კვების პლუს-მინუსები - კვირის პალიტრა

კვების პლუს-მინუსები

ვეგეტარიანელთა აზრით, მათი კვების სისტემა საშუალებას იძლევა, ღრმა მოხუცებულობამდე სავსებით ჯანმრთელმა მივაღწიოთ. მაგრამ არსებობენ ამ თეორიის მოწინააღმდეგენიც, რომელთა მოსაზრებები სამეცნიერო კვლევებს ემყარება. კიევის ჯანმრთელობის ცენტრის დაკვირვებებით, ვეგეტარიანელობის დაწყებიდან 5-7 წლის შემდეგ ადამიანს მნიშვნელოვნად უქვეითდება იმუნიტეტი. მათი აზრით, ჯანმრთელობის საფუძველი არა ვეგეტარიანელობა, არამედ ზომიერი და რაციონალური კვებაა. ცხოველური ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოზრდილი ადამიანი თვითონ წყვეტს, რომელ "სისტემას" მისდიოს, მაგრამ ბავშვებისთვის ვეგეტარიანელობა დაუშვებელია - ხორცი და თევზი მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.

ცდება ისიც, ვისაც მიაჩნია, რომ ვეგეტარიანული ცხოვრების ნირი მატერიალურად დამზოგველია. სრულყოფილი არსებობისთვის მათ საკვებ რაციონში უხვად უნდა იყოს მარცვლეული, ნიგოზი, ქიშმიში, ჭერმისა და ლეღვის ჩირი, ახალი ხილი, ხოლო ეს ყველაფერი არცთუ ისე იაფია. კრიტიკას ვერ უძლებს აგრეთვე ვეგეტარიანელების ის მოსაზრებაც, რომ ადამიანი თავისი აგებულებითა და კვების სპექტრით ბალახისმჭამელია და ხორცზე მხოლოდ გამყინვარების პერიოდში გადავიდა. ეს მოსაზრება, თანამედროვე ანთროპოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

ვისაუზმოთ? არ ვისაუზმოთ?..

გავრცელებული აზრი, თითქოს გვიან საღამოს მირთმეული ვახშამი პირდაპირ ცხიმად იქცევა, საუზმე კი ნარჩენების გარეშე იწვის, სავსებით სწორი არ არის. გახსოვდეთ: ადამიანს ასუქებს ჭარბი კვება და არასაკმარისი მოძრაობა (ჰიპოდინამია) და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის მიიღო მან საკვები - დილით თუ საღამოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გვიანი ვახშამი ძილზე ცუდად მოქმედებს. ამავე დროს ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ყველამ, განსაკუთრებით კი მოზრდილებმა, ყოველდღიური რაციონი შეიძლება პირდაპირ სადილიდან დაიწყოს. შეხედულება მსუყე საუზმის აუცილებლობის შესახებ, სავარაუდოდ, სიმინდის ბურბუშელას მწარმოებლებმა დანერგეს. ამრიგად, პოპულარული გამონათქვამი: "საუზმე შენ თვითონ მიირთვი, სადილი მეგობარს უწილადე, ხოლო ვახშამი მიეცი მტერს", - სინამდვილეში ჭეშმარიტებისგან საკმაოდ შორს არის. დასავლეთ ევროპაში არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ადექი დილის 6 საათზე, ისადილე 10-ზე, ივახშმე საღამოს 6-ზე და დაწექი 10-ზე". ასე რომ, ორგანიზმს გაღვიძებისთანავე სულაც არ სჭირდება უხვი საუზმე. საკვების გადამუშავება საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია. ამ დროს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის დაახლოებით 75% კუჭისკენ მიემართება. თავად გადამუშავების პროცესი 3-4 საათს გრძელდება. გამოდის, რომ როდესაც მსუყედ წაიხემსებთ და სამსახურისკენ გაემართებით, ამით საკვების ნორმალური გადამუშავების პროცესს არღვევთ, ხოლო თქვენი სამსახურებრივი მოვალეობა განზე გრჩებათ. გაითვალისწინეთ: საუზმე უნდა გაიმარტივოთ: მიირთვით ფაფა, წვენები - ის, რასაც კუჭი ადვილად გადაამუშავებს. დილიდანვე ხორცისა და თევზის მიღება რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, მძიმე საკვები შუადღისთვის შემოინახოთ.

ნანა ხუცაიძე