თუთია უნივერსალური ელემენტია - კვირის პალიტრა

თუთია უნივერსალური ელემენტია

თუ ხშირად ცივდებით, გეცვლებათ გუნება-განწყობილება, გაწუხებთ ნევროზი და დათრგუნვილი ხართ, კანი ძალიან გამოშრა, შესაძლებელია ყველა ამ უსიამოვნების მიზეზი ორგანიზმში მიკროელემენტის - თუთიის ნაკლებობა იყოს. ამ ელემენტის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ცილების ნაკლებშემცველი დიეტის დაცვამ, კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა, ფარისებრი ჯირკვლებისა და ღვიძლის დარღვეულმა მუშაობამ, ქალებში - ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდმა. თუთიის ძირითადი წყაროა ზღვის პროდუქტები, ძროხისა და ინდაურის ხორცი, კვერცხის გული, მზესუმზირა და კაკალი (განსაკუთრებით კედრის), წიწიბურა, მუხუდო, კაკაო, ფორთოხალი, შვრია, ქატო, ყველი და რძის პროდუქტები.

თუთია აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში, აფერხებს მუწუკების წარმოქმნას და ალერგიულ რეაქციას, სპობს კანის სიმშრალესა და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, სწრაფად ახორცებს ჭრილობებს (ნაოპერაციებს, დამწვრობას) და შველის კანის სხვა დაავადებებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ იყენებდნენ ეგვიპტელები თუთიის მალამოს ჭრილობების სამკურნალოდ.

თუთია ასევე ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას. მისი დეფიციტის დროს თმა უფერულია, კარგავს ბრწყინვალებას, ფრჩხილები მტვრევადია, მათზე ჩნდება თეთრი ლაქები...

თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, მიიღეთ თუთიით მდიდარი პროდუქტი.

გახსოვდეთ, კოფეინი და ალკოჰოლი ხელს უწყობს თუთიის ორგანიზმიდან ძლიერად გამოყოფას.

თუთია წარმოადგენს თვალების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. ის მონაწილეობს ბადურის ბიოქიმიურ რეაქციაში, ასევე ხელს უწყობს მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინების ათვისებას, ხოლო მისი დეფიციტი იწვევს ბლეფარიტს (ქუთუთოების კედლების ანთება) და კატარაქტას (თვალის ბროლის შემღვრევა).

ეს მიკროელემენტი კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის, ინსულინის შემადგენელი ნაწილია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. სხვათა შორის, თუთიის ყოველდღიური ნორმის გაზრდით დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის მაჩვენებელი უმჯობესდება და მნიშვნელოვნად მცირდება გართულების რისკი.

თუთია, როგორც ბუნებრივი იმუნომოდულატორი, ამაღლებს იმუნიტეტს, მისი დეფიციტის დროს ფერხდება იმუნური სისტემის ყველა რგოლის მუშაობა. ეს მიკროელემენტი განსაკუთრებით შეუცვლელია ზამთარში, როდესაც ორგანიზმის დამცველი ძალები დასუსტებული და მავნე ვირუსებიც გააქტიურებულია.

თუთია, C ვიტამინის მსგავსად, ხელს უშლის ვირუსული ინფექციების განვითარებას. თუთია სჭირდება ტვინსაც, ასტიმულირებს მისი სენსორული იმპულსების მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. თუთიის დეფიციტის დროს კი უარესდება მეხსიერება, ყურადღება, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება.

თუთია აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, რადგან ის დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლასა და ტვინის კვებაზე, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისაგან, აკონტროლებს ცილების სინთეზს, რომელიც პასუხს აგებს ნერვული სისტემის სწორად მუშაობაზე, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნას.