ბრონქების გამაფართოებელმა ინჰალაციამ, რომელმაც 15 წუთის შემდეგ მდგომარეობა უნდა შეგიმსუბუქოთ, ასთმის საწინააღმდეგო წამლებმა (აბები) თუ 1 საათის განმავლობაში შედეგი არ გამოიღო - სულის ხუთვა იმდენად ძლიერდება, რომ გიჭირთ ლაპარაკი, სუნთქვის დროს უსტვენთ, შეგამცივნათ და გაოფლიანდით, გიჭირთ სიარული, გრძნობთ სისუსტესა და თავბრუ გეხვევათ, გამოიძახეთ ექიმი.

გირჩევთ, ექიმის მოსვლამდე აღარ შეისუნთქოთ ინჰალატორი, არ მიიღოთ ანტიჰისტამინური წამლები, არ დაიზილოთ მკერდი მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებებით (სკიპიდარით, სპირტით, ვიეტნამური ბალზამით - ე.წ. "ოქროს ვარსკვლავი" და ა.შ.),

არ გაიკეთოთ ცხელი, მდოგვიანი აბაზანები, არც თაფლიანი ინჰალაცია, არ ჭამოთ თაფლი და ის ხილ-ბოსტნეული, რომელიც იწვევს მუცლის შებერილობას, არ ჩაიწვეთოთ ცხვირში კალანჰოეს, ნივრის, ხახვისა და ჭარხლის წვენები - რადგან შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს.

დაიხსომეთ! მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის დანიშნულება, დღის რეჟიმი, მენიუ, არ დაიტვირთოთ ფიზიკურად - სანამ მდგომარეობა არ გამოგისწორდებათ, ამის შემდეგაც უნდა მიჰყვეთ ექიმის ყველა რეკომენდაციას.