რა არის ეგზემატიდი? - კვირის პალიტრა

რა არის ეგზემატიდი?

ეგზემატიდი (ადგილობრივი ალერგიული დერმატიტი) კანზე განუსაზღვრელი საზღვრების კერებად იჩენს თავს, კანი შეწითლებულია და აქერცლილი. დაავადების მიზეზად შეიძლება გახდეს შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, ზოგიერთი ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა), დაავადება გვხვდება ნებისმიერ ასაკში.

დროული მკურნალობის შედეგად, ეგზემატიდი იოლად იკურნება. გამოიყენება ექიმის მიერ დანიშნული გლუკოკორტიკო-სტერეოიდებიანი და კომპლექსური მალამოები, რომლებიც შეიცავენ ანთებსაწინააღმდეგო კომპონენტებს ("აკრიდერმი" და "ტრიდერმი"), როდესაც გამონაყარს თან სდევს ძლიერი ქავილი, ექიმი ნიშნავს ანტიჰისტამინურ წამლებს "კლარიტინსა" და "ცეტრინს" (დღეში 1 აბი, უმჯობესია დილით, დამოუკიდებლად ჭამისა).

თუ ამ მალამოებისა და წამლების მიღებისა და დიეტის დაცვის შემდეგ გამონაყარი ისევ მეორდება და არცთუ იშვიათად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ეგზემაა, რომელსაც ქრონიკული ხასიათი აქვს.

ეგზემატიდის დროს არარეკომენდებულია თევზი, კვერცხი, რძე, ყველი, შებოლილი, ძეხვეული,M წითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, ციტრუსი, ხურმა, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტოს მწნილი, ყავა, შოკოლადი, ყურძენი, სოკო, კაკალი, კონსერვანტები და კვების საღებავები.

შეზღუდულია მარილისა და შემწვარი კერძების მიღება, რეკომენდებულია ბრინჯი, ხაჭო, უცხიმო ძროხისა და ქათმის თეთრი ხორცი (უკანო), ნედლი კიტრი, მწვანილი, ახალი კომბოსტოს სალათა, მწვანე ვაშლი, კეფირი, სუსტი ჩაი, ვაშლისა და მსხლის კომპოტი, ასკილის ნაყენი. შეგახსენებთ ასკილის ნაყენის რეცეპტს: საღამოს თერმოსში ჩაყარეთ 2 ს/კ ასკილის ნაყოფი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე. დალიეთ 0,5 ჩ/ჭ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ჰიპოალერგიული დიეტა დაიცავით 2-3 კვირა. როდესაც იგრძნობთ გაუმჯობესებას, სამ დღეში ერთხელ რაციონში გაითვალისწინეთ ერთ-ერთი აკრძალული პროდუქტი. თუ სამი დღის შემდეგ განახლდა დაავადება, მაშასადამე, ეს პროდუქტია ალერგენი. სამ დღეზე მეტად არ გააფართოოთ რაციონი, რადგან ალერგენები გროვდება ორგანიზმში.

გთავაზობთ ეგზემატიდის ფიტოთერაპიულ რეცეპტებს:

1. 2 ს/კ არყის ხის კვირტები ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი ღამე. დაზიანებული ადგილები ნაყენით გაიწმინდეთ დღეში 2-3-ჯერ.

სხვათა შორის, არყის ხის კუპრი შედის კანის დაავადებების სამკურნალო მალამოებში.

2. 2 ს/კ ქრისტესისხლას ფესვებს დაასხით 0,5 ლ წყალი, ადუღეთ 30 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და წაისვით ეგზემატიდის კერებზე.

3. ასკილის ზეთის ექსტრაქტში - კაროტოლინში (იყიდება აფთიაქში) დაასველეთ ბამბის ქსოვილი და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე დღეში 1-2-ჯერ.

4. ანტიალერგიული თვისების 2 ს/კ ორკბილას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი. მიიღეთ თბილი ნაყენი რამდენიმე ჯერზე დღის განმავლობაში.

5. 4 ს/კ ორკბილას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე, ადუღეთ 15-20 Mწუთი ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ და ნახარშით გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილები დღეში 3-ჯერ.

რეკომენდებულია ეგზემატიდის განკურნების შემდეგ ზღვის მარილის ან კატაბალახას ფესვების აბაზანები - დაახლოებით 10 პროცედურა.