როგორ გავხდეთ სწრაფად - კვირის პალიტრა

როგორ გავხდეთ სწრაფად

რამდენი კაციც არსებობს ამქვეყნად, იმდენსავე რჩევას მოისმენთ იმის შესახებ, როგორ გავხდეთ სწრაფად და თავიც კარგად ვიგრძნოთ. ყველა ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა.

მაწვნის დიეტა

მაწონი სასარგებლო პროდუქტია. აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ბევრ პათოლოგიურ მდგომარეობას უხდება. თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, მაწვნის დიეტა დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1800-1200 კკალ-მდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები (შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი). იზღუდება ცხიმებიც. დღიური ოდენობის ნახევარი მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს (კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი, კენკრა).

წყლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 1,5 ლიტრს. ამაში შედის 1 ლიტრი მაწონი, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს სხვა რძემჟავა სასმლით (კეფირით, იოგურთით) ან ბოსტნეულის წვენით. დანარჩენ წყალს კი საკვებიდანაც ვიღებთ. ბოსტნეული და ხილი შეიცავს 80-90% წყალს, ხორცი და თევზი - 70-80%-ს, მოხარშული ძეხვი - 60-70%-ს, პური - 30-40%-ს. მარილი უნდა მივიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა (1 ჩაის კოვზისა) დღეში. უმჯობესია, მოვაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. საკვები, სასურველია, მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.

I ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი, გახუხული პური.

მეორე საუზმე - 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი.

სადილი - ბოსტნეულის სალათა, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო.

სამხარი - 1 ჭიქა მაწონი.

ვახშამი - ყველის ნაჭერი, 1 ცალი ვაშლი.

ძილის წინ - 1 ჭიქა მაწონი ან რძე.

II ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი.

მეორე საუზმე - 1 ჭიქა ხილის წვენი.

სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

სამხარი - ხილი, უმჯობესია, ვაშლი (1 ცალი).

ვახშამი - 1 ცალი დაბრაწული სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი

ძილის წინ -1 ჭიქა მაწონი

დიეტის ხანგრძლივობაა 21 დღე.

წიწიბურას დიეტა

გასახდომი დიეტების უმრავლესობა რაციონიდან ყოველგვარ მარცვლეულს გამორიცხავს, მაგრამ ეს დიეტა სწორედ ბურღულს - წიწიბურას ეფუძნება. წიწიბურას დიეტა გათვლილია ერთ კვირაზე.

1 ჭიქა წიწიბურას ვასხამთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს. დაიმახსოვრეთ: წიწიბურა არ უნდა აადუღოთ, უბრალოდ, დაასხამთ წყალს და 12 საათით დადგამთ, რათა ჩაიორთქლოს. არ შეიძლება მარილის, შაქრის, სანელებლების, კარაქის დამატება. ასე მომზადებული წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ, თუმცა საეჭვოა, პირველ ჯერზე 10 კოვზზე მეტის შეჭმა შეძლოთ.

სასმლიდან ნებადართულია მაწონი ან ნაკლებცხიმიანი კეფირი და ნებისმიერი ოდენობის წყალი. შეგიძლიათ სვათ ყავა და ჩაიც, ოღონდ ბაცი და აუცილებლად უშაქროდ. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ძალიან ცოტა ხილი, გარდა ყურძნისა და ბანანისა. მაგალითად, დღეში 1 ცალი ვაშლი. ისაუზმეთ გაღვიძებიდან 4 საათის შემდეგ, ვახშამი კი, სასურველია, მიირთვათ არა უგვიანეს 18:00 საათისა. ერთი კვირის შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ, შემდეგ კი დიეტა გაიმეორეთ.

ღირსებები

წიწიბურა ძალიან მდიდარია მიკროელემენტებით (მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, რკინით) და ვიტამინებით (B1, B2, B6, PP, P რუტინით), უხვად შეიცავს ცილას და ძალიან მცირე ოდენობით - ნახშირწყლებს. ნახშირწყლების მიზერული შემცველობა იწვევს ცხიმების წვას, რადგან ორგანიზმს ენერგიის სხვა წყარო არ გააჩნია. ვინაიდან წიწიბურას დიეტის დროს ორგანიზმი არ იღებს მარილსა და შაქარს, მისი დაცვა ეკრძალებათ ჰიპერტონიული დაავადებისა და დიაბეტის მქონე ადამიანებს.

ბრინჯის დიეტა

თუ წონის დაკლებასთან ერთად ორგანიზმის გაწმენდაც გსურთ, ბრინჯის დიეტა ყველაზე მისაღებია.

ბრინჯი დიეტოლოგების ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქტია. მას აქვს ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების შთანთქმის უნიკალური უნარი. ბრინჯი გემრიელი და მაწიერია, ნაკლებკალორიულია, წმენდს ორგანიზმს, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.

ნანა ხუცაიძე