სტრესის მოხსნის 8 ხერხი - კვირის პალიტრა

სტრესის მოხსნის 8 ხერხი

ვისწავლით ემოციების გაკონტროლებას, გაგვიადვილდება სიბრაზისა და გაღიზიანების მორევა. ფსიქოლოგები გვთავაზობენ სტრესების მოხსნის 9 საშუალებას:

1. დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეისვენეთ ათ-ათი წუთით. დალიეთ თერმოსში წინასწარ მომზადებული დამამშვიდებელი ჩაი: 2 ს/კ გვირილის ყვავილს, 2 ჩ/კ პიტნას ან ბარამბოს, 10 ც ასკილს დაასხით 1 ლ ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათი.

2. ჩაატარეთ მედიტაციის სეანსი - დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ, რომ ნელ-ნელა იწევთ მაღლა, ასცდით დივანს, სახლს და ბოლოს დედამიწას, პლანეტა უნდა იქცეს პატარა ბურთად. შემდეგ ასევე ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. განიტვირთებით პრობლემებისგან, შესვენებული თავით და ენერგიით დაუბრუნდებით სამუშაოს.

3. კუნთების დაძაბულობას მოგიხსნით მარტივი ვარჯიშები, რომელიც შეიძლება შეასრულოთ ფეხზეც და მჯდომარემაც.

- დაჭიმეთ ტერფები, შეკუმშეთ ფეხის თითები, რაც შეიძლება ძლიერად, შემდეგ მკვეთრად გაშალეთ ტერფები.

- დაჭიმეთ ფეხის კუნთები, შემდეგ დაუშვით ფეხები და მოადუნეთ კუნთები.

- ხელები დაუშვით ტანის გასწვრივ, ძლიერად მომუჭეთ, შემდეგ გაშალეთ მუშტები და დაიქნიეთ ხელის მტევნები.

- ხელები ხელახლა მომუჭეთ და დაატრიალეთ ჯერ საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ საპირისპიროდ.

4. თუ სამსახურიდან გაღიზიანებული და გაბრაზებული ბრუნდებით შინ, ცხელ წყალში დასველებული ხაოიანი პირსახოცი სწრაფად გაწურეთ, დაწექით დივანზე და დაიფარეთ სახეზე, 10 წუთის შემდეგ დამშვიდდებით, სიბრაზე გაგივლით.

5. როდესაც გაბრაზებული ხართ, აჩქარებით დადიხართ - დასამშვიდებლად შეეცადეთ, შეანელოთ სიარულის ტემპი, ყურადღება გადაიტანეთ თქვენს შეგრძნებებზე.

- შეიგრძენით, როგორ იღუნება და იშლება სახსრები, როგორ იძაბება და დუნდება კუნთები.

- ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას. როდესაც ჩაისუნთქავთ, გულში თქვით "ჩასუნთქვა", ამოსუნთქვისას - "ამოსუნთქვა".

6. მოუსმინეთ მუსიკას. როდესაც უგუნებოდ ხართ, ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და მოუსმინეთ. არა მარტო გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობილება, არამედ მოგეხსნებათ ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა.

7. არომათერაპია საუკეთესო საშუალებაა დაღლილობისა და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად. ლავანდისა და რეჰანის ეთეროვანი ზეთების ნარევის სურნელება სწრაფად დაგამშვიდებთ, ვანილი და დარიჩინი კი გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობილებას, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არომალამპა.

8. სასწრაფო დახმარება - შიაცუს მასაჟი ძალიან სწრაფად მოგიხსნით დაღლილობას, დაძაბულობასა და დაგამშვიდებთ. გარდა ამისა, შიაცუ ებრძვის ნაოჭებს.

- ნერვიულობთ? დახუჭეთ თვალები და საჩვენებელი თითებით გაიკეთეთ მასაჟი წარბებს ზემოთ (ცხვირის ძგიდესთან).

- საჩვენებელი თითები თვალების შიდა კუთხიდან გადაატარეთ საფეთქლებისკენ.

- სტრესის დროს საჩვენებელი თითებით გაიკეთეთ მასაჟი წარბებს შორის (წარბების დასაწყისთან ცხვირის ორივე მხარეს).