როგორ მოვუაროთ ხერხემალს - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ხერხემალს

ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი სტრუქტურაა. მის გარეშე ადამიანი ვერც სიარულს შეძლებს, ვერც დგომას. ხერხემლის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ზურგის ტვინის დაცვა. ხერხემლის დაავადებების უმეტესობა მას შემდეგ განვითარდა, რაც ადამიანმა ორ ფეხზე სიარული დაიწყო. ხერხემლის დაავადებათა მიზეზებსა და მექანიზმებზე, ასევე - მათი მკურნალობის გზებზე გვესაუბრება აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ხერხემლის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა აზმაიფარაშვილი.

- ბატონო ზაზა, რამდენად აქტუალურია დღეს ხერხემლის დაავადებები?

- ჰიპოკრატე ამბობდა: "ხშირად ავადმყოფობ? - უმკურნალე ხერხემალს". ცხადია, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ გრიპიც ხერხემლის გამო გვემართება, მაგრამ ხერხემალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ძირითადი ღერძია. როგორც კი ადამიანი ორ ფეხზე დადგა, იმ დღიდანვე დაიწყო დისკოს დეგენერაციული დაავადებები. ეს იმის ბრალია, რომ ვერტიკალური დატვირთვა იწვევს დისკოს პრობლემებს, ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიულ ცვლილებებს, ანუ ხერხემლის დაბერებას. ამას ემატება წელის ტკივილი, ხალხში რადიკულიტს რომ ეძახიან. დისკოპათიას XXI საუკუნის დაავადებას უწოდებენ, იმიტომ, რომ ადამიანი გადავიდა ინტელექტუალურ შრომაზე, მიეჯაჭვა სკამს. თავისთავად, ჯდომა ხერხემლისთვის - წელის, გულმკერდის, კისრის სეგმენტებისთვის - კატასტროფაა. ამას ემატება ცხოვრების უმოძრაო წესი, რაც იწვევს კუნთის დასუსტებას, ამ კომბინაციას კი ხერხემლის, ზურგის ტკივილებისკენ, ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისკენ მივყავართ.

- გახშირდა თუ არა ხერხემლის დაავადებები? არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ?

- აღრიცხულია, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 98%-ს წელის ტკივილი აწუხებს.

- ვისი კომპეტენციაა ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა?

- ხერხემალი ძვალსახსროვანი სისტემის ნაწილია და მას ორთოპედმა უნდა უმკურნალოს.

- თქვენ ახსენეთ დისკოს დეგენერაცია, რომელსაც ხალხში რადიკულიტს უწოდებენ. ამ პათოლოგიას ხშირად ნევროლოგები მკურნალობენ. ჩვენი ჟურნალის დანიშნულება ისიც არის, რომ პაციენტებს სწორი მიმართულება მივცეთ...

- ხერხემალი მხოლოდ დისკო არ არის. ჩვენ ვლაპარაკობთ ძვლოვან პათოლოგიებზე, რომლებიც ცალკე მიდგომას საჭიროებს. მსოფლიოში რამდენიმე წელიწადია არსებობს ხერხემლის ქირურგია. ხერხემლის ქირურგი არ არის არც ნეიროქირურგი და არც ორთოპედი. ეს არის სპეციალისტი, რომელიც ერთსა და იმავე დროს ნეიროქირურგიცაა და ორთოპედიც. დისკო არის სახსარი, საზღვარი ძვალსა და ხრტილს შორის. ასე რომ, დისკოს პათოლოგიას შეიძლება უმკურნალოს როგორც ნევროლოგმა, ისე ორთოპედმაც. თუ დისკოს პათოლოგიას ერთვის პარეზი, ამ შემთხვევას ერთმნიშვნელოვნად ნეიროქირურგმა უნდა უმკურნალოს. თუ დისკოს პათოლოგია უბრალო ტკივილით, ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს - მკურნალობს ორთოპედიც.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ ხერხემლის დაავადებათა გახშირება მჯდომარე ცხოვრების წესის ბრალია. კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი?

- ხერხემლის დისკოს დეგენერაციული დაავადება 16 წლიდან იწყება. გაგიკვირდებათ და, 20 წლის პაციენტის დისკო ჰისტომორფოლოგიურად განსხვავდება 16 წლის პაციენტის დისკოსგან. ხომ ვითომ ახალგაზრდები და ჯანმრთელები ვართ, არაფერს ვუჩივით, არაფერი გვაწუხებს, მაგრამ დისკომ უკვე დაიწყო დაბერება. ამ ასაკში ეს პროცესი კომპენსირებადია, რადგან ჭარბი წონა არ გვაქვს, კუნთებიც ტონუსშია, მაგრამ ასაკთან ერთად თავს იჩენს ჭარბი წონის პრობლემა, იმატებს ფიზიკური დატვირთვა, ქალები გადაიტანენ ორსულობას, ლაქტაციას... ალკოჰოლი და სიგარეტი ამ თვალსაზრისითაც უარყოფით როლს ასრულებს. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა აწვება ხერხემალს. როდესაც კუნთები გამაგრდება და დატვირთვას საკუთარ თავზე აიღებს, ხერხემალიც დაისვენებს. ხერხემლის დისკო, უხეშად რომ ვთქვათ, არაჟნის, მაწვნის ან კარაქის კონსისტენციის ნივთიერებაა, რომელიც ხერხემლის მალებს შორის არის მოთავსებული და ასრულებს ერთგვარი ამორტიზატორის როლს. რაც უფრო მეტად იტვირთება, მით უფრო მალე გამოდის მწყობრიდან; რაც უფრო მეტი სიმძიმე დააწვება, მით უფრო მალე განილევა, მალებს შორის მანძილი შემცირდება, დისკოს ფრაგმენტი მოაწვება ზურგის ტვინის მაგარ გარსს, ფესვს და სწორედ ეს არის ის, რასაც ხალხში რადიკულიტს უწოდებენ.

- რა როლს ასრულებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხერხემლის პათოლოგიების ჩამოყალიბებაში?

- ქუსლის სიმაღლის ყოველი სანტიმეტრი 8 კგ-ით ტვირთავს ხერხემალს. საქმე ის არის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის დროს სხეულის სიმძიმის ცენტრი ხერხემლიდან მოდის წინ, ნაცვლად იმისა, რომ სიმძიმე გადანაწილდეს ხერხემალზე, რაც ბუნებრივია ჩვენთვის. რატომ ჰქვია ასეთ ფეხსაცმელს საღამოსი? იმიტომ რომ ის არა ყოველდღიურად, არამედ იშვიათად უნდა ჩავიცვათ. თუმცა არც ბრტყელძირიანი, სულ მთლად უქუსლო ფეხსაცმელი ვარგა. საუკეთესო ვარიანტია 2-5 სმ სიმაღლის ქუსლი.

ლალი ჩხიკვაძე