სიცივის ალერგია - კვირის პალიტრა

სიცივის ალერგია

სიცივესა და ყინვაში ზოგიერთს ეწყება სურდო, ცრემლდენა, კანზე და ტუჩზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც მეტად მტკივნეულია, როგორც კი თბილ გარემოში მოხვდება - ეს უსიამოვნებები ქრება. ექიმები მას უწოდებენ სიცივის ალერგიას.

ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. სიმპტომების მიხედვით, რომლებიც წარმოიქმნება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, განასხვავებენ სიცივის ალერგიის რამდენიმე ფორმას:

...სიცივის ჭინჭრის ციება - რამდენიმე წუთით სიცივესა და ყინვაში ყოფნაც კი საკმარისია, რომ სხეულის ღია ნაწილებზე წარმოიქმნება თეთრი ან ვარდისფერი ბუშტუკები, რომლებიც საშინელ ქავილს იწვევს. ასევე, საკმარისია ცივ შენობაში ან გარეთ ყინულივით ცივი წყლით დაიბანოთ ხელები, რომ გამონაყარი გაჩნდეს, შეჭამოთ ცივი საჭმელი, დალიოთ ცივი სასმელი, რომ ყელი და ენა შეგიშუპდეთ.

სიცივის ჭინჭრის ციება და ჩვეულებრივ სიცივეზე კანის რეაქცია ერთმანეთისგან განსხვავდება. ჯანმრთელი ადამიანის კანის სისხლძარღვები სიცივეში ვიწროვდება, სითბოში კი ფართოვდება, კანი წითლდება და იწყება ქავილი, რაც სრულიად ნორმალურია, ეს უსიამოვნება გრძელდება 20-30 წუთი და ქრება. სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციების სიმპტომები რამდენიმე დღეს გრძელდება.

...ძლიერი ყინვა და სიცივე კიდევ ერთ ალერგიულ დაავადებას იწვევს - ეს არის დერმატიტი, რომლის დროსაც ხელის მტევნებსა და ყურებზე წარმოიქმნება წითელი ქერცლიანი ლაქები, რომელიც ხასიათდება ძლიერი წვით, ქავილით და ქმნის სერიოზულ დისკომფორტს.

...მეტეოროლოგიური ჰეილიტის დროს სიცივის ზემოქმედებით ტუჩები შრება, იქერცლება და პირის კუთხეებში ჩნდება ნაპრალები.

...სიცივით გამოწვეული რინიტის დროს ქუჩაში გასვლისთანავე ადამიანს ეწყება სურდო ან პირიქით, ცხვირით ვეღარ სუნთქავს.

...სიცივით გამოწვული კონიუნქტივიტის დროს ადამიანს უშუპდება და უწითლდება ქუთუთოები, ეწყება ძლიერი ცრემლდენა, ქავილი, მომატებული აქვს სინათლისადმი მგრძნობელობა.

სიცივით გამოწვეული ალერგიის გამოვლენისთანავე მიმართეთ ალერგოლოგს, რომელიც გამოკვლევის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვათ.

იმისათვის, რომ თავი დაიზღვიოთ ამ უსიამოვნებებისგან, შეეცადეთ დაიცვათ შემდეგი წესები:

...ჩაიცვით ამინდის შესატყვისად, აუცილებლად ატარეთ ქუდი და ხელთათმანები. ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ ეხება ტანს, უნდა იყოს 100%-იანი ბამბისა, რადგან შალმა და სინთეტიკამ შეიძლება გააძლიეროს სიცივის ალერგია.

...ქუჩაში გასვლის წინ სხეულის ღია ნაწილებზე წაისვით ცხიმიანი მკვებავი კრემი (და არა დამატენიანებელი), ტუჩებზე - ჰიგიენური პომადა (უმჯობესია სპეციალური კრიოკრემი).

...არ მიიღოთ მაღალკალორიული პროდუქტი (შებოლილი, ციტრუსები, შოკოლადი, რძე, კვერცხი, ხიზილალა, ყავა, ალკოჰოლი), არომატიზატორებიანი საკვები და კონსერვები.

...ყინვიან და ცივ ამინდში არ დალიოთ ცივი სასმელი და არ ჭამოთ ნაყინი.

...გირჩევთ გაკაჟდეთ! დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი (წყლის ტემპერატურა უნდა ნელა დასწიოთ).

...დაბოლოს, სიცივის ალერგიის პროვოკატორები შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციების კერები: პიელონეფრიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტიანი კარიესი, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას და ორგანიზმს უფრო ადვილად ერევა ალერგენები.