დაიცავით თვალები - კვირის პალიტრა

დაიცავით თვალები

მიუხედავად იმისა, რომ თვალების ღია ნაწილებში არ არის ტემპერატურის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, თვალების დამატენიანებელი სითხე შეიცავს მარილს, რომელიც იცავს მათ დაბალი ტემპერატურის დროსაც კი გაყინვისაგან, ხოლო თვალის კაპილარებში სიცივის დროს ძლიერდება სისხლის მიწოდება, რომელიც ხელს უწყობს თვალებში სითბოს მომატებას - ისინი ზამთარში მაინც დაუცველია.

ჩვენდა გასაკვირად, ზამთარში თვალებზე ყველაზე მეტად ულტრაიისფერი სხივები მოქმედებს. ამის მიზეზია ის, რომ ზამთარში მზე უფრო დაბლაა, ვიდრე ცხელ ამინდში. მზის სხივები დიდი ძალით ეცემა თვალებს. ყინვასა და თოვლში არეკლილი მზის სხივების ბრწყინვალება სჭრის თვალის ბადურას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტი და მხედველობის დაქვეითება. ამიტომ საჭიროა თვალები ზამთარშიც დავიცვათ (განსაკუთრებით მთაში, სათხილამურო კურორტებზე) კარგი ხარისხის მზის დამცავი სათვალით. სიცივით გამოწვეული კონიუნქტივიტისთვის დამახასიათებელია ცრემლდენა, თვალების გაწითლება, ქავილი. კონიუნქტივიტის დროს ქუჩაში გამოსვლამდე თვალებსა და ცხვირში ჩაიწვეთეთ ანტიჰისტამინური წვეთები. მიიღეთ ექიმის დანიშნული ანტიალერგიული წამლებიც, საღამოს კი თვალებზე დაიდეთ თბილ ჩაიში დასველებული ტამპონები ან თვით ჩაის პაკეტები (შეიძლება შავიც და მწვანე ჩაიც).

ზამთარში გამათბობელი აშრობს ოთახში ჰაერს, რაც შეიძლება კონინუნქტივიტის მიზეზი გახდეს, ამიტომ გირჩევთ:

- ტელევიზორის ყურებისას ან კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას ხშირად დაახამხამეთ თვალები...

- თვალები და საერთოდ ორგანიზმი რომ არ გამოშრეს, მიიღეთ ბევრი სითხე (6-8 ჭიქა წყალი).

- ოთახში დაიცავით ჰაერის ნორმალური ტენი.

- ზამთარში, დღის სინათლის სიმცირის გამო, სამუშაო ადგილი კარგად გაანათეთ, საათში ერთხელ გააკეთეთ თვალების ვარჯიში, - ხშირად მიდით ფანჯარასთან, გაიხედეთ, შეხედეთ ჯერ ახლოს პატარა საგანს, შემდეგ მზერა გადაიტანეთ ფანჯრიდან შორს მდებარე საგანზე.

- მიიღეთ A, C, E ვიტამინებით (რომელიც აუცილებელია მხედველობისთვის) მდიდარი პროდუქტები: სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კვერცხის გული, კარაქი, თევზი, კივი, ჟოლო, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, კაკალი და მცენარეული ზეთი.

დაბოლოს, წელიწადში ერთხელ ესტუმრეთ ოფთალმოლოგს.